რუსეთი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრზე მორიგი განცხადებით გამოდის და ქართული მხარისაგან განმარტებას ითხოვს.
"ჩვენ კვლავ ველით ვაშინგტონისა და თბილისისგან განმარტებებს აღნიშნული ბიოლაბორატორიის საქმიანობის ჭეშმარიტ ხასიათთან დაკავშირებით. არ დავივიწყოთ, რომ ეს ლაბორატორია ჩვენს საზღვართან მდებარეობს," - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამას "აბსურდს" უწოდებს. მისი თქმით, რუსეთს ჰქონდა და აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს ლაბორატორიის საქმიანობას, თუმცა ამას არ აკეთებს.
"რუსეთი აგრძელებს მცდელობას, ზემოქმედება მოახდინოს საქართველოზე. განცხადება იმის თაობაზე, რომ ლუგარის ლაბორატორია, რომელიც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შემადგენლობაშია, რაიმე საფრთხეს შეიცავს რეგიონისთვის, სრული აბსურდია და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს რუსეთშიც კარგად ესმით, მაგრამ საქართველოზე ზემოქმედების სხვა ინსტრუმენტების არქონის პირობებში ცდილობენ, მათივე შექმნილი მითი წნეხის მექანიზმად აქციონ.
"საქართველომ სპეციალურად ჩაატარა მრავალმხრივი საერთაშორისო სემინარი ამ ცენტრის ბაზაზე, რომლის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, დეტალურად გასცნობოდნენ ლაბორატორიის საქმიანობას. ამ შეკრებაზე მოწვეულნი იყვნენ რუსეთის სპეციალისტებიც და სამწუხაროდ, უარი თქვეს, რაც იმით ახსნეს, რომ ეს არის პროპაგანდისტული აქცია და რუსი სპეციალისტები მაინც აპრიორულად აცხადებენ, რომ ამ ლაბორატორიაში კანონის, წესებისა და საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევით მიმდინარეობს მუშაობა. განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი ამერიკისა და საქართველოსგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. საქართველომ სრული ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას და კიდევ რაიმე სხვა მოთხოვნა არის უპასუხისმგებლობა," - აცხადებს მენაღარიშვილი.
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით, რუსეთის მიზანია გარკვეული ზემოქმედების მოხდენა და ევროპისთვის ჩვენება იმისა, რომ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე და მათ შორის საქართველოზეც გარკვეული კონტროლი აქვს.
"ცდილობენ, რომ მუდმივი წნეხით საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის შიში ჰქონდეს. თუკი დაიძაბა სიტუაცია, კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში არგუმენტი რომ ჰქონდეთ," - აღნიშნავს კაკაჩია.
"რუსეთს კარგად ესმის, რომ ქართული მხარის მოწვევა ძალაშია და თუ სურვილი აქვთ, ნახონ, რა ხდება ამ ლაბორატორიაში, გამოაგზავნონ ექსპერტები, ადგილზე გაეცნონ საქმიანობას და ამით საქმე ამოიწუროს. საქართველოს ამის ვალდებულება არ აქვს. შეუძლებელია უფრო ეფექტური საშუალების მოფიქრება, ვიდრე სპეციალისტების მოწვევა სამუშაოდ ამ ცენტრში.
"რა თქმა უნდა, საქართველოს სურვილია, რომ ეს პროცესი განხორციელდეს საერთაშორისო ზედამხედველობით, რადგან ჩამოსული სპეციალისტებისგანაც პროვოკაციები გამორციხული არ არის. ამ განმარტებაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ საქართველო რაიმეს არღვევს და რაიმე წესის წინააღმდეგ მიდის. ეს უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება.
"რუსეთმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მართლაც ჩამოვიდნენ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მათი მეშვეობით გაფანტონ ეჭვები ან დაასაბუთონ, რა ხდება ისეთი, რასაც რუსული პროპაგანდა თავზე ახვევს საკუთარ მოსახლეობას, ან შეწყვიტონ ეს სრულიად უსარგებლო და პროვოკაციული ქმედება," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.
კაკაჩიას აზრით კი, თუკი რუსეთის მიზანია, გაიგოს, რა საქმიანობას ეწევა ლუგარის ლაბორატორია, საქართველომ რამდენჯერმე განმარტა ამის შესახებ, თუმცა რუსულ მხარეს "გაგება არ უნდა".
"საქართველომ რამდენჯერმე განმარტა ამ ლაბორატორიის საქმიანობა სხვადასხვა დონეზე და მათ შორის უმაღლეს დონეზეც. მგონია, რომ ამაზე ზედმეტი ყურადღების გამოჩენა აღარ ღირს. გამგები აქამდეც გაიგებდა, რაც არის, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას ამის გაგება არ უნდა.
"ყოველ წუთს ამ განცხადებებზე რეაგირებას აზრი არა აქვს. თუ რუსეთს უნდა, არსებობს სხვადახვა ფორმატი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით. მათ შეუძლიათ, დელეგაცია გამოგზავნონ და გაარკვიონ. რუსეთი ამით არ არის დაინტერესებული, თორემ აქამდე გააკეთებდა," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.