ეკატერინე ბასილაია
21.12.2018

 "ხო, გაიმარჯვეს ("ოცნებამ"), დაინახეს, რომ ხალხისთვის "ნაციონალები" მიუღებელია, მაგრამ გამარჯვებულებს ხშირად უჭირთ-ხოლმე ისე მოქცევა, რომ უფრო დიდი დანაშაული არ ჩაიდინონ, ვიდრე მეორე დამნაშავე მხარემ. ალბათ ოქიტაშვილი არ დაფიქრებულა იმაზე, რომ თუ ანანიაშვილს უარს ეტყვიან დასის ხელმძღვანელობაზე, უპრიანია, უარი უთხრან მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, თუკი ხელმძღვანელობას რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებს. თუკი იდეოლოგიური თვალსაზრისით ეტყვიან უარს, ეს უკვე ბოლშევიკობაა," - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

"რეზონანსი": "ნაცმოძრაობის" წევრ დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეუფარდეს პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი გირაოს ითხოვდა და 30 დეპუტატიც უდგებოდა მას თავდებში. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან გვახსოვს საპირისპირო, როცა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ცემის გამო ფარცხალაძეს და კორცხელის ინციდენტის გამო მოჭიდავეებს გირაო შეუფარდეს. რასთან გვაქვს საქმე?

რამაზ საყვარელიძე: შერჩევითი სამართლის პრობლემა არსებობს, მაგრამ პოლიტიკური პატიმრობის აუცილებლობა არ გამომდინარეობს შერჩევითი სამართლიდან. აგერ მაჩალიკაშვილი-სარალიძე ქუჩაში არიან შერჩევითი სამართლის გამო, მაგრამ პოლიტიკურ პროცესად ეს არ აღიქმება. არის თუ არა შერჩევითი სამართალი, ესეც დამაფიქრებელია, რადგან ლაპარაკია პოლიციელებზე და პოლიციელებთან დაკავშირებით ყველა ქვეყანაში გამკაცრებულია სამართლის ნორმები. გახარიამაც თავისი ცნობილი მუქარა რომ თქვა, დაიწყო პოლიციელების მიმართ მადლობით და ბოდიშით. თუკი პოლიციელებს არ ექნებათ იმის განცდა, რომ მათ მიმართ ჩადენილი უხეშობა-ძალადობა დაისჯება, მათში ნელ-ნელა დემორალიზება დაიწყება.

"რ": მიგაჩნიათ, რომ კირკიტაძე მკაცრად იმიტომ კი არ დაისაჯა, რომ ოპოზიციონერია, არამედ იმიტომ, რომ პოლიციელს დაუპირისპირდა? მაგალითად, "ოცნების" დეპუტატ ნიშნიანიძისთვის პიჯაკის ჩამოხევის გამო მომიტინგე გირაოს ნაცვლად 2 თვე ციხეში ჩასვეს, ხოლო "ოცნებისიანი" ფარცხალაძე და მოჭიდავეები გირაოთი გაუშვეს. ვხედავთ, რომ "ოცნება" მუდმივად მკაცრად სჯის ოპონენტს და მსუბუქად სჯის თავისიანს. თქვენ პირიქით გინახავთ?

რ.ს: საქართველოში არცთუ იშვიათია ეს ფორმულა - ჩემიანი და სხვისიანი. არც ერთი წუთით არ ვკამათობ იმაზე, რომ "ოცნება" მოქმედებს ფორმულით - ჩემს შვილს ხომ არ მოვაჭრი თავს და არცთუ შორსმჭვრეტელური პოლიტიკაა ეს.

"რ": თუ შორსმჭვრეტელური პოლიტიკა არაა სხვისიანის მკაცრად დასჯა, რას მოუტანს ეს "ოცნებას"? უფრო მეტ ადამიანს ხომ განაწყობს ეს მის საპირისპიროდ და რაში სჭირდება?

რ.ს: თუკი მივყვებით 6-წლიან ისტორიას და ბოლოში ივანიშვილის ღია ტექსტით მობოდიშებას, თვითონაც აცნობიერებენ, რომ უამრავი რაღაცები გააკეთეს ისეთი, რაც მათთვისვე არ იყო ხელსაყრელი და დახვდათ წინ - პირველ ტურში.

"რ": მაგალითად, ოპოზიციონერის დაპატიმრება დახვდებათ წინ?

რ.ს: არა... მე ვენებს არ ვიჭრი ჩემს ამ ნათქვამზე, მაგრამ თუკი ძალთა გადანაწილება ისეთი იქნება, როგორიც ახლაა, ერთ მხარეს "ქართული ოცნება" და მეორე მხარეს "ნაცმოძრაობა", პროცესი ისე წავა, როგორც წავიდა მეორე ტურში. "ნაციონალების" აღზევება იმდენად მიუღებელია, რომ მოსახლეობა ისევ "ოცნებას" დაუჭერს მხარს, თუკი ძალთა პროპორცია ასეთი იქნება. თუმცა საკმარისია, გამოჩნდეს სხვა პოლიტიკური ჯგუფი, ამიტომაცაა მუდმივად ლაპარაკი მესამე ძალაზე, რომელიც თავისი ძალით გაუტოლდება ამ ორ პარტიას და გააჩენს იმის განცდას, რომ აჯობებს "ქართულ ოცნებას". ის ძალა აიღებს მერე ამ უკმაყოფილოთა ხმებს. "ნაციონალების" მიმართ უკმაყოფილების ხარისხი ჯერჯერობით უფრო მაღალია, ვიდრე "ოცნების" მიმართ უკმაყოფილების ხარისხი.

