ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელ ქარხანას სამი შეიარაღებული პირი თავს დაესხა. ტყვედ აიყვანა ქარხნის თანამშრომლები, მეწილეები და იარაღის მუქარით სეიფი გააღებინეს. მათ ქარხნიდან 50 ათასამდე ლარი გაიტაცეს.
ქარხნის თანამშრომლების ინფორმაციით, მათ იარაღიდან გაისროლეს კიდევაც და ერთ-ერთ თანამშრომელს შემთხვევით ასცდა. მათ იარაღის კონდახით თავის და სახის არეში ქარხნის მენეჯერს და თანამშრომლებს დაზიანებები მიაყენეს. აღსანიშნავია, რომ მენეჯერი, რომელსაც თავის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული იარაღის ტარით, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
თვითმხილველთა თქმით, სამივე თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. მათ საწარმოს თანამშრომლებს ძირს დაწოლა უბრძანეს და მოითხოვეს ეთქვათ, სად იყო ფული. ერთ-ერთმა მუშამ მათ სეიფზე მიუთითა და გასაღებიც გადასცა.
ქარხნის თანამშრომელი რაფიკ ბაირამოვი ყვება, რომ ქარხანაში მოულოდნელად რამდენიმე ნიღბიანი და კბილებალდე შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. ყველა თანამშრომელს სასწრაფოდ იატაკზე დაწოლა უბრძანეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი მას სახეში იარაღის კონდახი ჩაარტა. ბაირამოვი ამბობს, რომ შესაშინებლად მათ ერთხელ ჰაერში გაისროლეს და ასევე საწყობიდან სხვა ქარხნის თანამშრომლებიც შემოიყვანეს. სეიფის გასაღებს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას დახოცვით იმუქრებოდნენ.
„ყვიროდნენ, ამბობდნენ, რომ ყველას დაგვხოცავდნენ თუ სეიფის გასაღებს არ მივცემდით და ფულს არ წაიღებდნენ. შემდეგ ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიუთითა სეიფი სადაც იყო და გასაღებიც გადასცა.
სავარუდოდ, 50 ათასი ლარი იყო. შემდეგ გვითხრეს, რომ მათი გასვლიდან ცოტა ხანი ფეხზე არ წამომდგარიყავით და პოლიციაში არ დაგვერეკა. ფული აიღეს და გაიქცნენ. საკმაოდ თავდაჯერებულად იქცეოდნენ, გამოცდილი მძარცველები იყვნენ. ისინი კარგად იყვნენ ინფორმირებულები, ვინ სად იყო“,- აცხადებს ბაირამოვი.
ქარხანა „თურალ ჯგუფის“ მეწილე მარინა მიქავა ასევე ყვება, რომ ქარხანაში სამი ავტომატებით შეირაღებული პირი შევარდა. ერთმა მათგანმა ქარხნის ერთ-ერთი მეპატრონე ტყვედ აიყვანა და მოსთხოვა, რომ სასწრაფოდ ფული გამოეტანა. ერთ-ერთ თანამშრომელს კი სროლის შედეგად ტყვიამ თავთან ახლოს გაუარა და ის მხოლოდ შემთხვევით გადარჩა. მიქავაც ამბობს, რომ მძარცველები საკმაოდ პროფესიონალები იყვნენ და ეტყობოდათ, რომ მათ ყველაფერი კარგად დაგეგმილი ჰქონდათ.
„სამი კბილებალდე შეიარაღებული ადამიანი შემოვარდა. ყვიროდნენ, რომ არავინ გატოკებულიყო. დავინახეთ, რომ საწყობიდან ერთმა ასევე რამდენიმე მუშა იარაღის მუქარით ამოიყვანა. ყვიროდნენ, ვინ იყო მეპატრონე და სეიფის გასაღები ვის ჰქონდა. შემდეგ ერთ-ერთ მეწილეს თავში კონდახი ურტყეს.
ერთმა გაისროლა კიდევაც და ჩვენს თანამშრომელს ტყვიამ თავთან სულ რამდენიმე სანტიმეტრით ჩაურა. სრულიად შემთხვევით გადარჩა. დაგვრჩა შთაბეჭდილება ყველას, რომ საკმაოდ პროფესიონალები იყვნენ. ორგანიზებულად მოქმედებდნენ. თანაც ყველაფერი სრულიად სწრაფად გააკეთეს. ჯერ კიდევ შოკში ვართ, ვინმეს რამე ზედმეტი წინააღმდეგობა რომ გაეწია, ალბათ ყველას იქვე დაგვხოცავდნენ“, - აცხადებს ქარხნის ერთ-ერთი მეწილე მიქავა.