"თიბისი ბანკისა" და EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით GRDC და "აჭარა ჯგუფი" ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმროს ააშენებს.
მხარეებს შორის ხელშეკრულებას გუშინ სასტუმრო "რუმსში" მოეწერა ხელი და ის "კოხტა გორაზე" ახალი სათხილამურო ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე, არანაკლებ 92-ნომრიანი სასტუმროსა და 70 აპარტამენტის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტი "აჭარა ჯგუფის" მიერ შექმნილი ქართული ბრენდის, rooms hotels - გაგრძელებაა, ხოლო GRDC პროექტის მომდევნო ფაზაზე დამატებითი საცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას განახორციელებს.
"Rooms hotel Kokhta" თავისი გამორჩეული არქიტექტურითა და დიზაინით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღნიშნული რეგიონის ტურიზმის განვითარებაში.
როგორც პროექტის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, სასტუმრო "Rooms hotel Kokhta" ბაკურიანში, "კოხტა გორას" ტერიტორიაზე, კოხტას ახალი სათხილამურო ტრასის საბაგიროსთან განთავსდება. იგი წელიწადის ოთხივე სეზონზე მოემსახურება სტუმრებს და პირველ დამსვენებლებს 2019 წლის ზაფხულის სეზონამდე მიიღებს. კურორტის განვითარების მხოლოდ პირველ ფაზაზე სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსი 17 000 კვ.მ-ზე გაშენდება, საიდანაც 5 000 კვ.მ აპარტამენტებს, ხოლო 12 000 კვ.მ სასტუმროს დაეთმობა.
"Rooms hotel Kokhta” Ski-in, Ski-out-ის ტიპის პირველი სასტუმრო იქნება, რაც გულისხმობს სათხილამურო ტრასებზე ასვლას-დაბრუნებას ან სხვა სათხილამურო ხაზებზე გადასვლას მხოლოდ საბაგირო ინფრასტრუქტურით, რაც უშუალოდ სასტუმროს მომიჯნავე ტერიტორიიდან იქნება შესაძლებელი.
პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. 5,4 მილიონი დოლარი "თიბისი ბანკისა" და EBRD-ის მიერ, RFC-ის პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით დაფინანსდება, დანარჩენი კი - GRDC-ისა და adjara group-ის კაპიტალით.
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძის შეფასებით, "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტი" თავისი გამორჩეული არქიტექტურითა და დიზაინით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღნიშნული რეგიონის ტურიზმის განვითარებაში.
"მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, დაგვეფინანსებინა თავის დარგში ორი ლიდერი კომპანიის - GRDC-ისა და "აჭარა ჯგუფის" პარტნიორობით შექმნილი პროექტის მშენებლობა. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არის ძლიერი სასტუმროს შექმნა ისეთ რეგიონში, რომელიც დღეს ტურიზმისთვისაც სტრატეგიულია და ხელს უწყობს ქვეყანაში სამთო ბიზნესის განვითარებას. ახალი სასტუმროს სახით ჩვენ გვექნება ძლიერი სავიზიტო ბარათი, რაც აქტიურად მოიზიდავს ტურისტებს. "თიბისის" როლი არის დაფინანსების შემკვრელი, პროექტი განვახორციელეთ EBRD-თან ერთად, რათა ბიზნესისათვის იაფი რესურსის მოზიდვისა და ასევე ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით დამატებითი ფინანსური რესურსის გაჩენის შესაძლებლობა მოგვეცა.
დარწმუნებული ვართ, რომ ეს ინვესტიცია დამატებით მოტივაციას მისცემს ინვესტორებს, განახორციელონ მსგავსი ტიპის საინტერესო პროექტები ამ რეგიონში", - განაცხადა გიორგი თხელიძემ.
ევრობანკის დირექტორმა კავკასიაში ბრუნო ბალვანერამ განმარტა, რომ პროექტი ქმნის ენერგოეფექტური მშენებლობის პრეცედენტს მთიან რეგიონში და მხარს უჭერს მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას საქართველოში.
