"ვალი.გე"-ს ბაზაში ბევრი მკვდარი სული ამოტივტივდა. ადამიანები, ვისაც სიცოცხლის დაზღვევა ჰქონდათ და გარდაცვალებისთანავე სესხი უნდა განულებოდათ, ბანკების მიერ "ქართუ" ფინდისათვის გადაგზავნილ სიებში აღმოჩნდნენ. ფონდში აცხადებენ, რომ სიები მუდმივად მოწმდება მათი მხრიდანაც და პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის წევრებსაც სესხი ჰქონდათ და გარდაიცვალნენ, დაღუპული ნათესავები განულებული სესხების სიაში პოულობენ. ეს რასაკვირველია, არ ეხება ყველა სესხს. საუბარია შემთხვევებზე, როცა პირს ჰქონდა სიცოცხლის დაზღვევა, ბანკმა ან სხვა საფინანსო ინსტიტუტმა კი ახლობლებისაგან მხლოდ გარდაცვალების ცნობა მოითხოვა სესხის გასაუქმებლად. როგორც აღმოჩნდა, ის, რაც ახლობლებისათვის ვალდებულებად აღარ ითვლებოდა, ფონდი "ქართუს" ინიციატივის შემდეგ გადასახდელად მიიჩნიეს საფინანსო ინსტიტუტებმა და ჯარიმა-საურავის ჩათვლით სიები ივნიშვილის ფონდს გაუგზავნეს. შეიძლება ითქვას, სესხები "გააცოცხლეს".
საკითხი აქტუალური განსახილველი თემა იყო სოციალურ ქსელებში, მაგრამ გუშინ საქმის განხილვაში მთავრობა ჩაერთო. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, გარდაცვალება თავისთავად არ ნიშნავს სესხის განულებას, თუმცა უწყების განმარტებაში არაფერია ნათქვამი იმ შემთხვევებზე, როცა სესხი დაზღვეული იყო და უნდა ჩამოწერილიყო გარდაცვალების შემთხვევაში.
"მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებები, ისე მოვალეობები, რომლებიც მას სიკვდილის მომენტისათვის ჰქონდა. ამასთან, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ - მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებში", - განუცხადეს "კომერსანტს" ფინანსთა სამინისტროში.
"რეზონანსი" დაუკავშირდა ივანიშვილის ფონდსაც. "ქართუში" აცხადებენ, რომ თავდაპირველად კომერციული ბანკების მიერ გადმოგზავნილი მონაცემები ეროვნულ ბანკში გადამოწმდა და შემდეგ მიიღეს ფონდში, ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სესხის გასანულებლად. თავის მხრივ კი, ფონდიც ამოწმებს ამ ინფორმაციას და პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
"განულების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამასთანავე, მას ჩვენ ინტენსიურად ვამოწმებთ. კომერციული ბანკების მიერ გადმოგზავნილი მონაცემები, თავდაპირველად გადამოწმდა ეროვნულ ბანკში და მათგან მივიღეთ ის სიები, რომლებიც დღეს ატვირთულია "ვალი.გე"-ზე.
ის, რომ ადამიანი გარდაცვლილია, არ ნიშნავს, რომ მისი სესხი ავტომატურად უქმდება, თუმცა რატომღაც ასეთი განცდა აქვთ ხოლმე ოჯახის წევრებს. სინამდვილეში, სხვა სამკვიდროსთან ერთად, შეიძლება, დარჩეს ვალიც. არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს მსგავსი შემთხვევები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ გადამოწმების პროცესი კვლავ მიმდინარეობს", - განუცხადეს "რეზონანსს" "ქართუში".
მემკვიდრეობად რომ სესხები არ უნდა მიეღოთ, ზუსტად იციან ბესო გოცირიძის ოჯახის წევრებმა. პიროვნებას 3 სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტში სესხთან ერთად, სიცოცხლის დაზღვევაც ჰქონდა და ოჯახმა გარდაცვალების ცნობებიც წარადგინა, რის შედეგაც განუცხადეს, რომ სესხები ნულდებოდა. ახლა მათ "ვალი.გე"-ზე მათ 2 წლის წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრის წესით დახურული სესხი ჯარიმა-საურავებით აღმოაჩინეს.
