თეო გუდავაძე
22.12.2018

 წელს საქართველოში ზამთრის კურორტებზე სეზონი 8 დეკემბერს გაიხსნა. ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე სასტუმროების ქსელები და საოჯახო ტიპის სასტუმროები დამსვენებლებს უკვე იღებენ. როგორც სასტუმროებში ამბობენ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათი ოთახების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია. ფასები არ შეცვლილა და მეპატრონეები ცდილობენ, შეინარჩუნონ ძველი ტარიფი, რათა დამსვენებელთა ოდენობამ არ იკლოს.

ახალი წლის უქმეების პერიოდი ზამთრის კურორტებზე ძალიან დატვირთულია. ძველით ახალი წლის ჩათვლით ნომრებისა და საოჯახო ტიპის სასტუმროების უმრავლესობა უკვე დაჯავშნილია.

ბაკურიანში დიდველთან მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროს მეპატრონე ალექსანდრე ქობულაძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ სეზონის გახსნამდე იგი ფასების მატებას ვარაუდობდა, თუმცა ლარის კურსის შედარებით დარეგულირების შემდეგ იგივე ფასი დატოვა, რაც წინა წელს ჰქონდა.

"სიმართლე გითხრათ, ვაპირებდი ფასების ზრდას, რადგან ლარის კურსი მკვეთრად იყო დაცემული და მეგონა, სხვა გზა არ მექნებოდა, თუმცა ახლა შედარებით დარეგულირებულია კურსიი და ჯერჯერობით ვინარჩუნებ შარშანდელ ფასს.

ნომრები შობის ჩათვლით დაკავებულია. სასტუმროებთან შედარებით ჩვენი საოჯახო ტიპის საცხოვრებელი იაფია და ძალიან ბევრი ტურისტი მირეკავს, თუმცა დაჯავშნილია ოთახები. სახლში სულ 3 საძინებელი ოთახია და ახალი წლიდან 2 იანვრის ჩათვლით 6 კაცზე 700 ლარად გავაქირავე საუზმის გარეშე. ამ პერიოდში შედარებით ძვირია და მეც ამიტომ მოვუმატე ფასს. მანამდე კი, ანუ დეკემბრის შუა რიცხვებამდე, 20 ლარადაც ვაქირავებდი ოთახს.

ჯერჯერობით არ არის ისეთი თოვლი, რომ ბევრი ხალხი იყოს, არც სასრიალოდ ვარგა ტრასები, თუმცა ახალი წლისთვის თოვლსაც ველოდებით და მეტ დამსვენებელსაც ბაკურიანში. შარშან ამ დროს უფრო მეტი ხალხი გვყავდა, ვიდრე წელს. არ მგონია, ეს ფინანსების გამო იყოს. უფრო ახალ წელს და დასვენების დღეებს ელოდებიან, როდესაც ამინდი შეიცვლება და შვებულების პერიოდიც დაემთხვევათ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას სასტუმროს მეპატრონემ.

ბაკურიანში შესაძლებელია ასევე კოტეჯებისა და დიდი აპარტამენტების ქირაობა, თუმცა ფასები შედარებით მაღალია. მაგალითად, "ვილა მთაში" თითო კოტეჯს დღეში 900 ლარად აქირავებს მთელ სეზონზე, ხოლო "ორბი პალასის" აპარტამენტების ფასი დღეში 1000 ლარიდან იწყება.

შედარებით იაფია მესტია, სადაც ძირითადად საოჯახო ტიპის სასტუმროებს სთავაზობენ დამსვენებლებსა და ტურისტებს. მათი ფასები 50-დან 80 ლარამდე მერყეობს. ამ ეტაპზე დამსვენებლები სვანეთში გამგზავრებისგან მაინც თავს იკავებენ და დიდ თოვლს ელოდებიან, რომ სრიალის მოყვარულებმა შეძლონ კარგად გართობა.

მესტიაში დამსვენებლები ჯერჯერობით არ არიან. როგორც სასტუმროების მეპატრონეები აღნიშნავენ, ვიზიტორების რაოდენობა ახალი წლის დღეებში უფრო მეტია. თამრიკო ონიანი "გესთ ჰაუსის" მეპატრონეა. იგი ამბობს, რომ წელს ფასები უცვლელია, თუმცა ჯერჯერობით დამსვენებლები არ ჩანან. მიუხედავად ამისა, 30 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით ოთახები დაკავებულია.

"ჯერჯერობით მხოლოდ ორი ოთახი მაქვს გაქირავებული, თუმცა დაჯავშნილია. ტურისტებიც უფრო 25 დეკემბრის მერე ჩამოდიან, ალბათ შესაბამის ამინდსაც ელოდებიან. ვისაც სრიალი უყვარს, მათთვის ამინდს დიდი მნიშვნელობა აქვს. საწოლის ფასი 25 ლარიდან იწყება და 50 ლარამდე მერყეობს, გააჩნია პერიოდს.

სასტუმროები შედარებით ძვირია, შესაბამისად, დამქირავებლების სიმცირეს არასდროს განვიცდი სეზონზე. ფასები ჩვენთან საკმაოდ მისაღებია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თამრიკო ონიანმა.

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა გუდაურში. მარინა რამინაშვილი სასტუმრო "შელეს" მეპატრონეა და აღნიშნავს, რომ დამსვენებლები ასე თუ ისე არიან, რადგან მათ ამინდიც უწყობთ ხელს.

"ჩვენთან ერთ კაცზე 35 დოლარიდან 50 დოლარამდეა გადასახადი გათვლილი, გააჩნია პერიოდს. ახალი წლის პერიოდში უფრო ძვირია, ვიდრე ახლა, ისევე როგორც ყველგან. თებერვლის ჩათვლით სასტუმრო უკვე დაკავებულია, ამდენად, დამსვენებლების სიმცირეს არ ვუჩივით. ფასები, შარშანდელთან შედარებით, არ გაზრდილა და იგივე დავტოვეთ, შესაბამისად, დამსვენებლებისთვის ეს თანხა ისევე ხელმისაწვდომია, როგორც ადრე", - აღნიშნა მარინა რამინიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×