მარიამ ხვედელიძე
24.12.2018

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობა 5 წლით გაგრძელდება - პარლამენტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებას შეიტანს, რომლითაც განსაკურებით მძიმე დანაშაულზე, როგორიცაა მკვლელობა, ყაჩაღობა, ტერორისტული აქტი - ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის - კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, გამოძიების ეფექტურად ჩასატარებლად ჯერჯერობით საკმარისი რესურსი არსებობს.

"უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება, ყველაფერი იგივენაირად გაგრძელდეს - ეს შეუძლებელია. საჭიროა რაღაც გზავნილები, რომ გამოძიება ისე აღარ გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. სხვანაირად ისევ იქ დავბრუნდებით, სადაც ვიყავით.

"არანაირ ეტაპზე არ დგას გამოძიება. დაიბარეს ბევრი ადამიანი, მაგრამ ბრალი არავის არ წარედგინა. ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს გამოძიების ეფექტურად ჩასატარებლად, ჯერ კიდევ არის საკმარისი რესურსი," - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ "მთელ კვირასთან" საუბრისას.

იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა, რომ ინიციატივა ხანდაზმულობის 5 წლით გაზრდაზე პოლიტიკური მოცემულობის კვალობაზეა მიღებული და არა შედეგზე ორიენტირებული. იმის მოლოდინი კი, რომ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება ხუთ წელიწადში შედეგზე გავა, ნეგატიურია.

"რამდენად შედეგიანი იქნება პარლამენტის ეს გადაწყვეტილება, მსჯელობა საკამოდ რთულია. გამოძიებას ჰქონდა საკმაოდ დიდი დრო - 20 წელზე მეტი, მაგრამ გამოდის, რომ ვერ მოხერხდა სრულფასოვანი გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამე შედეგი გვექნებოდა.

"დიდია ნეგატიური მოლოდინი, რომ ამ საქმეს არც 5 წელი ეყოფა, ეს ინიციატივა კი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოცემულობის კვალობაზეა მიღებული და არა შედეგზე ორიენტირებული.

"არ არის გონივრული და დასაბუთებული ლოგიკური მსჯელობა, რომ რაც 20 წელში შეუძლებელი აღმოჩნდა, შესაძლებელი შეიძლება გახდეს 5 წელიწადში", - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×