
ადგილობრივები ამბობენ, რომ სწორედ პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის გამო ე.წ. ქურდული საქმის გარჩევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი შეიარაღებული ჯგუფი დაუპირისპირდა. გოგოჭურის მეგობარი კაჭარავა შემთხვევის შედეგად დაიჭრა და ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის დავით კაჭარავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სავარაუდოდ, იგი სამედიცინო დაწესებულებას მალე დატოვებს, რის შემდეგაც მას ბრალს წარუდგენენ. სამართალდამცავებმა შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილე სამივე პირი ადგილზევე დააკავეს.
„სროლის ხმა ღამის 1 საათზეს გავიგეთ. ეს იყო ერთ აბოიმას რომ ეძახიან, იმის დაცლა. ორი ჯგუფი ერთმანეთს ესროდა, ასე ამბობენ მეზობლები. სხვათაშორის პოლიცია ძალიან ოპერატიულად მოვიდა. სროლის შემდეგ, ერთი შვიდი პატრულის მანქანა მოვარდა. ალბათ გაქცევა ვეღარ მოასწრეს. ერთი მგონი ფეხებში იყო დაჭრილი.
ამბობენ, რომ პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სროლის გამო, საქმის გარჩევა მოხდა. ე.წ. „რაზბორკა“ იყო. თავი 90 წლებში გვეგონა, ისე ინტენსიურად ისროდნენ. ფანჯრიდან დავინახეთ, რომ პოლიციამ სადარბაზოდან სამი ადამიანი გამოიყვანა. მეტი სხვა არაფერი ვიცით. მსგავსი ფაქტები რომ გახშირებულია ყველა კარგად ხედავს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ პოლიცია ოპერატიულად არ მოქმედებს“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ქუჩის მაცხოვრებელი.
სავარაუდოდ ვაკეში 19 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირება თბილისის ცენტრში მდებარე კაფე "სტრადაში" 26 ნოემბრის სროლას უნდა ეხებოდეს. „კურიერის“ ინფორმაციით, სათვალთვალო კამერით 26 ნოემბერს გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი, მარგველაშვილის სიძეა, მეორე კი მისი მეგობარი. კადრებით კარგად აღიქმება, რომ ისინი შეიარაღებული თავდამსხმელებისგან დაცვას ცდილობენ. მასალაში ასევე გარკვევით ჩანს, რომ მინდია გოგოჭური მეგობრის იარაღს იღებს და საპასუხო ცეცხლს ხსნის.
კურიერმა კაფე სტრადას სხვა კამერის ჩანაწერიც მოიპოვა, სადაც ამ შეიარაღებული დაპირისპირების დასაწყისია ასახული. კადრების მიხედვით, მინდია გოგოჭური, მეგობარ გოგოსთან და ბიჭთან ერთად, ვერანდაზე სიგარეტს ეწევა, რა დროსაც მათი მისამართით ბუჩქებიდან სროლას იწყებენ. კურიერის წყაროს ცნობით, თავდამსხმელების სამიზნე მინდია გოგოჭური იყო, მისი მისამართით მთელი მჭიდი დაცალეს, თუმცა, ვერ დაჭრეს. დაზიანებებისგან ის ჯავშანჟილეტმა დაიცვა. მის ნაცვლად მისი მეგობრები დაიჭრნენ. თუმცა, სამართალდამცველებს ხალხმრავალ კაფეში სროლაზე პასუხისმგებელი ჯერ არ გამოუვლენიათ.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 6 დეკემბერს მისი და მისი მეგობრის, ძებნილი გიორგი რაზმაძის ხმაურიანი დაკავება ამაშუკელის ქუჩაზე მოხდა. დიდხანს ცდილობდნენ ძალოვნები ბინაში შეღწევას, თუმცა ბინის კარს არავინ უღებდა. ბოლოს ისინი ბინიდან ხელბორკილებით გამოიყვანეს .
თავიდან ითქვა, რომ გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით მას ბრალი დაუმძიმდა, ამ დანაშაულთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად შეძენას ედავებიან. გამოძიება ირწმუნება, რომ ბრალდებულებმა ბინის აივნიდან ქუჩაში გადააგდეს დაშლილი იარაღები, რაც სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს. წარდგენილი ბრალდება 8-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებული ამბობს, რომ იარაღი არ ჰქონია. გამოძიება კი ირწმუნება, რომ შეძლებს მისთვის ბრალის დამტკიცებას. იარაღებს ექსპერტიზები უკვე უტარდება, გამოძიება იმასაც ამბობს, რომ ერთ-ერთი იარაღი სხვა საქმეში ფიგურირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტზე, რომელშიც, არსებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი დავით კაჭარავა ფიგურირებს, სამი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, კაჭარავას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული დ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, 16 ნომერში, ურთიერთშელაპარაკება მოხდა დ.კ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ი.რ.-სა და 1997 წელს დაბადებულ ზ.რ.-ს შორის, რა დროსაც დ.კ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა. ზ.რ.-მ და დ.კ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ორივე პირი დაკავებულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით", - აცხადებენ უწყებაში.