"ბესოს სესხი რამდენიმე წამყვან კომერციულ ბანკსა და ერთ ონლაინ სესხების კომპანიაში ჰქონდა და კეთილსინდისიერი გადამხდელიც იყო. მოულოდნელად 2 წლის წინ, ახალგაზრდა, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღმოჩნდა, რომ სიცოცხლის დაზღვევაც ჰქონდა და ბანკებმა მხოლოდ გარდაცვალების დამადასტურებლი ცნობა მოგვთხოვეს, რათა სესხი განულებულიყო. როცა წარვადგინეთ, გვითხრეს, რომ ფინანსური დავალიანება აღარ გვქონდა და არც ერთხელ ამ ორი წლის განმავლობაში არ შეგვხმიანებიან, არ უთქვამთ, რომ გადასახდელი გვქონდა რამე.
ახლა კი, უცებ სესხების განულების საიტზე, უბრალოდ, გადავამოწმეთ და აღმოვაჩინეთ, რომ სამ სხვადასხვა ადგილას 2560 ლარი ვალდებულება აქვს. ამის გადახდა ისედაც აღარ გვიწევს და ამიტომ ჩვენი პრობლემაც არ არის, მაგრამ ფაქტია, კერძო საფინანსო ინსტიტუტები თაღლითობენ და საქველმოქმედო ფონდისაგან იმაზე მეტი მოგების მიღებას ცდილობენ, ვიდრე რეალურად არსებობს", - აცხადებენ ბესო გოცირიძის ოჯახის წევრები.
კიდევ ერთი გარდაცვლილი, რომელსაც სესხის გადახდის მხოლოდ ერთი თვე ჰქონდა დარჩეილი და იმ დროს გარდაიცვალა, "ვალი.გე"-ს ბაზაშია. ანალოგიურ სცენარზე საუბრობენ "რეზონანსთან" ანტონ რობაქიძის ოჯახის წერებიც.
"თიბისი ბანკში" სესხი ჰქონდა, საიდანაც უდიდესი ნაწილი უკვე გადახდილი იყო და მხოლოდ ერთი თვე იყო დარჩენილი, როცა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. სესხი დაზღვეული იყო. ასევე ჰქონდა სიცოცხლის დაზღვევაც. მხოლოდ გარდაცვალების მოწმობა გვთხოვეს და განულდებაო, გვითხრეს, ახლა კი ვერ ვხვდები, საიდან, მაგრამ ფაქტია, მამას დავალიანება 36 959 ლარი ერიცხება. უკვე მივმართეთ ბანკს და ამ დღეებში ვართ დაბარებული განმარტებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს დავალიანება ოჯახის გადასახდელი არ არის, აუცილებლად გავარკვევთ, როგორ და რატომ მოხდა განულებული სესხი დავალიანებაში", - აცხადებს რობაქიძის ქალიშვილი "რეზონანსთან".
ეროვნულ ბანკში განმარტეს, რომ ეს საკითხი არ არის მათი რეგულირების სფერო და სიები ფონდ "ქართუს" კრედიტორებმა მიაწოდეს.
"მოგახსენებთ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ვალდებულებების სამართლებრივ შედეგს. ამასთან, სადაზღვევო შემთხვევები, გარდა სპეციალური კანონმდებლობისა, ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსით რეგულირებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგახსენებთ: მოცემული სფერო არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის რეგულირებას და თუ მხარეს მიაჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა, უნდა მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. რაც შეეხება სიების გადაცემის თემას, გარიგება შედგა ფონდ "ქართუსა" და კრედიტორებს შორის და მსესხებლების სიაც ფონდს უშუალოდ კრედიტორებმა მიაწოდეს", - განუცხადეს "რეზონანსს" ქვეყნის ცენტრალურ ბანკში.