ლარმა ყველაზე კრიზისული შემოდგომის პერიოდი უკვე გადალახა და გამყარება დაიწყო. ბოლო ორი თვის მაქსიმალურ ნიშნულთან შედარებით, დღეს ლარი 11 პუნქტით დაბალია. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გამყარება გაზაფხულის დასაწყისამდე გასტანს და საშუალო კურსი 2.60 იქნება.
ბოლო წლების განმავლობაში ლარისათვის განსაკუთრებით კრიზისული პერიოდი შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი იყო, მიმდინარე წელს კი გაუფასურება აგვისტოდან დაიწყო. მიზეზად რუსეთსა და თურქეთში განვითარებული მოვლენები და სავალუტო კრიზისი დასახელდა ოფიციალური პირების მიერ. ეროვნულმა ვალუტამ, როგორც მოსალოდნელი იყო, 20 დეკემბრის მოახლოებასთან ერთად გამყარება დაიწყო.
კომპანია "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია კურსის გამყარებას 2.60-მდე ვარაუდობს. მისი აზრით, ნიშნული უფრო დაბლა აღარ ჩამოვა, ხოლო ეს ტენდენცია გაზაფხულის დასაწყისამდე გაგრძელდება.
"როგორც ვამბობდით, 20 დეკემბრის მოახლოებასთან ერთად დაიწყო ლარის დასტაბილურებაც. ვფიქრობ, ეს უნდა გაგრძელდეს იანვრის ბოლომდე და კურსი 2.60-ის ფარგლებში იტრიალებს. ამ ზღვრიდან მაქსიმალური ცდომილება არის 3 პუნქტი. 2.60-იან ნიშნულს ლარი დაახლოებით 10 იანვრისათვის მიაღწევს.
უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი ალბათ ყველასათვის ნათელია, რომ ლარი 2.45-მდე აღარ ჩამოვა, იგი დარჩება 2.60-2.70-ის ფარგლებში. რა თქმა უნდა, არსებობს გაუთვალისწინებელი გარე და შიგა ფაქტორებიც, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ყველა ობიექტურ ფაქტორზე დაკვირვების შედეგად ეს მოლოდინი არსებობს", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ნიკა შენგელია.
ანალიტიკოსი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რამაც შემოდგომაზე ლარის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია.
"ლარის კურსთან დაკავშირებით ექვსი თვის წინ გვქონდა პროგნოზი, რომ იგი 2.80-იან ნიშნულს მიაღწევდა, თუმცა მაშინ ეს წარმოუდგენლად მიაჩნდათ და გადაჭარბებული ეგონათ. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ლარის კურსი დაეცა.
ეროვნულ ვალუტაზე ძლიერად მოქმედებს ექსპორტ-იმპორტს შორის დიდი სხვაობა, უარყოფითი საგადასახდელო ბალანსი, ემიგრანტებისგან წამოსული უცხოური სავალუტო ნაკადები, აქედან წასული დანახარჯი, საგარეო და საშინაო ფაქტორი, ტურისტული სეზონი, ბიუჯეტის შესრულება და ა.შ. უნდა ითქვას ისიც, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ქვეყანაში ნორმაშია. ვერ ვიტყვით, რომ მთავრობა ბიუჯეტს ვერ ასრულებს", - აცხადებს შენგელია.
პროგნოზი უჭირს ეკონომიკის ანალიტიკოს ვაჟა კაპანაძეს. იგი მიიჩნევს, რომ ქართული ვალუტა მთლიანად ადამიანურ ფაქტორებსა და გარკვეული ჯგუფის სარგებლის მიღებაზეა დამოკიდებული. ეროვნული ვალუტა არ ექვემდებარება არავითარ ობიექტურ კანონზომიერებას.
"ნამდვილად მისასალმებელია, როცა ლარი სტაბილურობის გზას ადგას, მაგრამ როდემდე გაგრძელდება, რა ტემპით სანამდე ჩამოვა ან უცებ შეიცვლება თუ არა, ამაზე ეკონომისტებს კი არა, ნათელმხილველებს უნდა ვკითხოთ შეფასება და ანალიზი. ეს არ ექვემდებარება ექსპერტულ გათვლებს და ფუნდამენტურ ფაქტორებს. პროცესით სარგებელი რომ მიიღონ გარკვეულმა პირებმა, ამისთვის ლარი ხან უნდა გამყარდეს და ხან უნდა გაუფასურდეს, სწორედ ეს ხდება. სტაბილურობიდან სარგებელს ვერ იღებენ, ამიტომაც მთლიანდ ადამიანურ ფაქტორებზეა დღეს დამოკიდებული ეროვნული ვალუტის ბედი.
რა თქმა უნდა, დიდია კომერციული ბანკების როლი, რომლებიც ყველა გაუფასურების დროს საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობენ. მათი მოგება მხოლოდ კურსთა შორის ბალანსურად მიღებული თანხითაც კი დიდია. მათ ვალდებულებები ძირითადად აქვთ დოლარში, ბალანსები კი ლარში კეთდება. ასე რომ, ის არარეზიდენტი პირები, ვისაც ბალანსზე უდევთ თანხები და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, ჯერ აგროვებენ და შემდეგ კონვერტაციას აკეთებენ, ეს უკვე ყველამ ვიცით", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" კაპანაძე.
ეროვნული ბანკის ქცევაც იწვევს ეჭვს, რომელიც მომენტალურად იღებს ბაზრიდან დოლარს, როგორც კი ლარი გამყარების გზას ადგება.
"ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი მაინც ეროვნული ბანკის ქცევას უკავშირდება. პერმანენტული გაუფასურების შემდეგ გამყარება დაიწყო თუ არა, მან მომენტალურად შეისყიდა დოლარი. ეს ხდება მუდმივად და არ აძლევს უფლებას ლარს, რომ დასტაბილურდეს.
აშკარაა, წლების განმავლობაში კურსის გაუფასურების მთავარი ფაქტორი არ იყო ეკონომიკა. საგადასახდელო ბალანსის არც ერთ პუნქტში ჩვენ არ გვქონდა შედეგი, რომელსაც ლარის ასეთი გაუფასურება უნდა გამოეწვია. ამას ვამბობდი და ვამბობ დღესაც სრული პასუხისმგებლობით. ამიტომ მიმაჩნია, რომ ლარის მეტად გამყარება, ვიდრე ის დღესაა, მხოლოდ კეთილი ნებითაა შესაძლებელი, ყოველგვარი გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის გარეშე, რასაც, რა თქმა უნდა, თუ განახორციელებენ, ძალიან კარგი იქნება, რაზეც მომავალი პრემიერი საუბრობს", - აღნიშნა ვაჟა კაპანაძემ.