თამარ შუკვანი
19.12.2018

 „გაერთიანებულმა ოპოზიციამ კარვები აიღო, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია აპირებს ბრძოლა შეწყვიტოს. პირიქით, მათ გააჩნიათ საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გააპროტესტონ საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა, არჩევნების შედეგები, ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოვლენები.

„მოსალოდნელია გარკვეული დემონსტრაციებისა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ორგანიზება, მათ შორის რუსთაველზეც," - ამბობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია" სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს აღმართული კარვები, მათივე ინიციატივით იქნა დაშლილი, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, საპროტესტო აქციები აუცილებლად გაგრძელდება.

რაზე შეიძლება მეტყველებდეს ეს ფაქტი? ჩიტაძის აზრით, გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გააგრძელებს, ხოლო თავისი კარვები ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ პატივისცემის გამოსახატავად დაშალეს. მისი თქმით, ორი სხვადასხვა მიზნით გაშლილი კარავი ერთად შეუსაბამო იქნებოდა.

„გაერთიანებული ოპოზიცია უფრო ორიენტირებული იქნება გარკვეული სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტით, მაგალითად, შედგეს შეხვედრა დიპლომატიური წევრების წარმომადგენლებთან, უცხოელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ხელისუფლება აიძულონ, თანხმობა განაცხადოს საარჩევნო სისტემა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში შეიცვალოს და პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს.

„კარვები მართალია აიღეს, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის ბრძოლა გაგრძელდება. კარვების აღება შესაძლოა უკავშირდებოდეს პატივისცემას მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მიმართ. მათ აქვთ საკუთარი მოთხოვნები, რომ გამოძიება წარიმართოს სუბიექტურად.

„გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეიძლება ჩათვალა, რომ სხვადასხვა კარვები სხვადასხვა მოთხოვნით არ უნდა არსებობდეს. უპირატესობა მიანიჭეს ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩლიკაშვილს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×