ქართული სოფლები ზამთრიდან ზამთრამდე იცლება და ყოველ ახალ წელს უფრო მეტი დაცარიელებული სახლით ხვდება ქვეყანა. მიზეზი, რასაკვირველია, სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე და უპერსპექტივობაა, რაც სოფლად ბევრად მძაფრად იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მთის კანონი ამოქმედდა, სოფლის განვითარების პროგრამაც შემუშავდა და სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც მთავრობა სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს, 1 წელიწადში სოფლის მოსახლეობა მაინც 3000 ადამიანით შემცირდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, დასტურდება, რომ შიდა მიგრაცია ისევ მზარდია. 2016 წლის პირველი იანვრისთვის სოფლის მოსახლეობის რიცხვი 1.592 მლნ-ს შეადგენდა, 2017 წლის პირველი იანვრისთვის კი 1.589 მლნ იყო. ეს იმ ფონზე, როცა სახელმწიფო სოფლად მოსახლეობის დამაგრების პროგრამებში დიდ საბიუჯეტო რესურსს ხარჯავს. კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ და სოფლის განვითარების პროგრამა ინტენსიურ ფაზაშია, თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობის მიგრაციის შესაჩერებლად ეს საკმარისი არ არის.
შიგა მიგრაციის გარდა, პრობლემად რჩება და უფრო და უფრო ღრმავდება გარე მიგრაციაც. ემიგრაციაში რამდენიმე წლის წინაც კი თუ მხოლოდ ქალბატონები ან კაცები მიდიოდნენ და იქედან არჩენდნენ ოჯახებს, დღეს უკვე მთელი ოჯახით და შვილებით ტოვებენ ქვეყნის საზღვრებს. ხშირ შემთხვევაში საზღვარგარეთ ლტოლვილად ოჯახებით წასული ადამიანები რეგიონებიდან არიან.
3000 ადამიანით შემცირებული მოსახლეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როცა ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა და დედაქალაქში და სხვა დიდ ქალაქებში მცხოვრებთა ნაწილი რეგიონშია რეგისტრირებული.
უკანა ფშავის 23 სოფლიდან 11 ნასოფლარია, 12 სოფელში კი მუდმივად 37 ოჯახიღა ცხოვრობს. კიდევ უფრო რთული ვითარებაა თუშეთში, სადაც ზამთარში მხოლოდ 25 ოჯახი რჩება. ხევსურეთში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 250 ადამიანია.
ლენტეხის რაიონში, სადაც, 2014 წლის აღწერით, მხოლოდ 947 ადამიანი ცხოვრობს, მათი რიცხვი ზამთარში 500-მდე ჩამოდის. ცაგერის რაიონში კი, სადაც, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 1320 ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში 700-ს არ აღემატება მოსახლეობის რიცხვი. შედარებით უკეთესი ვითარებაა რაჭაში, მაგრამ ეს 2 რაიონული ცენტრის (ამბროლაური და ონი) დამსახურებაა, სადაც მუდმივად 3-4 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
ესპანეთის ერთ-ერთ აეროპორტში უსაფრთხოების თანამშრომელია მარიამ ჩანქსელიანი. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა, თითქმის ყოველდღიურად ხვდება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მთელი ოჯახით, შვილების თანხლებით მიდიან ევროპის ქვეყნებში ლტოლვილის სტატუსის მისაღებად.
"ქართველებთან შეხვედრა სამსახურის პროცესში უკვე ნორმად მექცა და დღეში რამდენიმე ქართველს აუცილებლად ვხვდები. გასაკვირიც არაფერია, ზოგი სამოგზაუროდ მოდის, ზოგი აქ ცხოვრობს, ზოგი - ვიზიტით და ალბათ ზოგიც იმისთვის, რომ აქ დარჩეს.
ბოლო რამდენიმე თვეა, არ შეუძლებელია, ყურადღება არ გაამახვილო, საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ოჯახებით, პატარა ბავშვებით მოდიან ბარსელონაში და აქედან ტრანსფერით ირლანდიაში მიდიან. გავარკვიე, რომ თურმე ლტოლვილად ბარდებიან. როგორც კი აეროპორტში ჩადიან, დოკუმენტებს ანადგურებენ და ირლანდიაც უკან ვეღარ აბრუნებს ამის გამო.
რა თქმა უნდა, მეც, რომელიც ლეგალურად ვარ აქ და ის ხალხიც, ვინც არალეგალურად ჩამოდის, შრომისა და ცხოვრების უკეთესი პირობების მაძიებლები ვართ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის, მაგრამ ვიცი, ლტოლვილთა ბანაკებში რა მდგომარეობაა, როგორი სიდუხჭირე და გულწრფელად ვდარდობ მათ გამო. იმის გამოც, რომ დაბრუნების ნაცვლად, მეტი ადამიანი ტოვებს სამშობლოს", - ამბობს ესპანეთის ერთ-ერთი აეროპორტის ქართველი თანამშრომელი "ბიზნეს-რეზონანსთან".
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე სოფლიდან მიგრაციის შეჩერების გზას ხელისუფლების მხრიდან სწორად გადანაწილებულ ფინანსურ და სხვა სახის რესურსში ხედავს, რათა ერთნაირად განვითარდეს ცენტრი და პერიფერიები.
"წლების განმავლობაში ასე გრძელდება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი სულ უფრო იკლებს. ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს, მაგრამ გარდა ამისა, თბილისში სინამდვილეში ბევრად მეტი ადამიანია ჩამოსახლებული, ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემში ჩანს.
მიგრაციის მიზეზი ძნელი გამოსაცნობი არ არის. ადამიანები საცხოვრებლად იქ გადადიან, სადაც ოდნავ მაინც შეუძლიათ, შეიქმნან უკეთესი პირობები. როდესაც სოფლის მეურნეობაში არ იქმნება დოვლათი, რომელიც დააკმაყოფილებს ადამიანების მოთხოვნილებას, თავისთავად ცხადია, ისინი ქალაქში გადაინაცვლებენ. ამას ემატება უცხოეთში ემიგრაციის სავალალო მაჩვენებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
თუკი ჩვენ დავაკვირდებით ქვეყანაში წარმოების მასშტაბებს, აღმოვაჩენთ, რომ ძირითადად თბილისში იწარმოება და იქმნება პროდუქცია, რაც ნიშნავს, რომ სამუშაო ძალის დიდი ნაწილი დედაქალაქშია თავმოყრილი.
ხელისუფლებამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მაქსიმალურად უნდა გაანაწილოს რესურსები ცენტრსა და რეგიონებს შორის. მე მხედველობაში მაქვს ინვესტიციები, გრანტები და საბიუჯეტო სახსრები, რაც არა სოციალური ტიპის პროექტებში, არამედ რეალური სექტორის გასაძლიერებლად უნდა იხარჯებოდეს. გარდა იმისა, რომ თბილისი ურბანულად გახდა თავკომბალა, ეკონომიკური კუთხითაც ზუსტად ასეა", - განუცხადა ავთო სილაგაძემ "ბიზნეს-რეზონანსს".