რუსულმა კონტრდაზვერვამ საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის დაასახელა, რომელთა აგენტების გამოვლენაც ყველაზე ხშირად ხდება
ეკატერინე ბასილაია
19.12.2018

 რუსული უშიშროების ფედერალური სამსახურის - "ეფ-ეს-ბე"-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველო იმ 10 სახელმწიფოთა შორისაა, რომელთა სპეცსამსახურთა ნომერ პირველ ინტერესს რუსეთის არმია და რუსეთის შეიარაღება წარმოადგენს და ბოლო 5 წელიწადში მოსკოვმა ამ სახელმწიფოების რამდენიმე ათეული აგენტი გამოავლინა.

დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ჯაშუშების გამოვლენაზე განცხადება რუსულ მედიასთან რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ნიკოლაი იურიევმა გააკეთა.

მისი თქმით, მინუმუმ 10 ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან გაზრდილია ინტერესი რუსული შეიარაღების მიმართ და ამ 10 ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა.

"უცხოური დაზვერვის სამსახურებისათვის ნომერ პირველ ინტერესს ისევ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები წარმოადგენს. ამის დასტურია სამხედრო კონტრდაზვერვის მიერ გამოაშკარავებული აგენტების რაოდენობა - მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, ესპანეთის, შვედეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, საქართველოს, პოლონეთის სპეცსამსახურებიდან ათობით აგენტია გამოვლენილი", - აცხადებს "ეფ-ეს-ბე"-ს გენერალ-პოლკოვნიკი ნიკოლაი იურიევი.როგორც თბილისში აცხადებენ, რუსეთის მიზანია, წარმოაჩინონ, რომ ამერიკელები და სხვა დასავლეთის ქვეყნები საქართველოს იყენებენ პლაცდარმად ერთობლივი ოპერაციების დასაგეგმად რუსეთის წინააღმდეგ, რომ ვითომ აგერ ამის დასამტკიცებლად სხვა დასავლური ქვეყნის ჯაშუშებთან ერთად ქართველი ჯაშუშებიც გამოავლინეს და ასევე თითქოს ლუგარის ლაბორატორიაც ამერიკელებმა და ქართველებმა სწორედ რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური ომის საწარმოებლად შექმნეს.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ეს ინფორმაცია უფრო რუსული საინფორმაციო ომის გამოვლინებაა. "ეფ-ეს-ბე"-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი შემთხვევით არაფერს ამბობს და ისინი ამ ფაქტებს რას დაუკავშირებენ და რისთვის გამოიყენებენ, ეს დამაფიქრებელია.

მისივე თქმით, რუსეთი ჩვენი სამხედრო მოწინააღმდეგეა და ჩვენ რომ რაღაც ინტერესი გვქონდეს, თუ რუსეთს რა შეიარაღება აქვს, ეს გასაგებიცააა. თუმცა, თუ ქართველი აგენტების მასობრივად გამოვლენა სიმართლეა, რუსულმა მხარემ კონკრეტული ფაქტები და დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს, რაც არ მომხდარა და ამიტომ თვლის, რომ ინფორმაცია არარეალურია და მიზანი სულ სხვაა.

მაისაიას აზრით, "რუსების მიზანია წარმოაჩინონ, რომ საქართველოში ქართველები და ამერიკელები რუსების წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავენ - რომ თბილისში ლაბორატორია შექმნეს, ახლა კი აგერ თურმე ქართველი ჯაშუშებიც გამოუვლენიათ, რომლებიც მიბმული არიან დასავლეთის სპეცსამსახურების ჯაშუშების რიცხვს".

"მე ცუდად მენიშნა რამდენიმე დღის წინანდელი სერგეი ლავროვის ინტერვიუ, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის ინტერესია საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური ომის წინაპირობაა თურმე და ამას უნდა მიხედონ. ახლა ასევე უხილავი ჯაშუშებიც გამოუვლენიათ, რომლებსაც სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების სიაში აბამენ.

"ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვია. "ეფ-ეს-ბე"-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი შემთხვევით არაფერს არ ამბობს და ისინი ამ ფაქტებს რას დაუკავშირებენ და რისთვის გამოიყენებენ, ეს კიდევ სხვა თემაა. ეს არის ჩვენ წინააღმდეგ დაწყებული ფსიქოლოგიური ომი და ეს არის ამ ომის პრელუდიური მომენტი", - მიიჩნევს მაისაია.

მისი თქმით, ჩვენ კარგად ვიცით, ვითომ ჯაშუშების გამოვლენას როგორ იყენებს რუსეთი.

"კარგად გვახსოვს, როდესაც 2008 წლის ომის დაწყებამდე ივნისში რუსებმა დააკავეს 16 ადამიანი, განაცხადეს, რომ გამოავლინეს ქართული რეზიდენტების საქმიანობა რუსეთში და ამ 16 ადამიანს შორის 2 საქართველოს მოქალაქე იყო, ასევე იყვნენ ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებიც. ეს იყო ჰიბრიდული ომის გამოვლინება და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო რაღაც ფიქტიურ და არარეალისტურ ქმედებებზე.

"ასევე შემდეგ, 2012 წელს, რუსებმა კიდევ გაავრცელეს რაღაც დოკუმენტური ფილმი, რომ თითქოს დე ფაქტო აფხაზეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს ქართველი მზვერავები. მათი აღიარებითი ჩვენებები ჰქონდათ და ეტყობოდა, რომ ეს ადამიანები საშინელი დამუშავებისა და წამების ქვეშ იყვნენ. ანუ, ეს არახალია. რუსეთს უნდა, საქართველოს საკითხი მუდმივად ზედაპირზე იყოს და ამით აჩვენოს, რომ თურმე საქართველოს სპეცსამსახურების უკან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან.

"რუსების ლოგიკაა, რომ საქართველოს პლაცდარმად იყენებენ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, აქ საჯაშუშო პლაცდარმია შექმნილი რუსეთისათვის საფრთხის შესაქმნელად. მათი ნარატივი გასაგებია, მათი მესიჯია, რომ საქართველოს იყენებენ პლაცდარმად სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები და ერთობლივი ოპერაციები იგეგმება რუსეთის წინააღმდეგ.

"მსგავსი რამ რუსებმა 2013 წელს ესტონეთის წინააღმდეგაც გამოიყენეს, როდესაც ესტონეთის სპეცსამსახურები ესტონეთის ტერიტორიაზე დაიჭირეს, გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე და შექმნეს აჟიოტაჟი, რომ ესტონეთის ჯაშუშები რუსეთში გამოავლინეს. ეს გამოიყენეს ესტონეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის საწარმოებლად. მსგავსი მიზანია ჩვენი მიმართულებითაც - ფსიქოლოგიური ომის წარმოება", - დასძენს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×