ხორავას ქუჩის საქმეზე, უახლოეს მომავალში შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ამის შესახებ ინფორმაცია მოკლულ დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეს კრიმინალური პოლიციის უფროსმა მიაწოდა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიებაში არსებულ ახალ გარემოებებს აცნობდნენ.
სარალიძე აცხადებს, რომ მას კრიმინალური პოლიციის უფროსი ვლადიმერ ბოცვაძე დაჰპირდა, რომ საქმე ბოლომდე გამოძიებული იქნება და ყველა ის პირი დაისჯება, ვისაც მკვლელობასთან შემხებლობა ჰქონდა. მას ადვოკატთან ერთად საქმის მასალებს 3 საათის განმავლობაში აცნობდნენ.
სარალიძის ინფორმაციით, საქმეზე არასრულწლოვნები ხელახლა არიან გამოკითხული და ასევე, მირზა სუბელიანის სხვადასხვა ეტაპიანი დაკითხვის ოქმები აჩვენეს, რომელსაც ისინი დეტალურად გაეცნენ. თუმცა სარალიძე ამბობს, რომ საქმე არასრულწლოვნების გამო დახურულია და მას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჟურნალისტებთან უფრო მეტის თქმის უფლება არ აქვს.
"დღის წესრიგში დგას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. თუმცა არ ვიცი, მათი დაკავებისაგან თავს ამდენი ხანი რატომ იკავებენ. როცა საქმის მასალებს ბოლომდე გადავიკითხავ, გავერკვევი, რა ხდება.
"3 საათის მიუხედავად ბოლომდე ყველაფერს ვერ გავეცანი. რაც ვნახე, საქმეში გარკვეული სიახლე არის, თუმცა დეტალურად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვსაუბრობ.
"რაც შეეხება კალანდიას, შინაგან საქმეთა სამინიტროში მისი დაკავების საკითხი ყოველთვის იდგა და მის დაკავებაზე თავს პროკურატურა იკავებს.
"მარტო კალანდიას დაკავებას არ ვითხოვ, ასევე ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც საქმესთან შემხებლობაში იყო და გააყალბა. ნებისმიერმა პროკურორმა თუ გამომძიებელმა, მნიშვნელობა არ აქვს, ყველამ პასუხი უნდა აგოს.
"გავეცანი საქმის ახალ მასალებს. ვნახეთ, რომ განმეორებით არასრულწლოვნები არიან დაკითხული. ასევე ვაპირებ, პროკურორებს შევხვდე და საქმის ახალ გარემოებებს გავეცნო, რა აქვთ და რას აპირებენ. ვნახოთ, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, რას იზამენ", - აცხადებს ზაზა სარალიძე.
მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ მათ გამომძიებლებისა და კრიმინალური პოლიციის უფროსისაგან მიიღეს მესიჯები და მზაობა იმისა, რომ მათ საქმის ირგვლივ ჭეშმარიტების დადგენა სურთ. ადვოკატი ამბობს, რომ ისინი სრულიად ახალი საქმის მასალებს გაეცნენ, სადაც ახალი პირებიც იყვნენ გამოკითხული. თუმცა ლონდარიძე აცხადებს, რომ მათ საქმის ყველა მასალა ჯერჯერობით არ უნახავთ და არ გამორიცხავს, რომ საქმის ირგვლივ ახალი გარემოებებიც აღმოაჩინონ.
"შსს-ს ჩვენ მივმართეთ განცხადებით და საქმის მასალების გაცნობა მოვითხოვეთ, რასაც გავეცანით. ყველაფერი ახალი იყო. ასევე დაკითხული იყვნენ ისევ ის არასრულწლოვნები, თუმცა ახალი მათ არაფერი ჰქონდათ ნათქვამი. დავადასტურებ იმასაც, რომ საქმეში ახალი დაკითხული პირები არიან.
"ჯერ მთლიან მასალას ვერ გავეცანით და ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ახალი გარემოებებიც იყოს გამოკვეთილი. გამომძიებელმაც და კრიმინალური პოლიციის უფროსმაც გამოგვიცხადეს მზაობა, რომ მათ ამ საქმის ირგვლივ სიმართლის დადგენა სურთ და ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ. მათი მესიჯებიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა, პასუხისგებაში სხვა პირებიც მიეცნენ. ასევე საქმის ახალი პროკურორები არიან და მათთან შეხვედრასაც ვაპირებთ", - აცხადებს ადვოკატი.