ბანკების მოგება არნახული ტემპით მატულობს და წლის ბოლომდე, შესაძლოა, მილიარდს მიაღწიოს. იანვარ-ნოემბრის მონაცემით, ბანკების მოგებამ 795 მილიონ ლარს გადააჭარბა. იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკაში მინიმალური ზრდაა, საწარმოო პროცესი ჩიხშია და ნორმალურად ვერც ბიზნესი ვითარდება, საბანკო სექტორის მოგება არნახულ მასშტაბებზე ადის. ბანკების ასეთი გრანდიოზული მოგება ქვეყნის ეკონომიკას ასუსტებს და განვითარების შანსს უსპობს.
სპეციალისტების განმარტებით, გარკვეული გავლენა კომერციული ბანკების წმინდა მოგების გაზრდილ მაჩვენებელზე სავალუტო რყევამ მოახდინა, თუმცა მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორების გავლენაც. როგორც წესი, საბანკო მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებლები იხდიან სხვადასვა სახის საკომისიოს, როგორიცაა ანგარიშის გახსნის, ანგარიშის მომსახურების ყოველთვიურ, ინტერნეტ ბანკის, "ესემეს" ბანკის, ავტომატური გადახდის, თანხის განაღდების, სესხის გაცემის და ა.შ. რაც, ერთი მხრივ, მომხმარებლისთვის დამატებითი ფინანსური წნეხია, ხოლო, მეორე მხრივ, ბანკების შემოსავლის წყაროა.
ეროვნული ბანკის მონაცემიდან ირკვევა, რომ 2017 წლის მდგომარეობით, ბანკების წმინდა მოგებამ 870 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28%-ითაა გაზრდილი. 2 წლის წინ ბანკების მოგების მაჩვენებელი 679 მლნ ლარს შეადგენდა. რაც მთავარია, ამ მოგების ძირითად ნაწილს საქართველოში ინაწილებს სულ რაღაც 2-3 ბანკი.
ბანკების მოგებასთან დაკავშირებით სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ვარაუდობს, რომ მათი მოგების ზრდა მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზეა, რასაც ექსპერტების ნაწილი არ იზიარებს.
საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის პრობლემა არა ბანკების მოგება, არამედ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტრუქტურაა, რომელიც წლების განმავლობაში არ იცვლება.
"ბანკების მოგება წლის ბოლოსთვის 900 მილიონს ნამდვილად გადააჭარბებს, თუმცა მნიშვნელოვანია, უპირატესად ბიზნესსესხები იზრდება თუ ბანკების მოგება სამომხმარებლო კრედიტების ხარჯზე მატულობს. ფინანსური სექტორი ვითარდება, ხოლო მათ მოგებაზე შემდეგში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეკონომიკური დარგის განვითარება.
მარტო ბანკებს არ მიუძღვით "დანაშაული" იმაში, რომ დანარჩენი სექტორი დინამიკურად ვერ ვითარდება. ამაში დამნაშავეა ეკონომიკური სტრუქტურა, რომელიც ჩვენ გვაქვს. სიღარიბე არ არის გამოწვეული იმით, რომ ჭარბვალიანობაა, ამ პროცესს უფრო ღრმა მიზეზი აქვს და ყველაფერს ბანკებს ვერ დავაბრალებთ", - ამბობს "რეზონანსთან" თუთბერიძე.
ფინანსისტების უმეტესობას მიაჩნია, რომ ბანკები მოსახლეობის ხარჯზე აღწევენ მაქსიმალურ მოგებას, რასაც განსაკუთრებული რეაგირება სჭირდება. ერთადერთი გამოსავალი კაპიტალის ბაზრის განვითარებაა, რამდენადაც ფინანსურ ბაზრებზე სხვა ალტერნატივა რეალურად არ ჩანს.
ასე ფიქრობს ფინანსისტი დავით წიქარიძე, რომლის განცხადებითაც, მნიშვნელოვანია, ბანკებს რეალური კონკურენტი გაუჩნდეთ.
"ერთი საკითხია, რა მოგებაზე გასვლა შეუძლიათ ბანკებს, ხოლო მეორე, რამდენ საშუალებას მისცემს მათ რეგულაციები და ეროვნული პოლიტიკა. სხვა სექტორი, ფაქტობრივად, არ მუშაობს ქვეყანაში. როდესაც ბანკები ამხელა მოგებაზე გადიან და მარჟა 50%-ზე მეტია, ეს ვიღაცის ხარჯზე ხდება. ეს ვიღაც კი ყოველთვის მოსახლეობაა, რომელიც ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია. ამიტომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეკონომიკა განვითარდეს და ბიზნესს მეტი შესაძლებლობა მიეცეს.
პირველ რიგში, საფონდო ბირჟის განვითარებაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რომ ბანკებს რეალური კონკურენტი გაუჩნდეთ. როცა ბანკები ასეთ მოგებაზე გადიან, ეს ადასტურებს, რომ ქვეყანა ვერ არის წესრიგში და მთავრობამ სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს", - აცხადებს "რეზონანსთან" ფინანსისტი.
ექსპერტი პაატა გურიელიძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკური პრობლემების ფონზე ბანკებს ასეთი მოგება არ უნდა ჰქონდეთ. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი სულს ღაფავს და არც მსხვილ ბიზნესს ულხინს.
"ნამდვილად მიკვირს, რომ საქართველოში, წყალწაღებული ეკონომიკის ქვეყანაში, ბანკებს მილიონობით მოგება აქვთ. არ არსებობს ეკონომიკის არც ერთი დარგი და მიმართულება, რომელიც ასეთ მოგებაზე იმუშავებს. რაც მთავარია, ამ მოგებას საქართველოში ინაწილებს სულ 3-4 ბანკი. ისინი აკონტროლებენ ყველა ბიზნესს და სურთ, ყველაფერი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ. ამიტომაა, რომ ბანკების გარდა, გამართულად არაფერი მუშაობს.
მცირე და საშუალო ბიზნესზე რომ არაფერი ვთქვათ, ქვეყანაში მსხვილ ბიზნესსაც უჭირს არსებობა. იმის ნაცვლად, რომ ბიზნესს ეხმარებოდნენ, ბანკებს თვალი ზემოგებისკენ უჭირავთ. დიდძალი ფულადი სახსრების მიუხედავად, ეკონომიკისთვის სახეიროს ვერაფერს აკეთებენ", - აცხადებს ექსპერტი.
არსებული მონაცემებით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. თუმცა სულ 3 ბანკია, რომელიც ბაზარზე ამინდს ქმნის და თამაშის წესებს განსაზღვრავს. ფაქტობრივად, მთელი ფულადი რესურსიც მათ ხელშია.