ასობით მძღოლი გაფიცვისთვის მზადაა და უკან დახევას არ აპირებს
მარი ჩიტაია
21.12.2018

 1 კვირაში საქართველო შეიძლება დიდი სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს. დასავლეთის მიმართულებით მომუშავე 500-მდე მძღოლი მასობრივი აქციებით იმუქრება. საქართველოში მოქმედი თურქული სატრანსპორტო კომპანია "მეტროს", მათი მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პრივილეგიებით სარგებლობს და მათ მგზავრებს ართმევს. გამაფრთხილებელი აქცია უკმაყოფილო მძღოლებმა გუშინვე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს და სამინისტროს მიერ შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვეს.

გარდა იმისა, რომ საახალწლოდ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება, დიდია რისკი, რომ ბილეთები გაძვირდეს, რაც სერიოზულ პრობლემას შექმნის. მძღოლების თქმით, საქართველოში მოქმედი თურქული სატრანსპორტო კომპანია "მეტროს" ავტობუსები ტექდათვალიერებას მარტივი წესით გადიან. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა კომპანიის საქართველოდან გასვლაა.

მათივე თქმით, რამდენიმეჯერ მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და "მეტროს" საქმიანობის შესწავლა მოითხოვეს, თუმცა დღემდე პასუხი არ აქვთ. აქციის მონაწილე მძღოლი ბესიკ თაქთაქიშვილი ამბობს, რომ თურქული კომპანია ადგილობრივი ტრანსპორტის ჩაძირვას ცდილობს.

"არ გავჩერდებით, სანამ საკუთარ უფლებებს არ დავიცავთ. გუშინ გამაფრთხილებელი აქცია მოვაწყვეთ, მაგრამ 26 დეკემბერს ისევ შევიკრიბებით. თურქებმა ეს ჯიხური სადგურის ტერიტორიაზე 1 თვეზე მეტი ხნის წინ ჩადგეს. მაშინვე გავაპროტესტეთ და საქმის შესწავლის მოთხოვნით მივმართეთ მერიასა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, მაგრამ რეაგირება დღემდე არ მოუხდენიათ.

ჩვენ პატივი ვეცით არჩევნებს, პოლიტიკურად ვითარება ისედაც დაძაბული იყო და სიტუაციის გამწვავებას მოვერიდეთ. მეტს ვეღარ მოვითმენთ, რადგან უკიდურესად მძიმე პირობებში გვიწევს საქმიანობა. "მეტროს" მიზანი ქართველი მძღოლების ჩაძირვაა, რაც გამოუვათ კიდეც, თუ ასე უყურადღებოდ დაგვტოვებენ. არ გავჩერდებით. რომ დავთმოთ, სად წავიდეთ, ოჯახებს შიმშილით ხომ არ დავხოცავთ? ბანკების ვალი გვაქვს, ისედაც წვალებით ვიხდით და ამასაც ვერ მოვახერხებთ.

მარტო ჩვენი სადგურიდან 500 კაცია უკმაყოფილო. 3 წლის წინ დავიწყეთ ბრძოლა და ჯერ არაფერი შეცვლილა. წაგებაზე ვმუშაობთ, რადგან მგზავრები გაგვინახევრეს. თურქული კომპანია ოკუპაციას გვიწევს და არავინ არ არის გამკითხავი", - ამბობს ბესიკ თაქთაქიშვილი "რეზონანსთან".

რაც შეეხება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პოზიციას, სამგზავრო გადაყვანის სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე იანორაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ პირდაპირი შემოწმების საშუალება არ აქვთ და როგორც კი მიიღებენ ნებართვას, საფუძვლიანად შეამოწმებენ, "მეტროს" საქმიანობა რამდენად შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ "მეტროს" წარმომადგენლებმა მოაწყვეს ავტოსადგური და მგზავრები გადაჰყავთ. პირდაპირი შემოწმების უფლება არ გვაქვს, სასამართლოს უნდა მივმართოთ და მოგვცეს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც შევამოწმებთ ავტოსადგომს, თუ რამდენად შეესაბამება იგი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. სასამართლოს უკვე მივმართეთ კიდეც, თუმცა თვითონ ავტოსადგომის საქმიანობაზე ნებართვა, რაზეც მძღოლები კომპანიას ედავებიან, კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

გარდა ამისა, შესაძლებელია დავა დეკლარაციასთან დაკავშირებითაც, რითაც კომპანია დაადასტურებს, რომ მისი საქმიანობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს შეესაბამება. დეკლარაციის უქონლობა 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. პროცედურა დაწყებულია, რაც ჩვენი ვალდებულებაა, შევასრულებთ", - განუცხადა "რეზონანსს" ალექსანდრე იანორაშვილი.

პრობლემა ცნობილია გაერთიანებული პროფკავშირებისთვისაც, რომელიც მძღოლებს სოლიდარობას უცხადებს და სამართლებრივი პროცესების მოგვარებაში ეხმარება. ტრანსპორტრის პროფკავშირის ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია ამბობს, რომ საახალწლოდ შეიძლება საქართველოში სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნას, თუკი ასობით მძღოლი მგზავრების გადაყვანაზე უარს იტყვის.

"მძღოლების მოთხოვნა სამართლიანია, რადგან "მეტრომ" უკანონოდ ჩადგა ჯიხური ავტოსადგურის ტერიტორიაზე. სამინისტროს უკვე მიეცა გაფრთხილება, რომ დროულად მიიღონ ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საახალწლოდ აპირებენ მძღოლები გაფიცვას და მგზავრთა გადაყვანას პრობლემა შეექმნება.

მდგომარეობა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს. სადგურის ტერიტორიაზე თურქული კომპანიის საქმიანობა არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. თვითნებურად მოწყობილ "სადგურს" არ აქვს ბაქანი, მგზავრთა მოსასვენებელი ადგილი, სველი წერტილები და სხვა, რაც კანონდარღვევაა. ბილეთების გაყიდვა ჯიხურის პატარა ფანჯრიდან ხდება, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს არის განუკითხაობა, რასაც არავინ არ აქცევს ყურადღებას", - აცხადებს "რეზონანსთან" ლავრენტი ალანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×