თავგატეხილი პროკურორი და ფიზიკური დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში
ელზა პაპოშვილი
18.12.2018

 ბუტა რობაქიძის საქმეზე შესაძლოა ახალი ბრალი კიდევ სხვა ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს წარედგინოს. რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საქმის ირგვლივ ახალი გარემოებები გამოიკვეთოს და გამოძიება მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრით ირაკლი ოქრუაშვილითაც დაინტერესდეს. 

მეტრეველი ასევე შს მინისტრ გიორგიგახარიას მიმართავს და ითხოვს, რომ მისი შვილის მკვლელობის კადრებში რომელი  პატრულის თანამშრომლებიც ჩანან, სამსახურიდან გათავისუფლოს. მისი თქმით, ეს პოლიციელები დღემდე ტყუილს ამბობენ და არ ყვებიან რეალურად იქ რა მოხდა. 

5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ კი განაჩენი გამოაცხადა. საქმეში ბარლდებული შსს-ს ხუთივე ყოფილი  მაღალჩინოსანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო, რასაც დარბაზში დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. 

დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა სანთებელა ისროლა, რომელიც საქმის პროკურორ დავით მეფარიძეს თავში მოხვდა. მან ამის გამო სახის არეში დაზიანება მიიღო და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება იქნა გამოძახებული.  

ამასთან, ერთ-ერთ ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც სასამართლომ სხვა პირების მსგავსად დამნაშავედ ცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, სხვა დაკავებულების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა ბუტა რობაქიძის მშობლებსაც მიაყენეს. 

ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ პროკურატურამ კარგად იმუშავა და სასჯელის უმაღლესი ზომა განუსაზღვრა ბრალდებულებს.

მოსამართლის საბოლოო განაჩენი ასეთია: 

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით;

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით;

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა;

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ამასთან, ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთია აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

„მე მოვინანიე ჩემი დანაშაული“, - განაცხადა განაჩენის გამოცხადების შემდეგ დარბაიზიდან გამოსულმა ბაქრაძემ. 

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი აცხადებს, რომ სასამართლო დარბაზში მას შეურაცხყოფა ირინა ცააძემ  და მათმა  მომხრეებმა მიაყენეს.  მეტრეველი ამბობს, რომ ის მათთვის განსაკუთრებულ მტერს წარმოადგენს, რადგანაც 15 წელია მათ წინააღმდეგ იბრძვის. 

მეტრეველის თქმით, ის წლების განმავლობაში მოსამართლე დავით მგელაშვილის ქმედებით უკმაყოფილი იყო, თუმცა მან მაინც სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. 

„მთავარი დამნაშავე სააკაშვილია, რომელმაც ეს სისტემა შექმნა. ასევე დაწყებულია სხვა მაღალჩინოსნებზე ინტენსიური გამოძიება, რომლებმაც ამ საქმის გაყალბებაში დიდი როლი შეასრულეს. მე ყველა იმ პატრულის პასუხსიმგებლობის საკითხს დავაყენებ, რომლებიც კადრებში კარგად ჩანან. ისინი სასამართლოზე არასდროს სიმართლეს არ ამბობდნენ. მოვითხოვ და მივმართავ გახარიას, რომ ეს პოლიციელები  გაათავისუფლოს.

„პირველ რიგში მადლობა იმ ახალგაზრდა პროკურორების ჯგუფს მინდა გადავუხადო, რომლებმაც ეს საქმე ბოლომდე მიიყვანეს. ყველა იმ ადამიანს მადლობა, ვინც ბუტას გარდაცვალების დღიდან გვერდით მიდგა. 

„მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა აღსდგა და ასე გაგრძელდება. ველოდები კრიალაშვილის, ვაზაგაშვილის და სხვა გახმაურებული საქმეების გამოძიებას. სამარლიანობა ჩემთვის ბოლომდე აღდგება, თუ ის მკვლელი ბაშალეიშვილი, პოლიციელი, რომლემაც უშვალოდ ჩემი შვილი ჩაცხრილა, ადეკვატურდი მუხლით იქნას გასამართლებული. თუმცა სამართლებლივად რამდენად შესაძლებელია, არ ვიცი. არ გამოვრიცხავ ახალ საქმეში მას ხელახალი ბრალიც წაეყენოს. 

