რუსეთი აფხაზებს მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხში უკვე მერამდენედ უტევს. ამჯერად, მოსკოვიდან ითხოვენ, რომ მიწის მიყიდვა აფხაზებმა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისათვის დაუშვან. ამ განცხადებას "მეგობრული რჩევის" სახით აკეთებს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი ალექსეი დვინიანინი.
მან "მეგობრულად ურჩია" აფხაზურ მხარეს, რომ თუ მიწის ყველა უცხოელზე გასხვისების დაშვება არ სურთ, რუსეთის მოქალაქეებისათვის გამონაკლისი დაუშვან.
"შევეხები თემას, რომელიც შესაძლოა, აფხაზური საზოგადოებისათვის აქტუალური არ იყოს, თუმცა რეალურად, საკმაოდ მწვავეა. ვგულისხმობ მიწის გასხვისების საკითხს. აქ მიზანმიმართულად ვიტყვი "რუსეთის მოქალაქეებისათვის" და არა ზოგადად "უცხოელებისათვის" მიყიდვას, რადგან სამოკავშირეო ურთიერთობები თავისთავად გულისხმობს იმას, რომ გარკვეულ მწვავე საკითხებში ერთმანეთთან დათმობაზე წავიდეთ, დავუშვათ რაღაც გამონაკლისები, ამ შემთხვევაში - ტერმინ "უცხოელებიდან" პირველ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეები გამოვყოთ", - განაცხადა ალექსეი დვინიანინმა.
წლებია, რუსები ოკუპირებულ აფხაზეთში მიწის უცხოელებზე გაყიდვის დაკანონებას ითხოვენ, რამდენიმე კანონპროექტიც მომზადდა, თუმცა ამ თემის ყოველი განხილვისა და კანონპროექტების ყოველი მომზადებისას აფხაზურ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება იწყება. აფხაზები თვლიან, რომ როგორც კი მიწების გასხვისება დაკანონდება, აფხაზები, რომელთა ნაწილი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, მიწებს იოლად შეელევა და სულ მალე ეს დემოგრაფიულ სურათს დაამძიმებს - აფხაზური ეთნოსი უმცირესობაში აღმოჩნდება, ამიტომაც მიწის გასხვისებას სასტიკად ეწინააღმდეგებიან.
საუბარია იმაზეც, რომ ამ თემას შეეწირა დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფშიც, თუმცა მიწის გაყიდვის დაკანონება ვერც ახლანდელმა "პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ მოახერხა.
ხაჯიმბას მმართველობისას ჯერ 2015 წელს გახმოვანდა იდეა, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვა დაეშვათ "აღმოსავლეთ აფხაზეთში" - ქართველებით დასახლებულ რაიონებში - გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში და ეს გამოეყენებინათ ამ რაიონებში ქართული მოსახლეობის რიცხობრივი უპირატესობის შესამცირებლად, თუმცა ეს "კანონპროექტი" ე.წ. პარლამენტში არ გავიდა.
მაშინ განცხადებები საჯაროდ გაკეთდა, რომ ამ მიწას ისევ ქართველები იყიდიდნენ ჩუმად და ეს სახიფათო იყო, თუმცა არაოფიციალურად ითქვა, რომ რუსებს ზღვისპირა, საკურორტო ზონები აინტერესებდათ და არა - გალი, ტყვარჩელი და ოჩამჩირის მიწა, ამიტომ "კანონის" ამ სახით დამტკიცება მათ ინტერესში არ შედიოდა.
შემდეგ, 2016 წლის აპრილში, ე.წ. დეპუტატმა სერგეი შამბამ შეიტანა კანონპროექტი "პარლამენტში", სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყველანაირი უძრავი ქონების გაყიდვა ნებადართული ხდებოდა, ოღონდ ერთი გამონაკლისით - შამბას ვერსიაში მითითებული იყო, რომ ყველა უცხოელს შეეძლებოდა სახლებისა და მიწის ყიდვა, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა.
მიუხედავად ამისა, ამ "კანონპროექტმა" აფხაზეთში მაინც დიდი ნეგატივი წარმოშვა და რამდენიმე კვირა აქციები არ შეწყვეტილა. ამ აქციების დროს დე ფაქტო სახალხო კრების ოპოზიციონერი დეპუტატის, ალმას ჯაპუას ავტომანქანაც ააფეთქეს. ის ამ "კანონპროექტის" წინააღმდეგი იყო და სოხუმში აცხადებდნენ, რომ ეს გამაფრთხილებელი აფეთქება იყო. ბოლოს სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ შაბმამ პროექტი უკან გაიწვია.
ხაჯიმბას "პრეზიდენტობისას" მიწის გაყიდვის თემა შეიძლება, უკვე მესამედაც გააქტიურდეს. რუსეთის ე.წ. ელჩმა ალექსეი დვინიანინმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მედიაშიც, "საზოგადოებრივ პალატაშიც" და დე ფაქტო პარლამენტშიც უნდა განიხილებოდეს.
