თელავში, აღმაშენებლის გამზირზე სისხლიანი გარჩევა მოხდა. რამდენიმე ახალგაზრდის დაპირისპირების შედეგად, სამი მამაკაცი დაიჭრა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა ცხოველური ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის ოფისში მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ინციდენტს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღვოდა, რის შემდეგაც, სავარაუდო თავდამსხმელმა ავტომატიდან რამდენიმეჯერ გაისროლა.
დაშავებულებს ჭრილობები ქვედა კიდურებზე აქვთ მიყენებული - მათ შორის ერთი თელავის დედათა მონასტრის წინამძღვრის, მამა გენადის შვილი, გიორგი გოგილაშვილია. ინციდენტის შემდეგ სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ კონფილიქტის მიზეზი ძველი დაპირისპირება და შურისძიება უნდა ყოფილიყო, თუმცა კონკრეტულად რა - ამას გამოძიება დაადგენს.
მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით დაზარალებულები არ საუბრობენ. მამა გენადი კი აცხადებს, რომ მისი შვილი კონფლიქტში შემთხვევით მოხვდა და ის მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა, ჩხუბისას გასაშველებლად გავიდა, რა დროსაც ცეცხლსასაროლი იარაღიდან მათ ცეცხლი გაუსხნეს.
„ჩემი შვილი ერთ-ერთ დაჭრილთან - ლუკასთან სტუმრად იმყოფებოდა. როგორც თავად მითხრა, ჩხუბი იყო, ისიც გარეთ ალბათ გასაშველებლად გავიდა და ვიღაცამ ავტომატიდან ესროლა. მეტი სხვა არაფერი იცის.
„ესენი სამნი იყვნენ და სამივე დაჭრილია. იქითა მხარესაც, როგორც ვიცი, მეტნი იყვნენ. უშუალოდ ჩემს შვილს კონფლიქტი არ მოსვლია და არც იცის ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ ვის რას ედავებოდა. ის კი კარგად დაინახა, რომ მხოლოდ ერთი ისროდა“, -აცხადებს მამაო.
ადგილობრივები კი ყვებიან, რომ ახალგზარდებს შორის დაპირისპირება ჯერ სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო. ამის შემდეგ კი ჩხუბი დაიწყეს და ერთმანეთს 20-დან 22 წლამდე რამდენიმე ახალგაზრდა სცემდა. ჩხუბის დროს კი ცესცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს. ამის შემდეგ კი კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე პირი შემთხვევის ადგლიდან გაიქცა. გარეთ გამოსულ ადგილობრივებს კი ფეხებში დაჭრილი სამი ახალგაზრდა დახვდათ. მათ მაშინვე სასწრაფო და სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
ტრამვატოლოგი ბექა ქურციკიძე აცხადებს, რომ თელავის საავადმყოფოში სამი ახალგაზრდა შეიყვანეს, რომლებსაც ქვედა კიდურებზე, მარცხენა მხარეს ღია სისხლდენა და ნაფლერთოვანი ჭრილობები ჰქონდათ. მედიკოსის ინფორმაციით, ორ მათქგანს წვივების მოტეხილობა აქვს, ერთი კი შედარებით მსუბუქად არის დაჭრილი. ორივე პაციენტს ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს და ისინი იტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ა.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის შენობაში, წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, „საიგას“ სისტემის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1993 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, 1998 წელს დაბადებულ გ. გ.-ს და 1998 წელს დაბადებულ ლ. ბ.-ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.