21 დეკემბერს რუსეთმა ბრიტანული ბიბისის მუშაობისა და მისი ინტერნეტ-რესურსების კვლევა დაიწყო. 21 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური, ე.წ. როსკომნადზორი ამბობს, რომ შემოწმების მიზანია დადგინდეს, რამდენად შეესაბამება ტელეარხის მუშაობა რუსეთის კანონებს.
ერთი დღით ადრე კი ბრიტანეთმა განაცხადა, რომ განიხილავს სანქციების დაწესებას რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული RT-ისთვის, რადგან მან შვიდ გადაცემაში დაარღვია მიუკერძოებლობის კანონები, მათ შორის რუსეთის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ბრიტანეთში მოწამვლის გაშუქების დროს. ლონდონი აცხადებს, რომ მოწამვლის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვის ორი აგენტი დგას, რასაც კრემლი უარყოფს.
რუსეთის პოზიციის თანახმად სააგანტო ბიბისის რუსეთის ფილიალი ზოგადად რუსეთის ფედერაციაში, ასევე სირიაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინასთან დაკავშირებულ თემებს და ბევრ სხვა საკითხს მიკერძოებულად აშუქებდა და ტენდენციურობას ავლენდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრემდივამნა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ბიბისის შემოწმება ლონდონის ქმედებების საპასუხოდ დაიწყო. გარდა ამისა, პესკოვმა ბიბისის ტენდენციურობაში დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ ტელეარხის მაუწყებლობასთან, მის მუშაობის სტილსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა გაჩნდა:
"დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის ბევრ სამაუწყებლოს არაერთი კითხვა გაუჩნდა ბიბისისთან მათი მაუწყებლობისა და სხვადასხვა საკითხების გაშუქების ტენდენციურობასთან, წლების განმავლობაში ინფორმაციის გავრცელების ანგაჟირებულ და დაპროგრამირებულ რეჟიმთან დაკავშირებით," - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლში.
თავის მხრივ, ბიბისიმ აღნიშნა, რომ მაქსიმალურად მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს იცავს.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც კრემლსა და ბიბისის შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია რუსული პროპაგანდისტული ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებამ, რომელიც ამბობდა, რომ ბიბისი მისი დის, ალისა სიმონიანის შესახებ ახალ გამოძიებას ატარებს.
მარგარიტა სიმონიანმა აღნიშნა, რომ მისი და დამოუკიდებელ საქმიანობას ეწევა და ჩართულია ისეთ პროექტებში, როგორიცაა ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობა და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ორგანიზება.