ელზა პაპოშვილი
23.12.2018

 ხორავას ქუჩის საქმეზე არ არის გამორიცხული, რომ კიდევ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი 3 საათის განმავლობაში შსს-ში ახალი საქმის მასალებს ეცნობოდნენ. ასევე დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას პარლამენტში გახარიამ არ გამორიცხა, რომ საქმის ირგვლივ ახალი დეტალები გაჩნდეს.

22 დეკემბერს ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, დაახლოებით, 6-საათი რამდენიმე არასრუწლოვანს შსს-ში კითხავდნენ. გამომძიებლების კითხვებს სისხლიანი გარჩევის თვითმხილველი არასრულწლოვნები პასუხობდნენ.

სამართალდამცველებმა 10 მოზარდი გამოკითხეს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის უშუალო თვითმხილველები არიან. მათ შორის არ ყოფილა საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, მიხეილ კალანდია, რომლის დაკავებას მოკლული დათუნა სარალიძის მამა, უკვე ერთი წელია მოითხოვს.

ადვოკატები საქმის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა მათივე განცხადებით, გამოკითხვა ეხებოდა საქმის მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც, სავარაუდოდ, ცრუ ჩვენების ნაწილში არსებულ მოცემულობას შეცვლის. ამიტომაც გამორიცხული არ არის, რომ ამ ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირის დაკავებაც მოხდეს.

მედიასთან კომენტარს არც მოზარდები და მათი ოჯახის წევრები აკეთებენ, რადგან მათ გაუთქმელობაზე ხელი აქვთ მოწერილი.

"ვერაფერზე ვერ გაგცემთ პასუხს," - აღნიშნა დაკითხვიდან გამოსულმა ერთ-ერთმა თვითმხილველმა მოწმემ.

გაუთქმელობაზე ხელის მოწერის გამო, საქმის დეტალებზე, არც ადვოკატები საუბრობენ.

„ინფორმაციის გაცემისგან ვარ შეზღუდული, იმიტომ, რომ მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ორივე გაფრთხილებულები ვართ გაუთქმელობაზე," - ამბობს ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი.

რამდენიმე არასრულწლოვნის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ეს გამოკითხვები უკავშირდება შს მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტს პარლამენტში და ხორავას ქუჩის საქმეზე კამათს დეპუტატებთან.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ინციდენტში იყო გამშველებელი, მაგრამ შემდგომში გამოძიებას მისცა ამომწურავი ჩვენება, მაგრამ ახლა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რაიმე ახალი კითხვა იყოს გამოძიების მხრიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში ამ ინციდენტთან დაკავშირებით, ან არ გამოვრიცხავ, რომ სულ სხვა სახის კითხვა იყოს.

ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ, მე როგორც ადვოკატი და იურისტი მივესალმები, უმნიშვნელოვანეს საკითხზე მუშაობენ, დანარჩენი გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი... არ შემიძლია ვისაუბრო რაიმეზე, მაგრამ იქნებ დაადგეს საშველი ამ ყველაფერს. განაჩენით, რაც არ დადგინდა, შეიძლება დადგინდეს, შეიძლება არ დადგინდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც მნიშვნელოვან თემებზე მუშაობენ და მე ძალიან მომეწონა, რაც მოიფიქრა სამინისტრომ და რაზეც მუშაობენ," - განაცხადა ადვოკატმა, თამარ აბესაძემ.

შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობდა.

„ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გრძელდება გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვის პროცესი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.

კერძოდ, გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებაზე", - ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×