ია აბულაშვილი
18.12.2018

 „ოპოზიციას გეგმები ყოველდღიურ რეჟიმში ეცვლება. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასავლურ სამყაროს ვაცნობოთ, რომ სწრაფი და მყისიერი რეაქცია იყოს მათი მხრიდან“, - აცხადებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

კულუარული ინფორმაციით, გაერითანული ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი აქტიურ პოლიტიკურ დაუმორჩილებლობას ერიდება და რადიკალურ ქმედებებს მაინდამაინც არ იზიარებს.

როგორ შეიძლება განვითარედეს მოვლენები ოპოზიციის შიგნით? პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს სწორ სტრატეგიაზე და იმაზე, რომ რადიკალური ქმედებებით უფრო მეტს კარგავს.

„პოლიტიკოსები პროცესების განვითარებას ცოტა წინ უსწრებენ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომ ოპოზიცია უნდა დაელოდოს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. მართალია, მათ მიიღეს მხარდაჭერა, მაგრამ საზოგადოება დღეს მზად არ არის რადიკალური ქმედებებისთვის.

„ამის მაგალითია ის აქციები, რომელიც მათ გამართეს. ფილარმონიას არ ვგულისხმობ, ფილარმონიის შემდეგ ფაქტიურად „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო დარჩა, მას არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა აღარ შეუერთდა. ამიტომ, ბოლო ორი აქცია, რომელიც „ნაციონალების“ ორგანიზებით ჩატარდა, ნამდვილად არ იყო მასშტაბური.

„თელავში ინაუგურაციის პარალელურად აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ოპოზიციას უფრო ხელისუფლებსთან ძიძგილაობა აწყობდა, ვიდრე რეალურად აქციის ჩატარება, რადგან, როდესაც აქციას გეგმავ, წინასწარ უნდა იცოდე, რა წინააღმდეგობები შეგხვდება და როგორ გადალახო.

„ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალური ქმედებებით ბევრს კარგავს. თავისთვის მაინც გაანალიზონ, რომ რადიკალური ქმედებების დრო ამ ეტაპზე არ არის.

„სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ მეთოდურად მიყვნენ პროცესს, შეთანხმდნენ და გამოაცხადონ სწორი სტრატეგია. ჩემი რჩევაა, გამოვიდეს მიხეილ სააკაშვილი და თქვას, რომ ახლა ეს სტრატეგია გვაქვს და ასე უნდა ვიმოქმედოთო. ამით არც მწვადს დაწვავენ და არც შამფურს. არც ლიდერს დაკარგავენ და არც მხარდამჭერებს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×