რეზონანსი
20.12.2018

 სამი დღის წინ შიმშილობის შედეგად 35 წლის პატიმარი გიორგი ფასიეიშვილი გარდაიცვალა. იგი მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობდა, რის გამოც პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

გიორგი ფასიეიშვილს პატიმრობა 1-ელ აგვისტოს შეეფარდა და გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს, საღამოს დაახლოებით 19:00 სა-ათზე თბილისში, მეტრო-სადგურ "ღრმაღელეს" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდა-რი ურთიერთშელაპარაკებისას, გიორგი ფასიეშვილმა შურისძიების მოტივით, გან-ზრახ მოკვლის მიზნით, გიორგი თავართქილაძეს მჭრელი საგნით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო შემავალი ჭრილობა და მიიმალა. გიორგი ფასიეშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება საქმეზე შეკრებილი შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულის გამოკითხვით მიღებული ინფორმაციით, თვითმხილველი მოწმის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ გიორგი ფასიეიშვილის გარდაცვალებაზე სპეციალური განცხადება გაავრცელეა და განმარტა, რომ ბრალდებული მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა და სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული უარს აცხადებდა დახმარებაზე, არ ღებულობდა მედიკამენტებს და არ აძლევდა საშუალებას მედპერსონალს, რომ მისთვის სათანადო გამოკვლევები ჩაეტარებინათ.

"მიმდინარე წლის სექტემბრიდან სისუსტის გამო, გიორგი ფასიეიშვილი ხუთჯერ იყო ჰოსპიტალიზებული მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარებაზე და ისევ მე-8 დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვდა.

24 ნოემბერს და 5 დეკემბერს ბრალდებული იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. 5 დეკემბერს გიორგი ფასიეიშვილი ჩაერთო სუიციდის პრევენციის პროგრამაში; 8 დეკემბერს ბრალდებული კვლავ გადაიყვანეს ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში, მაგრამ მანქანიდან არ გადმოვიდა და დაბრუნდა მე-18 დაწესებულებაში. 14 დეკემბერს ბრალდებული ღუდუშაურის კლინიკაში იქნა გადაყვანილი და იმავე დღეს დაბრუნდა პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში. 15 დეკემბერს გიორგი ფასიეიშვილი კვლავ იქნა გადაყვანილი ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც იმყოფებოდა გარდაცვალებამდე. დაესვა დიაგნოზი - ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი

თრომბოიტოპენია, დაუზუსტებელი კოაგულოპათია, ბოდვითი აშლილობა, ჰიპოგლიკემია. ბრალდებული გადაადგილებისას სარგებლობდა ინვალიდის ეტლით, აღენიშნებოდა წონის დეფიციტი, საერთო სისუსტე. ბრალდებული უარს აცხადებდა გამოკვლევებსა და გასინჯვაზე. გიორგი ფასიეიშვილი იმყოფებოდა ღუდუშაურის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც უცბად განუვითარდა ქოშინი, აპნოე და მიუხედავად ექიმების მცდელობისა და ჩატარებული სარეანიმაციო ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა,"- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ამბები.გეს ინფორმაციით, სახალხო დამცველს პატიმარ გიორგი ფასიეიშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონია.

"ზოგადად, პატიმრის შიმშილობის შესახებ შეიძლება ინფორმაცია მოგვაწოდოს როგრც თავად პატიმარმა, ისე მისმა ოჯახის წევრმა და ასევე თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებამ. როგორც წესი, გამონაკლისის გარეშე, სასჯელაღსრულების დაწესებულება ყოველთვის მოგვმართავს და გვაგებინებს, რომ ესა თუ ის პატიმარი შიმშილობს. კანონით ამის ვალდებულება მათ არ გააჩნიათ, მაგრამ ეს ჩვენი, ამ ორი უწყების ურთიერთობის პრაქტიკაა წლების განმავლობაში. ამ შემთხვევაზე ინფორმაცია არ გვქონია. როდესაც ჩვენ ვკითხეთ, თუ რატომ არ მოგვა-წოდეს ინფორმაცია ამ პირის შესახებ, გვიპასუხეს, რომ გიორგი ფასეიშვილი არ შიმ-შილობდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გაგვაკვირვა პენიტენციური სამსახურის ამ პასუხმა. ამ საკითხს ვსწავლობთ და ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ. უკვე მივედით გლდანის მერვე დაწესებულებაში, გამოვკითხეთ მსჯავრდებულები, პერსონალი, გავეცანით პატიმრის ისტორიას, სამედიცინო დოკუმენტებს და უახლოეს მომავალში დავდებთ ჩვენს დასკვნას", - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი დიმიტრი ნოზაძე აცხადებს, რომ მოშიმ-შილე პატიმართა მიმართ დაწესებულებები სათანადო ყურადღებას არ იჩენენ.

"ხშირად მიწევს მოშიმშილე პატიმრების მონახულება ამა თუ იმ საპატიმროში და ყველგან ერთნაირი მდგომარეობაა - სრული უყურადღებობა! არც ფსიქოლოგი შეჰყავთ, არც ექიმი და არც არავინ. მე რომელ პატიმრებთანაც მქონია შეხება, იმათ შემთხვევაში რეაგირება ნული იყო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასადგენია, რამ მიიყვანა ეს ადამიანი პროტესტის ამ უკიდურეს ფორმამდე. უნდა მოხდეს ფაქტის დროული და ობიექტური გამოძიება, უნდა დაისაჯონ რეალური დამნაშავეები და არა განტევების ვაცები. საზოგადოებამ არ უნდა გაიგოს ისე, თითქოს დამნაშაული არის მხოლოდ ის, თუ კი ვიღაცა ვიღაცას ესვრის და მოკლავს, ან თავს დაესხმება, გაქურდავს და ა.შ. დანაშაული შეიძლება მოხდეს უმოქმედობითაც, გულგრილობითაც. როდესაც შენ ვალდებული ხარ აღკვეთო ეს ქმედება და ვერ უზრუნველყოფ ამას, ეს დანაშაულია," - განაცხადა უფლებადამცველმა,დიმიტრი ნოზაძემ.

სტატია მომზადებულია მარიამ ხვედელიძის მიერ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×