საფინანსო სექტორში ახალი რეგულაციების გამო საპროცენტო განაკვეთები, სავარაუდოდ, გაიზრდება. ქვეყანაში ისედაც სესხების გაძვირების ტენდენციაა და მომავალი წლიდან ბანკები არა მარტო საპროცენტო განაკვეთებს, არამედ საკომისიოებზე, ჯარიმებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე ფასს გაზრდიან. ვითარების დარეგულირებაში გადამწყვეტი შეიძლება, ეროვნული ბანკის პოზიცია აღმოჩნდეს, თუმცა ამ უწყებას სურვილი, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს, არ აქვს.
სებ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ცალსახად, საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით შეუძლებელია რამე პროგნოზის გაკეთება, რადგან მასზე გავლენას ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს, მათ შორის, რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც ინფლაციის მაჩვენებლის პარალელურად ზრდის ან კლების მიმართულებით შეიძლება, შეიცვალოს.
"საპროცენტო განაკვეთი არის ის მაჩვენებელი, რომლის დინამიკას გრძელვადიან პერიოდში უნდა შევხედოთ. ზოგადად, ვფიქრობ, გრძელ ვადაში ეს (პასუხისმგებლიანი დაკრედიტება) გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. ის რისკიანი მსესხებელი, რომელიც იღებდა სესხს შემოსავლის დადასტურების გარეშე, აღარ იქნება ამ რისკის ზონაში", - აღნიშნავს კობა გვენეტაძე.
სპეციალისტების შეფასებით, სამომავლოდ გაიზრდება არა მარტო საპროცენტო განაკვეთები, არამედ სხვა ხარჯიც და შესაძლოა, ცვლილება საკომისიოებსაც შეეხოს. ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ საბანკო მომსახურების გაძვირებით ქართული საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობა რეგიონში გაუარესდება.
"დაუწერელი კანონია, როგორც კი რეგულაცია შემოდის და ტრანზაქციული ხარჯი იზრდება, ბანკები ყოველთვის მოძებნიან გამოსავალს და მომსახურებას გააძვირებენ, ამაში ფინანსური სექტორი უდავოდ ნიჭიერია. ეს არც იქნება მოულოდნელი, რადგან ბანკებმა ვიღაცისაგან ხომ უნდა ამოიღონ ეს ფული, შესაბამისად, თანხას ისევ მომხმარებლებისაგან ამოიღებენ. ამიტომ ველდოები გარკვეული საბანკო პროდუქტების გაძვირებას, რითაც ბანკები ხარჯების კომპენსაციას მოახდენენ.
სავარაუდოდ, გაძვირება აისახება სხვადასხვა სახის საკომისიოებზეც. დანაკლისი კლიენტების ხარჯზე ანაზღაურდება. შემოიღებენ ასევე ახალ ფინანსურ პროდუქტებს, საიდანაც ამ ხარჯების კომპენსაციას მოახდენენ. ცხადია, ეს არ უწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას, პირიქით, შემაფერხებელიც კი გახდება განვითარებისათვის.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოში ბანკების ტრანზაქციული ხარჯი გაცილებით მაღალია, ვიდრე სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში. ამ მხრივ უარესი მდგომარეობა მხოლოდ რუსეთშია, გასაგები მიზეზის გამო. რეგიონში ჩვენი კონკურენტუნარიანობა ამ კუთხით კიდევ შემცირდება. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და მომავალ წელსაც გაგრძელდება.
შესაძლოა, ამ ეტაპზე ცვლილება ძალიან შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ ანალიზი როგორც კი გაკეთდება, გამოჩნდება, რომ საქართველოს პოზიცია ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაუარესდება", - ამბობს "რეზონანსთან" თუთბერიძე.
ანალოგიური მოსაზრებისაა საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა, რომლის ვარაუდითაც, საპროცენტო განაკვეთებისა და რამდენიმე სხვა მომსახურების გაძვირება საბოლოოდ ლარის კურსს დააწვება და სავალუტო რყევებს გამოიწვევს.
"ახალი რეგულაციები კომერციულ ბანკებს შემოსავლებს შეუმცირებს. ბუნებრივია, რომ ისინი შეეცდებიან თავიანთი დანაკლისის ანაზღაურებას არა მარტო საპროცენტო განაკვეთებით, არამედ - ჯარიმებით, საკომისიოებითა და სავალუტო თამაშებით, რაც ასევე გამოიწვევს მომავალში ლარის რყევას, ეს სავსებით მოსალოდნელია.
იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ამ ზრდას არ ექნება მკვეთრი ხასიათი, რადგან მოსახლეობის გადახდისუნარიანობა საკმაოდ დაბალია და საპროცენტო განაკვეთებს მკვეთრად ვერ გაზრდიან. ელემენტარულად, ხალხი სესხს ვერ აიღებს", - ამბობს "რეზონანსთან" ექსპერტი.
ელიავას შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში მიუღებელია ეროვნული ბანკის პოზიცია, რომელიც მომხმარებლების დასაცავად რეალურად არაფერს აკეთებს და ყოველთვის ბანკების ინტერესების დამცველად გვევლინება.
"ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, განზე დგას. ის აცხადებს, რომ არ შეუძლია საპროცენტო განაკვეთების რეგულირება, ვინაიდან ესაა საბაზრო ეკონომიკის ნაწილი. სებ-ის ასეთი პოზიცია გაუმართლებელია, რადგან მსოფლიოში საკმაოდ ხშირია პრეცედენტები, როდესაც ცენტრალური ბანკები კომერციული ბანკების საპროცენტო პოლიტიკაზე გავლენას ახდენენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში არის კრიზისი და საჭიროა საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოთოკვა ან მათი შემცირება. ამ კუთხით მსოფლიო გამოცდილებას სებ-ი არ იზიარებს და ის, ფაქტობრივად, კომერციული ბანკების მომსახურების სააგენტოდ არის გადაქცეული", - დასძენს ელიავა.