მართალია ბოლო პერიოდში გაზრდილია სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა, თუმცა გრიპის ვირუსის ეპიდემიაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების რაოდენობა სეზონურად ყოველწლიურად იმატებს, წელიწადში მინიმუმ ორჯერ. ახლაც, როგორც მოსალოდნელი იყო, დეკემბრის ბოლოს ჩვენ გაზრდილ რაოდენობას ველოდებოდით. ხაზგასმით ვამბობ, ეპიდემიაზე, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის. როგორც წინა წლებში, ავადობის შემთხვევათა რაოდენობა გაზრდილია. შესაბამისად, მომატებულია სასწრაფო დახმარებების გამოძახების რაოდენობაც.
„მონიტორინგს ვაკეთებთ და საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ, ოჯახის ექიმებს კი ავტომობილებით უზრუნველვყოფთ. თუმცა მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ გრიპის ვირუსის სიმპტომების, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, თვითმკურნალობა არ დაიწყონ და ექიმს მიმართონ," - განაცხადა დავით სერგეენკომ.
გრიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანს ცემინების, ხველებისა და ახლო კონტაქტისას გადაეცემა. სიმპტომები იწყება უეცარად და გრძელდება რამდენიმე დღიდან კვირამდე. მისი ძირითადი სიმპტომებია ცხელება და შემცივნება, ხველება, თავისა და კუნთების ტკივილი, დაღლილობა. გრიპით გამოწვეული სერიოზული გართულებების რისკი იზრდება სხვა ქრონიკული დაავადებების ან ჯანმრთელობის პრობლემების არსებობისას.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნოთ, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.
ვაქცინაცია უსაფრთხოა. ვაქცინაციის გვერდითი ეფექტები იშვიათია და მსუბუქი; ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ტკივილი და სიწითლე ვაქცინაციის ადგილას; ძალზე იშვიათად - თავის და კუნთების ტკივილი, ცხელება, დაღლის შეგრძნება, გულისრევა. ვაქცინაციის გვერდითი ეფექტები, გრიპისგან განსხვავებით, არის მსუბუქი და ქრება სწრაფად, - ასეთ რეკომენდაციას აძლევს ხალხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას რეკომენდაციებს აძლევს.
იმისათვის, რომ გრიპის ვირუსი თავიდან ავირიდოთ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას აფრთხილებს:
გრიპმა შესაძლოა შეგიქმნათ სერიოზული საფრთხე, თქვენ და თქვენს გარშემო მყოფთ. გრიპის პრევენციის მიზნით, ჩაიტარეთ სეზონური ვაქცინაცია. ვაქცინაცია უსაფრთხოა.
დღეისთვის გრიპის ვირუსი საქართველოში არ ცირკულირებს, თუმცა 200-მდე სხვა ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს გრიპისმაგვარი დაავადება.
გრიპისმაგვარი სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს. ექიმს შეუძლია განსაზღვროს რა ტიპის მკურნალობა გესაჭიროებათ.
იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა.
გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები გამომწვევის იდენტიფიკაციისთვის არ ესაჭიროებათ.