"ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერაა საქართველოს მიმართ აშშ-ის მხრიდან"
ტატა შოშიაშვილი
24.12.2018

 ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ერთსულოვნად დაგმო რუსეთის დამპყრობლური ხასიათის ქმედებები საქართველოში, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები და საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის, მკვლელობა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი - "საქართველოს მხარდამჭერი აქტი".

"მთელ კვირასთან" საუბრისას კორნელი კაკაჩიამ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ასეთი მასშტაბის გადაწყვეტილების მიღება საქართველოს სასარგებლოდ კიდევ ერთხელ გამოხატავს მათს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ.

აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კონგრესის დოკუმენტი საგარეო უწყების უდიდესი შრომისა და გაწეული ძალისხმევის შედეგია. მან საერთაშორისო მხარდაჭერაზე საუბრის დროს საერთაშორისო და ორმხრივ ფორმატში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენ ბოლო სამი წელია, აქტიურად ვიყენებთ ახალ ფორმატებს, მათ შორის საქართველოს მეგობარი ქვეყნების განცხადებას და ეუთო-ს კონტექსტში გავაჩინეთ მნიშვნელოვანი მინიშნებები, თუნდაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე.

"ამ სიასთან დაკავშირებით პარლამენტმა რეზოლუცია, მთავრობამ კი დადგენილება მიიღო. ვნახეთ, უმოკლეს პერიოდში როგორი გამოხმაურებებია - ევროპარლამენტის რეზოლუცია, ირლანდიის პარლამენტის რეზოლუცია, ლიტვის გადაწყვეტილება.

"ამერიკის კონგრესის საქართველოს მხარდამჭერი აქტი უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატივაა, რომლის მსგავსი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ყოფილა. ეს ხომ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ელჩების მართლაც ყოველდღიური ტიტანური შრომის შედეგია," - აღნიშნა ზალკანიანმა.

კორნელი კაკაჩიას თქმით, ახლა მთავარია, როგორ განვითარდება მოვლენები და ვინ გაიზიარებს ამ გადაწყვეტილებას სამომავლოდ.

"ალბათ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერაა საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. რაც მთავარია, ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა და ორივემ საქართველოს ამ ნაბიჯით დაუჭირა მხარი.

"ბუნებრივია, ახლა ყველა ელოდება, რომ იმავეს გააკეთებს სენატი და მერე უკვე პრეზიდენტი მოაწერს ხელს. ამის შემდეგ ეს იქცევა კანონმდებლობად, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მხარდასაჭერად", - განაცხადა კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×