"ნაციონალურ მოძრაობას" კანონის ფარგლებში უფლება აქვს, დაიწყო აქციები, თუმცა ისინი ერთ რამეს ვერ ხვდებიან, რაც უფრო გააგრძელებენ ამ აქციებს, "ქართული ოცნების" მომხრეები გაცილებით უფრო კონსოლიდირებულები იქნებიან. თუ ესენი ასე გააგრძელებენ, ბუნებრივია, რომ უფრო კონსოლიდირებული იქნება ის ხალხი, ვინც ჩვენი გულმხურვალე მომხრე შეიძლება არ იყოს, თუმცა არიან "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეები," - ამბობს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია "რეზონანსთან" საუბრისას.
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" დღეიდან პერმანენტულ აქციებს იწყებს, რომელიც კანონის სრული დაცვით განხორციელდება, ამის შესახებ "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გაერთიანებული ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით, ხელისუფლება კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდეს, მოვითხოვთ კომისიაში ყველა იმ პირის დასჯას, ვინც ბღუჯა-ბღუჯა ჩაყარა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენები.
"კატეგორიულად მოვითხოვთ იმ პირის დასჯას, ვინც სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი; კატეგორიულად მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დასჯას, ვინც გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეებს თავს დაესხა; კატეგორიულად მოვითხოვთ იმ ვითომდა პოლიციელების დასჯას, რომელთაც ამ სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელობა ჰქონდათ ჩაბარებული.
"ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, რომლებიც არ შეწყდება არც ერთი დღე. ის კრიმინალური შედეგები, რითიც ამ ხელისუფლებამ მართა ეს ქვეყანა, დასრულდა გუშინ. ეს აქციები იქნება მშვიდობიანი, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში," - განაცხადა გუშინ გრიგოლ ვაშაძემ.
ნუკრი ქანთარიამ გუშინწინდელი დღე გაიხსენა და დასძინა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის დაანონსებულ აქციას არ ექნება შესაბამისი მუხტი და მასშტაბურ სახეს არ მიიღებს.
"ისინი ამით, ფაქტობრივად, ხელს შეუწყობენ მთლიან კონსოლოდაციას, რაც ალბათ უნდა გაითვალისწინონ. ასევე, ისინი არ უნდა გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რაც მათ გუშინ მოინდომეს და მეტ-ნაკლებად შეძლეს, რომ უნდოდათ, რამდენიმე საავადმყოფოში მოხვედრილიყო და შემდეგ გარკვეული მუხტიც აეწიათ.
"დარწმუნებული ვარ, ეს აქციები მასშტაბურ სახეს ვერ მიიღებს. იმ დიდი აქციების მოლოდინი არ მაქვს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ქვეყნას და ამ ხელისუფლებას. არანაირი რევოლუციური ამინდი არ არის, რასაც მათი ხელმძღვანელი თუ ბელადი უკიჟინებს ამსტერდამიდან," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.