ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმზ მატისმა თანამდებობა დატოვა. პენტაგონის ლიდერის გადაწყვეტილების მიზეზი კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უთანხმოებაა. გადადგომის შესახებ დაწერილ წერილში მატისი ამბობს, რომ მისი შეხედულებები სრულად არ ემთხვევა პრეზიდენტ ტრამპისას, მათ შორის რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებით გატარებული პოლიტიკის თვალსაზრისით.
"რადგან თქვენ გაქვთ უფლება, გყავდეთ ისეთი თავდაცვის მინისტრი, რომელიც უკეთ შეეფერება ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით თქვენს შეხედულებებს, მჯერა, რომ სწორი იქნება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან", - წერს მატისი ტრამპს.
ოფიციალურად აშშ-ის თავდაცვის მდივანი თანამდებობას დატოვებს მომავალი წლის 28 თებერვალს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა.
"გენერალი მატისი ძალიან დამეხმარა ჩვენი მოკავშირეებისა და სხვა ქვეყნების მოტივირებაში, რათა მათ შეესრულებინათ საკუთარ თავზე აღებული სამხედრო ვალდებულებები," - წერს ტრამპი.
თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ ტრამპსა და მატისს შორის არსებობდა უთანხმოება რიგი საკითხების გამო. მისი თქმით, მხოლოდ ერთო ადამიანია არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად და მთავარსარდლად და ეს დონალდ ტრამპია:
"პრეზიდენტი და მინისტრი შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნებდნენ საკუთარ აზრებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშორებით. მათ ძველებურად კარგი ურთიერთობა აკავშირებთ. მატისი კარგად ემსახურებოდა ქვეყანასა და პრეზიდენტს, მათ კარგი ურთიერთობა ექნებათ," - ამბობს სანდერსი.
მატისის მოულოდნელმა წასვლამ მწვავე რეაქცია გამოიწვია ამერიკულ საზოგადოებაში. აშშ-ის კანონმდებლებმა, დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმაც გამოთქვეს თავიანთი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
სენატის დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი წასვლა აშშ-ის ადმინისტრაციაში ქაოსის ნიშანია.
თავისი აზრი ჯეიმზ მატისის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ნენსი პელოსიმაც დააფიქსირა, რომელიც მალე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება. მან თქვა, რომ მატისის გადადგომის წერილმა "შეძრა".