"რ": კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი მოითხოვს, რომ ნინო ანანიაშვილი ან საკუთარი ქმრის, გრიგოლ ვაშაძის, განცხადებებს გაემიჯნოს, ან გადადგეს ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან და ამ მოთხოვნით აქციების დაწყებასაც აანონსებს. რა არის ეს, "ოცნებამ" გაიმარჯვა და ახლა ოჯახის წევრების ოპოზიციონრობის გამო ადამიანების რეპრესიებს უნდა ველოდოთ?

რ.ს: ხო, გაიმარჯვეს, დაინახეს, რომ ხალხისთვის "ნაციონალები" მიუღებელია, მაგრამ გამარჯვებულებს ხშირად უჭირთ-ხოლმე ისე მოქცევა, რომ უფრო დიდი დანაშაული არ ჩაიდინონ, ვიდრე მეორე დამნაშავე მხარემ. ალბათ ოქიტაშვილი არ დაფიქრებულა იმაზე, რომ თუ ანანიაშვილს უარს ეტყვიან დასის ხელმძღვანელობაზე, უპრიანია, უარი უთხრან მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, თუკი ხელმძღვანელობას რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებს. თუკი იდეოლოგიური თვალსაზრისით ეტყვიან უარს, ეს უკვე ბოლშევიკობაა. ეს რომ გააცნობიეროს ოქიტაშვილმა, ალბათ პირველი, ვინც ასეთ დამოკიდებულებას გააპროტესტებს, თვითონ იქნება.

"რ": თქვენ ასე გგონიათ?

რ.ს: ჩვენ შევუძახოთ და მიხვდება.

"რ": მამუკა ბახტაძემ გვითხრა, რომ სიღარიბე 10%-ით შემცირდა თურმე. შემდეგ ეკონომიკის მინისტრმაც განაცხადა, რომ შეიძლება ხალხს განცდა აქვს, რომ უჭირს და უარესად ცხოვრობს, მაგრამ ასე არ არის და ჩვენ ყოველთვე უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთო. არადა, გვახსოვს, რომ კვირიკაშვილი 6 თვის წინ, იუნისეფის კვლევის მიხედვით, სწორედ სიღარიბის ზრდის გამო გაუშვეს პრემიერობიდან და გამოდის, ამ 6 თვეში გამოსწორდა პრობლემა და ადამიანები მართლა უკეთესად ცხოვრობენ?

რ.ს: ეტყობა, მე ადამიანებში არ გავდივარ იმიტომ, რომ დიდ უკეთესობას ვერ ვამჩნევ. ეკონომიკის მინისტრს ეს შეკითხვა ჟურნალისტმა დაუსვა და შემდეგ არ ჩაძიებია, თუ რა კრიტერიუმებით არის ეს გათვლილი. გააჩნია, როგორია გათვლა - ეროვნული შემოსავალი გაყოფილია ადამიანების რიცხვზე და გამოდის, რომ თითოეულს მოემატა შემოსავალი. მათემატიკური ოპერაციაა. პრობლემა ისაა, რომ შეიძლება იზრდება ქვეყანაში შემოსავალი, ოღონდ რის ხარჯზე? კაზინოების ხარჯზეა და კაზინოების ხარჯზე გაზრდილი შემოსავლი სამუშაო ადგილების შექმნას ხომ არ გულისხმობს?

"რ": პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი რომ გვიმტკიცებენ, თქვენ, მოსახლეობამ არ იცით, რომ უკეთესად ცხოვრობთო - ეს რა მესიჯია?

რ.ს: ნუ მივაწერთ, რომ ეს პოლიტიკური განაცხადია. ჯამი გაყოფილი რაოდენობაზე - ამ რიცხვებზე დაყრდნობით გამოდის ისე, როგორც ითქვა. რაც თქვენ გაიხსენეთ, იუნისეფის კვლევა კი, თუ არ ვცდები, სოციოლოგიურად იყო ჩატარებული, პარამეტრების გარდა, მოსახლეობასაც ეკითხებოდნენ, რა მდგომარეობაშია მათი პირადი ეკონომიკა და ეს მონაცემი უფრო ახლოსაა იმ პრობლემასთან, რასაც თქვენ ამბობთ, კონკრეტული ადამიანების ეკონომიკა გაიზარდა თუ არა. აღმოჩნდება, რომ ვიღაცების ეკონომიკა ძალიან გაიზარდა და ვიღაცების იგივე დარჩა ან გაუარესდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×