ანალიტიკოსი და ყოფილი ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან“ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი შეფასებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, ორივე მხარემ - ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც გარკვეული შეცდომები დაუშვეს.
გამზარდიას აზრით, პოლიციას არ ჰქონდა უფლება, რომ აქციის მონაწილეებისათვის ველისციხეში გზა გადაეკეტა და თელავში ჩასვლის უფლება არ მიეცა. მისი თქმით, თუ მმართველ გუნდს სურდა, რომ ოპოზიციას პრეზიდენტის ფიცის დადების დღე ასე არ გადაეფარა, მაშინ ისინი თელავში უნდა შეეშვა და ამხელა ყურადღება არ უნდა მიექცია.
გამზარდია ასევე ოპოზიციის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა მათი მთავარი მიზანი არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ „ოცნება“ უნდა გახდეს. მათ ახლა მაქსიმალური ყურადღება იმას უნდა მიაქციონ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს რამდენად ასრულებს და ქვეყანაში სიტუაცია როგორ წარიმართება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამზარდია ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდი ისევ „ნაციონალებს“ გამოიყენებს, რათა საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს.
„რეზონანსი“: როგორ შეაფასებ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას?
არჩილ გამზარდია: სიმართლე გითხრა, თელავში ინაუგურაციის ფაქტს არცთუ ცუდად განვიხილავ. ჩვენი ქვეყნიდანაც შესაძლებელი იყო ძალიან წარმომადგენლობითი სტუმრები ყოფილიყვნენ, თუმცა ასე არ მოხდა. რაც შეეხება სხვა ქვეყნის სტუმრების არყოფნას, არ არის მაინც და მაინც კარგი ფაქტი, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანი სამეზობლო ურთიერთობები გავქვს უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და იქიდან უფრო წარმომადგენლობით სტუმრებს ველოდი.
თავად ინაუგურაციამ კი საკმაოდ კარგად ჩაიარა და ამაზე პომპეზური და რამე განსხვავებული არც უნდა ყოფილიყო.
„რ“: როგორ შეაფასებ ინაუგურაციის დღეს ოპოზიციისთვის გაზის ჩაკეტვის ფაქტს და ფიქრობ თუ არა, რომ ისინი თელავში უნდა შესულიყვნენ? მაგალითად, მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია იქ გარკვეული სახის პროვოკაციების მოწაყობას აპირებდა...
ა.გ.: როგორც იურისტი ამ ფაქტს ვერ შევაფასებ, თუმცა გეტყვით იმას, რაც ვნახე და დავინახე. ამ შემთხვევაში არცერთი მხარე კარგად არ წარმოჩინდა, თუმცა ოპოზიციას ჰქონდა უფლება ინაუგურაციის დღეს თელავში პროტესტი გამოეხატა. არ ჰქონდა ხელისუფლებას იმის უფლება, რომ მათი ასე ბლოკირება მოეხდინა.
რას ნიშნავს „პროვოკაციების მოწაყობას აპირებდნენ“, მასე ბევრი რამის თქმა და მოგონება შეგვიძლია. მიეცათ საშუალება იქ გაპროტესტების და მერე გვენახა. თუ რამე უკანონობას დააპირებდნენ, მისი აღკვეთა მოეხდინათ. ამაში ვინ შეედავებოდათ. რაც უნდათ, ის ეძახათ, ეს მათი უფლებაა და ხელისუფლება ვინაა, რომ ეს ადამიანებს აუკრძალოს?
რაც შეეხება ოპოზიციის ქმედებებს, რა თქმა უნდა, კარგად არც ისინი წარმოჩინდნენ და პოლიციელის შეურაცხყოფა არ არის სწორი საქციელი. თუმცა შეცდომები ორივე მხრიდან იყო. ამიტომაც სამართლიანობა მხოლოდ ცალმხრივი არ უნდა იყოს.
„რ“: ახალი წლის შემდეგ საზოგადოებაც და პოლიტიკური სპექტრიც ელოდება, რომ ქვეყანაში შესაძლოა სამთავრობო ცვლილებები მოხდეს. გამოითქმება ვარაუდები, რომ გახარია პრემიერი გახდება. როგორ ფიქრობ, ივანიშვილი დაპირებების შესრულებას ამ კუთხითაც დაიწყებს და ეს ქვეყანას რა ფორმით დაეხმარება?
ა.გ.: არ მგონია, რომ ახლა ქვეყანაში ყველაზე მთავრი პრობლემა საკადრო ცვლილებები იყოს, რადგანაც ვხედავთ, რომ ასეთი ცვლილებები ქვეყანას არაფერში ადგება. რა მნიშვნელობა აქვს - ერთი მიდის და მეორე მოდის. მაინც პასუხისმგებლობა მთლიანად ერთ ადამიანზეა.
მე მგონია, რომ ივანიშვილმა საკუთარ თავზე ძალიან ბევრი აიღო და ამ ყველაფერთან გამკლავებას როგორ აპირებსმ არ ვიცი. ამ ერთ წელში რა უნდა გააკეთოს, ძალიან რთული სათქმელია.
ახლა პრეზიდენტის პასუხიმგებლობაც მას აკისრია, თუმცა, ამ შემთხვევაში მაინც მგონი, რომ საქმე უფრო მარტივად იქნება. მთავარია ზურაბიშვილმა ერთი ვერტიკალი დაიკავოს და რამე სხვა მხარეს არ გადაუხვიოს. დანარჩენს სხვას ვერფერს შეცვლის. უბრალოდ მას ამ პოსტზე უფრო ავტორიტეტული ადამიანი უნდა წარმოედგინა, რომლის სიტყვასაც, როგორც მაგალითად ივანიშვილისას, უფრო მეტი ფასი და ნდობა ექნებოდა.
„რ“: რას იტყვით ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რომ ისინი უწყვეტ აქციებს დაიწყებენ, თუმცა ვნახეთ, რომ რუსთაველზე დადგმული კარვები უკან აიღეს. ოპოზიციისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც საკმაოდ მძიმე და გადამწყვეტი ერთი წელი გამოდის. როგორ ფიქრობთ, სად არის ახლა გამოსავალი?
ა.გ.: მგონია, რომ ოპოზიციამ ახლა თავისი სტრატეგია უნდა შეცვალოს და სალომე ზურაბიშვილს შეშვან. მიიღონ მისი გაპრეზიდენტება, როგორც შემდგარი ფაქტი და „ოცნებას“ მიხედონ.
როგორც ვიცით, დაგვპირდნენ, რომ არჩევნების შემდეგ, ბევრი ცვლილება იქნებოდა და ივანიშვილმა ერთი წელი ითხოვა. ვურჩევ ოპოზიციას, რომ ყურადღება ახლა იქით გადაიტანოს და გაყვეს ვინ რას გააკეთებს. შეგვისრულებენ დაპირებებს? შეიცვლება უკეთესობისკენ ყველაფერი?
დაპირების მიუხედავად ვხედავთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად უარესდება. ყველაფერზე ფასები იზრდება, კომპანიებმა დასაქმებულების შემცირებები დაიწყეს. ასევე თვეობით ხელფასებს ვერ არიგებენ. სიტუაცია უფრო ცუდისკენ მიდის.
თუ ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების გადაგორებას ისევ „ნაციონალების“ ხარჯზე შეეცდება ეს უკვე კატასტროფა იქნება. ხალხი ამას თუ კიდევ დაუშვებს, მაშინ ჩვენი საშველი აღარ იქნება. ამიტომ ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ პრიორიტეტი ახლა ხელისუფლება უნდა გახდეს მათთვის და არა ზურაბიშვილი.