"არავინ აღიარებს, მაგრამ ფაქტია, რომ ბლოკადაში ვართ"
მარი ჩიტაია
22.12.2018

 ოკუპირებულ გალის რაიონში წინასაახალწლოდ სასურსათო პროდუქციის ფასმა პიკს მიაღწია. მართალია, საზღვარი არ ჩაკეტილა, მაგრამ საახალწლო სეზონი გალელებისთვის წელს საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ზუგდიდიდან სურსათი ნაკლებად შედის, რუსეთიდან შეტანილი საკვები პროდუქტის ადგილზე შეძენა კი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მძიმე მატერიალური პირობების გამო უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. ხალხი ფიქრობს, რომ კვირის ბოლოს საზღვარი შეიძლება მთელი 1 თვით ჩაიკეტოს და მიმოსვლას ვერ შეძლებენ.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, მათ შორის ხორცეულსა და რძის ნაწარმზეც. განსაკუთრებით გაძვირდა რძის პროდუქტი. სულუგუნის ფასი 17 ლარია, ხოლო ყველი 10 ლარამდე გაძვირდა. გალელების თქმით, წლევანდელ სეზონზე რძის ნაწარმის ნაკლებობა შეინიშნება და მასზე მაღალი ფასი მთელი ზამთრის განმავლობაში შენარჩუნდება.

საქონლისა და ღორის ხორცი, რომლის ყიდვა აქამდე 10-11 ლარადაც იყო შესაძლებელი, ამჟამად 15 ლარი ღირს. 1 ტომარა პურის ფქვილი გალის რაიონში 50 ლარი ღირს, ხოლო 1 კგ შაქრის ფასი 2 ლარია.

განსაკუთრებით გალის ქვედა ზონის მოსახლეობას უჭირს. ისინი ცენტრიდან 20-25 კმ-ით არიან დაშორებული. რაიონული ცენტრის მიმართულებით კვირაში ორჯერ ტრანსპორტიც მოძრაობს, მგზავრობა თითოეულ მოსახლეს 7 ლარამდე უჯდება.

სოფელ გაგიდაში ორიოდე სავაჭრო ჯიხურია, მაგრამ იმდენად მაღალი ფასებია, რომ ადგილობრივები პროდუქტის შეძენას საბოლოოდ მაინც რაიონულ ცენტრში ან ზუგდიდში ცდილობენ.

"ახალი წლისთვის საჭირო პროდუქტები ჯერ არ გვიყიდია. შარშან ამ დროს სურსათი მომარაგებული გვქონდა, მაგრამ წელს გაჭირვებამ ამის საშუალება არ მოგვცა. ვფიქრობ, სადღესასწაულოდ მხოლოდ ტკბილეულს ვიყიდი. ბაზარში ოჯახის 2 წევრი რომ წავიდეთ, მარტო გზაში 28 ლარი დამჭირდება.

წელს საზღვარი არ ჩაუკეტავთ, მაგრამ ზუგდიდში მგზავრობა 40 ლარამდე დაგვიჯდება. არავინ აღიარებს, მაგრამ ფაქტია, რომ ბლოკადაში ვართ, ამაზე მეტად როგორ უნდა შეგვზღუდონ? ხალხი სახლიდან მხოლოდ მაშინ გადის, როცა ამის უკიდურესი აუცილებლობაა", - ამბობს ლენა შონია, სოფლის მკვიდრი.

ნაბაკეველი ცისანა გამსახურდია "რეზონანსთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ზუგდიდში გადასვლას წინასაახალწლოდ ვერ შეძლებს და პროდუქტის ყიდვას გალშივე შეეცდება.

"ბაზარი არნახულად ძვირია, ადგილობრივი პროდუქტიც ლამის ორმაგ ფასში იყიდება. ხორცსა და რძის ნაწარმს ვერ შესწვდები. წინა წლებში ადგილზეც შეიძლებოდა შოვნა, მაგრამ ხალხს დოვლათი შეუმცირდა, იშვიათია, რომ ვინმე სახლში მოწეულ პროდუქტს ყიდდეს. ადრე ხალხს 4-5 საქონელი ჰყავდა, ახლა ოჯახების უმეტესობას თითო ძროხა შემორჩა, ღორი კი აქა-იქ ჰყავთ, ჭირის გამო ხალხი მის მოშენებას ერიდება.

სურსათის საყიდლად ხშირად მიწევს ვალის აღება. დევნილთა შემწეობის თანხას ველოდები, თვის ბოლოს უნდა ავიღო და ამის იმედად ვარ. ამ ფულით ბავშვებისთვის ტკბილეულისა და ნაძვის ხის აქსესუარების ყიდვას ვაპირებ. ალბათ ცოცხალ ხეს დავდგამთ, ძველ მოსართავებსაც გამოვიყენებ, მაგრამ ბავშვების სურვილსაც ვითვალისწინებ და რამდენიმე ახალ სათამაშოს შევიძენ", - ამბობს ცისანა გამსახურდია.

ქვედა ზონის სოფლებს შორის ოტობაია მოსახლეობის სიდიდით გამოირჩევა. სოფელში რამდენიმე პატარა მაღაზიაა. მართალია, პროდუქტი ძვირი ღირს, მაგრამ ხალხი უმტესწილად ადგილზე ყიდულობს. ოტობაიელ გულიკო ცირდავას თქმით, ამით გზის ფულს ზოგავს.

"ზუგდიდში ვერ მივდივარ, მაგრამ არც გალის ბაზარზე მიმიწვდება ხელი, გზა იმხელა ხარჯს ითხოვს, რომ მირჩევნია, აქაური მაღაზიებით ვისარგებლო. თანაც, ჯერ არ მაქვს ფული, ხოლო რამდენიმე დღეში შეიძლება საზღვარი მთელი 1 თვით ჩაკეტონ. საახალწლოდ ასეა ყოველწლიურად, წარმოუდგენელი სიტუაციაა.

სიგარეტს ვყიდი და ორიოდე გროშს ვშოულობ. აქ უფრო რუსული რუბლია მიმოქცევაში. 900 რუბლს მოვუყარე თავი. ამ ფასში ხორცს, ტკბილეულსა და სასმელს ვიყიდი. ცოტას შვილების საჩუქრებისთვისაც დავხარჯავ. გული მწყდება, რომ ქართული პროდუქცია ცოტაა. სამაგიეროდ, ბლომადაა რუსული ნაწარმი, თურქულიც ბევრია. ერთიც და მეორეც გადამყიდველებს ფსოუს გავლით შემოაქვთ რუსეთიდან. ამ დღეებში ლარს ნაკლებად ეტანებიან, ამიტომ ყველა რუსული რუბლით ვაჭრობს. ჩვეულებრივ დღეებში მოთხოვნა ორივე ვალუტაზეა", - ამბობს გალის რაიონის მცხოვრები.

ხალხი ყველაზე მეტად იმაზე წუხს, რომ წელს სუფრა "გაუღარიბდათ". ამის მიზეზად გამკაცრებულ რეჟიმს ასახელებენ, რაც ხალხს მიმოსვლისა და სურსათზე ხელმისაწვდომობის საშუალებას არ აძლევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×