კრიპტოვალუტებმა ვერ შეძლო ტრადიციულ ფულთან შედარებით უპირატესობის დამტკიცება"
მარი ჩიტაია
20.12.2018

 ბიტკოინმა ყველანაირი მიმზიდველობა დაკარგა. კრიპტოვალუტის ფასი კატასტროფულად დაეცა და საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის პიარზე აგებული ფარსი იყო და შესაძლოა, საბოლოოდ ჩაიძიროს. ტენდენცია ბოლო თვეების განმავლობაში იმდენად შეუქცევადია, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავება აზრს კარგავს. 1 წელიწადში ბიტკოინის ღირებულება 16 000 დოლარით შემცირდა. წლის დასაწყისში მისი ფასი 19 000 დოლარს აჭარბებდა და ბოლო დღეების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 3600 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება ეთერიუმსა და რიპლის, ისინი უკვე იმდენად გაიაფდა, რომ საეჭვოა, ამ კრიპტოვალუტების გამომუშავების სურვილი ვინმეს კიდევ ჰქონდეს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კრიპტოვალუტის ფასი დროთა განმავლობაში კიდევ შემცირდება და მის მიმართ ინტერესი საერთოდ შეიძლება გაქრეს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პერიოდში ფასის ზრდა შესაძლებელია.

სპეციალისტები საუბრობენ სხვადასხვა მიზეზზე, რამაც ბიტკოინის ფასის კლება გამოიწვია. ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბიტკოინის ფასი კიდევ დავარდეს.

"მოპოვება ამ ეტაპზე შემცირებულია, რადგან რთული გახდა ახალი ბიტკოინების გამომუშავება და ინტერესიც განელდა. ეს განპირობებულია იმითაც, რომ კრიპტოვალუტებთან მიმართებაში ძალიან ბევრი თაღლითური სქემა ამუშავდა. გარდა ამისა, კრიპტოვალუტების რეგულირების მიმართულებით სახელმწიფოებში გარკვეული რეგულაციები დაწესდა და ფასზე ამანაც მოახდინა გარკვეული ნეგატიური გავლენა.

ბევრ ქვეყანაში კრიზისული ვითარებაა, დაბანდებები ციფრულ ვალუტაში ნაკლებად აინტერესებთ და სპეკულაციური კაპიტალიც არ მუშაობს, რადგან ბევრმა დაკარგა შემოსავალი და დაბანდებებისაგან თავს იკავებენ. ამან ბიტკოინის მიმზიდველობაზე უარყოფითად იმოქმედა", - ამბობს "რეზონანსთან" ხომიზურაშვილი.

მისი თქმით, ციფროვალუტისათვის ის დროა, როცა მაინინგი ნელ-ნელა კვდება და არარენტაბელური ხდება. უკვე შეწყვიტა ბიტკოინის გამომუშავება.

"ფასის დაღმავალი ტრენდი გაგრძელდება. სპეკულაციური ოპერაციების საფუძველზე იყო ფასი გაბერილი და ახლა ნელ-ნელა დგება თავის კალაპოტში. მოსალოდნელია, რომ კიდევ შემცირდება ციფრული ვალუტის ღირებულება", - დასძინა ფინანსისტმა.

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე საუბრობს სხვადასხვა მიზეზზე, რომლებმაც, მისი შეფასებით, ბიტკოინის ფასზე იმოქმედა.

"სხვადასხვა ფაქტორის გამო, კრიპტოვალუტებმა ვერ შეძლო ტრადიციულ ფულთან შედარებით უპირატესობის დამტკიცება, შედეგად შემცირდა ტრანზაქციები. ბიტკოინის ვარდნა სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული. კრიპტოვალუტების დაგროვებისა და საინვესტიციო საშუალებად მიღებისას გაჩნდა სამართლიანი შიში, ვინაიდან მისი მოდელი ფინანსური პირამიდის მსგავსია. მას ადარებენ საპნის ბუშტსაც.

ცხადია, რომ ვერ მართლდება ის აღქმა და მოცემულობა, რომელიც კრიპტოვალუტების მიმართ ჩამოყალიბდა. მათ შორის შეიძლება აღინიშნოს ლიკვიდობის პრობლემა, საჯარო ტრანზაქციებში კანონიერი აღიარების პრობლემები, გაცვლის საშუალების ეფექტიანობის მხრივ არსებული ხარვეზი, შენახვის უსაფრთხოების გამოწვევები და ღირებულების სტაბილურობის პრობლემა", - აღნიშნა "რეზონანსთან" რატი აბულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×