„ზაზა ბაქრაძეს ბრალი ჩემი მოთხოვნით შეუმსუბუქდა, რადგანაც მან ჩადენილი დანაშაული მოინანია.  მან ის საქციელი ჩაიდინა, რაც ყველა ადამიანს უნდა ექნა. მან მოინანია და 2013 წელს უკვე განაცხადა, რომ ის სასამართლოსთან ითანამშრომლებდა. მან საკუთარ შვილებს ეს დაღი ჩამოხსნა. სწორედ ამიტომ თანახმა ვიყავი, რომ მისთვის სასჯელი მინიმუმამდე დაეყვანათ“, - აცხადებს მეტრეველი. 

მისივე თქმით, ასევე ამ საქმეში ირაკლი ოქრუაშვილიც არის გარეული და  ის „ძალიან მარტივად გამოძვრა“. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მან რობაქიძის მკვლელობიდან 2 კვირაში დატოვა შს მინისტრის თანამდებობა, მაინც გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია. მეტრეველი ამბობს, რომ ოქრუაშვილმა ყველაფერი კარგად გაიგო და დონაძემ  მისი შვილის მკვლელობის დადგმული ფირიც კი აჩვენა. 

მეტრეველი ასევე გიორგი ღვინიაშვილს ასახელებს, რომელიც თბილისის მთავრი პროკურორი იყო. მეტრეველი ვარაუდობს, რომ რობაქიძის მეორე საქმეზე გამოძიება, სავარაუდოდ,  გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. 

გურამ დონაძის ადვოკატი  მალხაზ ველიჯანაშვილი კი აცხადებს, რომ მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი არაადეკვატურია. მისი შეფასებით, სასამართლომ დღეს უკანონო განაჩენი გამოიტანა, რომელსაც აუცილებლად გაასაჩივრებენ. 

ადვოკატი ველიჯანაშვილი ამბობს, რომ ბრალი ისეთი კვალიფიკაციით იყო წარდგენილი, რომ ამის მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. ამიტომაც ადვოკატი ამტკიცებს, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. 

„ბრალი ჰქონდათ წარდგენილი, რომ ძალის გამოყენებით იყო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ყველამ კარგად მოვისმინეთ, რომ არავის უძალადია დაკავებულებზე. შესაბამისად, ეს ბრალი სრულიად უკანონოა და შესაბამისად, განაჩენიც.

„რა თქმა უნდა, იმის ალბათობა, რომ ამ ქვეყნის სასამართლოში რამე შეიცვლება, არ არის. ჩვენი მიზანი არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ყველა ინსტანცია უნდა გავიაროთ. შესაბამისად, განაჩენს გავასაჩივრებთ“, - აცხადებს ველიჯანაშვილი. 

როგორც ის აღნიშნავს, მოსამართლემ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს დღეს მაქსიმალურთან მიახლოებული განაჩენი გამოუტანა.

„განაჩენი სამართლიანი არ იყო, სანქცია 3-დან 8 წლამდეა, მოსამართლემ მაქსიმალურთან მიახლოებული განაჩენი გამოიტანა. მართალია, 5 წელი და 3 თვე დაუნიშნა, მაგრამ ეს ამნისტიის შედეგად. რეალურად 7 წელი მიუსაჯა 3-დან 8 წლამდე მუხლზე“, - აღნიშნავს  ადვოკატი. 

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. პატრულის თანამშრომლებმა BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი პირების დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა - პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე გარდაიცვალა. მანქანაში მსხდომი კიდევ ხუთი პიროვნება - კახაბერ აზარიაშვილი, აკაკი ბართაია, გიორგი ქურდაძე, ირაკლი მიქაბერიძე და ლევან დანგაძე - სამართალდამცავებმა დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×