შს მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ. მან დეპუტატებს წლის შემაჯამებელი პროგრამა წარუდგინა, სამომავლო გეგმებსა და პოლიციაში დაგეგმილ რეფორმებზეც ისაუბრა, თუმცა ყველაზე ინტენსიური მინისტრისა და ოპოზიციის დეპუტატების დაპირისპირება იყო.
პირველი, რაზეც გახარიამ ისაუბრა, უკრაინის დაკავებული მოქალაქეები, ბატალიონ "დონბასის" მებრძოლები არიან, რაზეც კითხვა მმართველი გუნდის დეპუტატმა დაუსვა.
"სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ უკრაინელებს ვერ დავარქმევდი "ბოევიკებს", თუმცა ყველა სპეციფიკური გამოცდილების მქონე ხალხი იყო," - ასე უპასუხა გახარიამ პარლამენტში დეპუტატ ნუკრი ქანთარიას, რომელმაც მინისტრს კითხვა დაუსვა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს ორ სასტუმროში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, როდესაც შვიდი ადამიანი დააკავეს.
მინისტრის თქმით, სამართალდამცველებმა "მსგავსი პროფილის მქონე" 14 ადამიანის შემოსვლა აღკვეთეს.
"იძულებულები გავხდით, ისინი ქვეყანაში არ შემოგვეშვა და ასეთი 14 პიროვნება იყო იდენტიფიცირებული. მცდელობა იყო შემდგომ იგივე პირების საზღვრებიდან შემოსვლა, თუმცა ჯერ ვართ იქ, სადაც ვართ და ამაზე მეტი საუბარი ამ ტრიბუნიდან უბრალოდ ზედმეტია," - განაცხადა მან.გახარიამ ახალქალაქში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე თავდასხმის ფაქტზეც ისაუბრა:
"ახალქალაქის ინციდენტზე, რომელიც მართლაც მძიმე იყო, სს დევნა დაწყებულია ხუთ ადამიანზე და ეს პროცესი გრძელდება."
როგორც გახარიამ აღნიშნა, საარჩევნო პერიოდში ინციდენტებთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის დევნა 26 პირზე და ამ ხალხის დიდი ნაწილი არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი.
მინისტრმა ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო კომისიის მუშაობა გააკრიტიკა.
"ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის ფუნქცია იყო, დაედგინა, იყო თუ არა სამოხელეო გადაცდომები, თუმცა კომისიამ ეს ვერ დაადასტურა," - აღნიშნა მინისტრმა.
მან თქვა, რომ დღესაც არ იცის, საგამოძიებო მოქმედებები ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მართლაც განზრახ რომ არ ჩატარებულა და იქონია თუ არა ამან საბოლოო შედეგზე გავლენა.
"ჩემი ღრმა რწმენით, კომისიის ფუნქცია სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მას აშკარად დაედასტურებინა, იყო თუ არა სამოხელეო გადაცდომა. კომისიამ ეს, ფაქტობრივად, ვერ დაადასტურა," - განაცხადა მინისტრმა.
დეპუტატ აბესაძის კითხვას, ეთანხმება თუ არა გახარია ბიძინა ივანიშვილს, რომ ზაზა სარალიძის ქმედებები იყო პოლიტიკურად მოტივირებული, შს მინისტრმა "გამჭრიახი და ჩამჭრელი" უწოდა.
"თქვენ ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ხორავას ქუჩის საქმე დასრულდეს. ის კი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ბატონ ზაზა სარალიძეს მოუწია კარავში ყოფნა, სამწუხარო ის არის, რომ თქვენ იყენებთ ამას პოლიტიკურად," - თქვა მინისტრმა.
ცხარე კამათი გაიმართა კირკიტაძის დაკავებაზე.
"როდესაც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა, ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა კირკიტაძის შემთხვევაში," - აღნიშნა მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი.
"დათო კირკიტაძე სწორად "ჩავაგდეთ" და კიდევ სხვებსაც "ჩავაგდებთ", ვინც ამას დაიმსახურებს," - აცხადებს მინისტრი.
მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ გახარიას მიმართა, რომ ახალქალაქში თავდასხმაში დამნაშავეებს ხელს აფარებენ, ხოლო დავით კირკიტაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში "ჩააგდეს".
მინისტრის თქმით, კახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარეობს დამატებითი ფაქტების შესწავლა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული გამოვლინდება, ყველა პასუხისგებაში მიეცემა.
გახარიამ ე.წ. კრიმინალებთან თანამშრომლობაზე ოპოზიციის კითხვებსაც უპასუხა.
გუნავამ თქვა, რომ გიორგი გახარია კრიმინალებთან მართავდა შეხვედრას, მათ შორის იყო ზუგდიდის ე.წ. მაყურებელი, გვარად ცხაკაია.
"ბატონო თენგიზ, მეორედ დამისახელეთ ვინმე ცხაკაია მაყურებელი, ეს ცხაკაია ზუგდიდში არ იძებნება საერთოდ, ჩამოვალ ერთხელ და მაჩვენეთ, ეს ცხაკაია ვინ არის, რას უყურებს, ისიც მანახეთ. თუ გინდათ, ერთად შევხვდეთ მე და თქვენ. იქნებ "რუსთავი 2"-ს უყურეს, ან რამე. მე შემახვედრეთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ მიმართა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრ ოპოზიციონერ დეპუტატებს და განაცხადა, რომ მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.
"მე გპირდებით ამას პირდაპირ იქიდან გამომდინარე, როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისიის მუშაობა. მეორე, თქვენ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის იდეა, სამწუხაროდ, დააზიანეთ. იმედი მაქვს, პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ისე არ მოექცეთ, როგორც გააკეთეთ კომისიაში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შს მინისტრმა მისი მოსმენის შემდეგ პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა და ბოდიშიც მოიხადა, თუკი მისი გამოსვლა ზედმეტად ემოციური იყო.
"ზედმეტად ემოციური გამოვიდა გამოსვლა ჩემი მხრიდანაც და თუ გადავცდი სადღაც ზღვარს, ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას," - განაცხადა შს მინისტრმა.
მისი თქმით, შსს-მ 2018 წელს პოლიციელების ხელფასების ზრდა მოახერხა და ეს პროცესი 2019 წლისთვისაც გაგრძელდება.
ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული იყო 9 კანონპროექტი, მათ შორის ქურდული სამყაროსა და კანონიერი ქურდების წინააღმდეგ, "რომელიც, ფაქტობრივად, თავიდან დაიწერა."
მას გამოსვლისას ქება არ დაჰკლებია "ოცნების" დეპუტატების მხრიდან.
"რაც თქვენ დაინიშნებთ, ბატონო გიორგი, საკმაოდ ბევრი რთული გამოწვევა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თქვენ ეს გაიარეთ ღირსეულად", - უთხრა ნუკრი ქანთარიამ.
"ჩვენი ოპონენტები ტაშს უკრავდნენ იმ პოლიციას, რომლებიც დარბევას გვაყურებინებდნენ პირდაპირ ეთერში და დღეს გვეუბნებიან, რომ თურმე პოლიციელს რომ სცემო, პოლიციელზე რომ მოახდინო ძალადობა, ეს პოლიტიკურად მოტივირებულია," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.