"რატომ არ უნდა გავიდეს ეს საკითხები განხილვაზე? არავინ აიძულებს და არც აპირებს აიძულოს აფხაზეთი, მსგავსი გადაწყვეტილებები ხალხის აზრის საწინააღმდეგოდ მიიღოს, თუმცა ფაქტია, რომ ეს საკითხები განხილვასა და გადაჭრას საჭიროებს.
"დასაწყისისათვის, ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ საექსპერტო ან ნებისმიერ სხვა დონეზე ამ თემების განხილვაში", - განაცხადა რუსეთიდან სოხუმში წარგზავნილმა დიპლომატმა.
"ექსპერტთა კლუბის" წევრის, კონფლიქტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, რუსეთის დიდი ხნის სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი რუსი ჩასახლდეს აფხაზეთში და ნელ-ნელა მოახდინონ ამ რეგიონის სრული რუსიფიცირება, რუსიფიცირება არა მხოლოდ ენით, არამედ პოლიტიკურადაც. აფხაზები კი ამას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ სხვა ეთნოსის დიდი რაოდენობით ჩასახლება მათ დემოგრაფიულ კატასტროფას გამოიწვევს და გადაშენდებიან, რაც სიმართლეა.
"ბოლო 2 წელიწადია, აფხაზები ძალიან ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან და რუსეთიდან ფული ფაქტობრივად აღარ მიდის მათთან. ითქვა, რომ ამ დღეებში გალში მასწავლებლებს ხელფასებად "აფხაზური ფულადი ერთეული" - აპსარები დაურიგეს და შემდეგ გადაუცვალეს ის რუსულ რუბლებზე.
"ამიტომ აფხაზები რაც უფრო მეტად შევლენ ეკონომიკურ ჩიხში, მით უფრო მეტი შანსია, რუსებმა დაიყოლიონ ისინი უცხოელებზე ქონების გაყიდვის დაკანონებაზე. გამორიცხული არ არის, ფულადი დახმარებების დაპირების სანაცვლოდ მოითხოვონ "კანონის" მიღება.
"ეჭვი მაქვს, რომ რუსები არ ცდილობენ, ყველაფრის ფასად მიიღონ ეს უფლება, რადგან რუსები 20 წელზე მეტია, სწორედ ამ თემას აყენებენ პირველ პლანზე და ჯერჯერობით შედეგს ვერ მიაღწიეს", - ამბობს ცქიტიშვილი.
ამასთან, კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ თუკი მოსკოვიდან წნეხი გაიზრდება, აფხაზებმა შესაძლოა, ისევ გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მიწის გასხვისებაზე დაიწყონ საუბარი, ეს კი რუსების ინტერესში არ შედის.
"თეორიულად შესაძლებელია ამის დაშვება, მაგრამ არ მგონია, რუსებს, მაგალითად, გალის მიწა აინტერესებდეთ. შეიძლება, ერთი-ორი კომპანიისათვის იყოს საინტერესო, რომ მიწა იყიდოს, მოსავალი მოიყვანოს და ბიზნესი გააკეთოს, მაგრამ დასასახლებლად, რაც არის რუსების მთავარი ინტერესი, გალი საინტერესო არ არის.
"რუსებისათვის საინტერესოა სოხუმი, გაგრა, ახალი ათონი და ალბათ, ყველაზე ბოლოს ოჩამჩირის მიმართ გამოიჩენენ ინტერესს. გალში არის და იქნება რუსული სამხედრო დასახლებები, მაგრამ ნებით იქ არავინ იყიდის ქონებას", - აღნიშნავს ცქიტიშვილი.
გარდა ამისა, ცქიტიშვილი ამბობს, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერმა განცხადება გააკეთა, რომ მოსკოვი საქართველოს საზღვართან მდებარე ორი კურორტის განვითარებას გეგმავს, რადგან მილიონობით რუსი დადის საქართველოში დასასვენებლად და საქართველოს ბიუჯეტში ძალან დიდი ფული შედის.
კონფლიქტოლოგი ვარაუდობს, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერი, დიდი ალბათობით, ოკუპირებულ აფხაზეთს გულისხმობდა და შესაძლოა, ეს ერთგვარი სატყუარაა აფხაზებისათვის - თუკი რუსებისათვის უძრავი ქონების გასხვისებას დააკანონებენ აფხაზეთში, სანაცვლოდ რუსეთი მათ თანამედროვე კურორტებს აუშენებს და ამით "აფხაზეთის ეკონომიკას" ეშველება.
"თუმცა მეეჭვება, რომ რუსებმა აფხაზეთში რამე ააშენონ. ეს, უბრალოდ, სიტყვის მასალაა. მეეჭვება, რომ რუსებმა სოჭის გვერდით შექმნას ტურისტული ზონა, რომელიც მას კონკურენციას გაუწევს, რადგან სოჭში ძალიან დიდი ფულია ჩაყრილი. გარდა ამისა, ის რუსები, რომლებიც ქართულ კურორტებზე ჩამოდიან, აფხაზეთში არ ჩავლენ, აფხაზეთში უსაფრთხოების პრობლემა დგას", - დასძენს ცქიტიშვილი.