"სასაცილოდ მიმაჩნია მესამე პოლიტიკური ძალის შექმნა, რადგან ამ მახინჯი სისტემიდან გასვლა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ სურს, უნდათ, ამ ნიშაში ჩაეწერონ და რაღაც წაგლიჯონ" - ასეთ პროგნოზს გამოთქვამს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მესამე პოლიტიკური ძალის შექმნასთან დაკავშირებით.
"დღეს ოპოზიცია იქცევა ისე, როგორც იქცევა, მისი მთავარი ამოცანაა, შექმნას პრობლემები, რამდენად გამოუვა, ეს დამოკიდებლი იქნება ხელისუფლების ქმედებებზე; თუ ხელისუფლება გონიერ ნაბიჯებს გადადგამს, ოპოზიციის რადიკალიზმიც შეიცვლება. მაგრამ თუ იგი აბუჩად აიგდებს საზოგადოების მოთხოვნებს, მაშინ ყველა დადგება ერთ მხარეს და ხელისუფლება მარტო დარჩება. ამიტომ ხელისუფლებას მართებს, სერიოზულად მიუდგეს არსებულ პრობლემებს, პირველ რიგში, სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემას და ასევე გაითვალისწინოს პოლიტიკური რეალობა, რომელიც დღეს მარტივი ნამდვილად არ არის. დღეს არც პარტიაში და არც პარლამენტში სწორი განცხადებები არ არის. ეკონომიკის მინისტრის აღქმაც გასაკვირია, ამ მახინჯ სისტემაში როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა. ჩემი აზრით, მთავრობის ანგრიშში დასმული იყო სწორი აქცენტები, ვნახოთ, როგორ მოხდება მისი რეალიზება.
რაც შეეხება მოსაზრებას მესამე პოლიტიკური ძალის შექმნასთან დაკავშირებით, სასაცილოდ მიმაჩნია, რადგან ამ მახინჯი სისტემიდან გასვლა არავის უნდა. უნდათ, ამ ნიშაში ჩაეწერონ და რამე წაგლიჯონ. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე პოლიტიკური ძალა შეიკრას. თუ პროგრესული ძალა იქნება, მაშინ შეიძლება საუბარი პოლიტიკური ვითარების გამოსწორებაზე," - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.