"გვიხარია, რომ თანამშრომლობას ვაგრძელებთ ევრობანკის სამ პარტნიორ კომპანიასთან - "თიბისი ბანკთან", "აჭარა ჯგუფსა" და GRDC-თან - საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორების განსავითარებლად. სესხის გაცემას უზრუნველყოფს "თიბისი ბანკი", ხოლო GRDC უზრუნველყოფს 50%-იანი რისკის თანამოზიარობას. ენერგოეფექტურობაზე მაქსიმალურ კონცენტრირებას მოვახდენთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეცა გრანტი მწვანე ეკონომიკის მიმართულებით, რათა მხარი დაეჭიროს ენერგოეფექტობის უზრუნველყოფას ამ პროექტის ფარგლებში. ამდენად, ევრობანკის ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს საგრანტო კომპონენტს და მიზნად ისახავს შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტური საიზოლაციო მასალებითა და LED განათებით აღჭურვას. ჩვენი მიზანია, ენერგოეფექტური მშენებლობის პრეცედენტი შევქმნათ მთიან რეგიონში და მხარი დავუჭიროთ მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას საქართველოში", - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
"აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებს, რომ ახალი პროექტის განხორციელებით საქართველო მსოფლიო წამყვან სამთო-სათხილამურო კურორტების სტანდარტებს დაუახლოვდება.
"ჩვენ ვაშენებთ ახალ "რუმსს" განსხვავებული კონცეფციით, რაც ბაკურიანს ყველაზე მეტად მოუხდება. ჩვენი ჯგუფის მთავარი პრიორიტეტია, რომ ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ ადგილას, სადაც შევდივართ, განვავითაროთ ლოკალური ბრენდი და იქ არსებულ კულტურასა და არქიტექტურასთან შერწყმა მოვახდინოთ. ამ თვალსაზრისით, "რუმსი" იქნება ქართული, კიდევ ერთი ახალი სასტუმრო, რომელიც ოთხივე სეზონზეა გათვლილი. დანარჩენთაგან მას უნიკალური დიზაინი და სერვისი გამოარჩევს. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა შეადგენდა 10 მილიონ დოლარს, აქედან 5 მილიონი იყო "აჭარა ჯგუფისა" და GRDC-ის ერთობლივი კაპიტალი და დანარჩენი - მოზიდული სესხი "თიბისი ბანკიდან" და EBRD-დან, ფინანსური მხარდაჭერა სწორედ მათ მიერ იყო განხორციელებული. ამ პროექტის განხორციელებით საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს მსოფლიო წამყვან სამთო-სათხილამურო კურტორტების სტანდარტებთან დასაახლოვებლად", - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.
სასტუმროს შიდა მოპირკეთების სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს და ის 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
როგორც GRDC ის წარმომადგენელმა ლევან კარალაშვილმა პროექტის პრეზენტაციისას განმარტა, სასტუმრო გააერთიანებს: არანაკლებ 92 ნომერს და 70 აპარტამენტს; 300 სტუმარზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს; 300 სტუმარზე გათვლილ რესტორანს; ლაუნჯ ბარსა და ტერასას 360-გრადუსიანი ხედით; საცურაო აუზსა და მომსახურების სხვა სერვისებს.
"ჩვენ გვინდოდა, რომ ქართული ბრენდის სასტუმრო დამკვიდრებულიყო ბაკურიანში და სტიმული მიეცა ადგილობრვი ტურიზმის განვითარებისათვის. ეს არის პროექტის პირველი ფაზა. მეორე ფაზა დაიწყება 2023 წელს და 5 წელიწადში დასრულდება. ეს იქნება უკვე მიტარბი, სადაც გაკეთდება უმანქანო კურორტი, რომლის ანალოგები შვეიცარიასა და საფრანგეთშია. ფაქტობრივად, ეს იქნება ამ რეგიონის სავიზიტო ბარათი მთლიანად იმ ტურისტებისათვის, რომლებსაც უყვართ მთის კურორტები და მთაში დასვენება", - აღნიშნა ლევან კარალაშვილმა.