ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმის ფარგლებში, დანაშაულში მონაწილე პირთა წრე შეიძლება, გაფართოვდეს. ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შესაძლოა, დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავონ, ვისაც სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს.
როგორც "რეზონანსთან" იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, პარლამენტის წევრის დაკავება ძალიან შეზღუდულია და მას სჭირდება პარლამენტის თანხმობა.
"პრაქტიკულად ნულოვანი შანსია, რადგან პარლამენტის წევრის დაკავება ძალიან შეზღუდულია მისი სტატუსიდან გამომდტინარე. დეპუტატს იცავს კანონი და კონსტიტუცია. მის დაპატიმრებას სჭირდება პარლამენტის თანხმობა.
"არ მგონია, რომ მთავრობა ასეთ გამწვავებაზე წავიდეს ან მთავარმა პროკურორმა გასცეს ამაზე სანქცია. ამიტომ ნიკა მელიას შესაძლო დაპატიმრებაზე მსჯელობა თეორიულად დარჩება", - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.