მარი გოცირიძე
19.12.2018

 პირველად საქართველოში, მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ფინანსური გარანტორი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SNDA) იქნება. "თიბისი ბანკსა" და SNDA-ს შორის, რომელიც შვედეთის საელჩოს მიერაა წარმოდგენილი, საქართველოში სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების მიზანია საქართველოში სტარტაპებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების, მათ შორის იმ ბიზნესების დაკრედიტების ხელშეწყობა, რომელთა დამფუძნებელთა უმრავლესობა ქალი მეწარმეები არიან.

ხელშეკრულების თანახმად, "თიბისი ბანკის" მიერ გაცემული სესხის გაპრობლემების შემთხვევაში, SNDA მსესხებლის გარანტორს წარმოადგენს. აღნიშნული თანამშრომლობა იმ სესხებს ეხება, რომლებსაც მომავალში "თიბისი ბანკი" სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის, წარმოებისა და მომსახურების სფეროში მოღვაწე სტარტაპების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გასცემს.

მსესხებლისა და სესხის კატეგორიიდან გამომდინარე, "თიბისი ბანკი" და SNDA რისკს თანაბრად (50%-50%) გაიზიარებენ.

ქალი მეწარმეების არსებული სესხებისა და ასევე იმ სესხების შემთხვევაში, რომლებიც სტარტაპის დაწყებას ან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას ემსახურება, SNDA რისკის 60%-ს გაიზიარებს.

SNDA-ს გარანტია 40 მლნ აშშ დოლარის პორტფელს დაფარავს. შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელ მული ლიანის შეფასებით, "თიბისი ბანკთან" სესხების გარანტიის ხელშეკრულების გაფორმების მიზანია, ხელი შეეწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას, რაც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა საქართველოსათვის.

"შვედეთი მოხარულია, რომ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას "თიბისი ბანკთან". აღნიშნული გარანტიის მიზანია ეკონომიკური უზრუნველყოფის ხელშეწყობა. მოხარული ვართ, რომ გავქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ საქართველოში ეკონომიკურ განვითარებასა და სიღარიბის დაძლევას, რაც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ქვეყნისათვის. ფოკუსი განსაკუთრებით იქნება ქალებზე, მცირე და საშუალო მეწარმეებზე, სტარტაპებსა და გარემოს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებზე, რაც განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს. გვჯერა, რომ ამით წვლილს შევიტანთ სიღარიბის შემცირებაში, რაშიც შვედეთი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს", - აღნიშნა მული ლიანიმ.

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანის შეფასებით, "თიბისი ბანკი" შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებით გაზრდის დაფინანსებას რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით. ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი სტარტაპებზე გაკეთდება.

"მნიშვნელოვანია, რომ SNDA გარანტიის ხელშეკრულებას საქართველოში პირველად აფორმებს. სასესხო გარანტია 40 მილიონი დოლარის პორტფელზეა გათვალისწინებული. ჩვენ დაფინანსებას გავზრდით აგრარული სექტორის, გარემოსა და ვაჭრობის სფეროების მიმართულებით, მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სტარტაპებზე გავაკეთოთ, რა მიმართულებითაც "თიბისი ბანკი" ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.

რაც შეეხება თანადაფინანსებას ანუ რისკების განაწილებას, მინიმალური ზღვარია 50/50 და ქალი მეწარმეების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 60%-მდე იზრდება. რაც შეეხება რისკს, მთავარი შინაარსია, რომ SNDA მზადაა, კონკრეტული სეტორების მხარდასაჭერად ეს რისკი გაინაწილოს. შესაბამისად, ის ბანკს აძლევს თავისუფლებას, რათა გაბედულად მოახდინოს ამ სფეროების დაფინანსება. რა თქმა უნდა, გაბედულებაში იგულისხმება ბევრი კონკრეტული რამ, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ამ პორტფელის შესაბამისად გავზრდით დაფინანსებას რამდენიმე მიმართულებით, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადი აქცენტი მაინც სტარტაპებზე გაკეთდება. მნიშვნელოვანია ასევე ქალი მეწარმეების ხელშეწყობა, რასაც SNDA ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩევს", - აღნიშნა ნიკა ქურდიანმა.

როგორც "თიბისი ბანკში" განმარტავენ, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე "თიბისი ბანკი" შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად 1 წლის განმავლობაში მუშაობდა და ის SNDA-სათვის საქართველოში კომერციულ ბანკთან თანამშრომლობის პირველ პროექტს წარმოადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×