ელზა პაპოშვილი
24.12.2018

 პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "მთელ კვირასთან" კვირის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს. იგი ამბობს, რომ ხელისუფლება ახალი იმიჯის ფაზაში გადავიდა და, სავარაუდოდ, იმ ამომრჩევლის დაკვეთას შეასრულებს, ვინც მეორე ტურში მისცა ხმა. მათი მოთხოვნის შესასრულებლად კი მინისტრ გიორგი გახარიას გამოიყენებენ, რომელიც საზოგადოებისთვის ამ კუთხით მისაღები ფიგურა აღმოჩნდა.

ლაგაზიძის აზრით, ახლა ხელისუფლებას მცირე ადამიანური რესურსი აქვს, ამიტომაც ივანიშვილისთვის საკადრო ცვლილება საკმაოდ რთული იქნება. მან კადრების ძიების არეალი უნდა გააფართოოს და თანაც ეცადოს, რომ არა ერთგულების ნიშნით, არამედ პროფესიონალიზმის თვალსაზირისით შეარჩიოს კადრები.

 

"მთელი კვირა": როგორ შეაფასებთ დაძაბულ ინაუგურაციის დღეს. ოპოზიცია და ხელისუფლება დაპირისპირების დროს რამდენად ადეკვატურად იქცეოდნენ?

ხათუნა ლაგაზიძე: რა თქმა უნდა, ინაუგურაციის დღეს ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც თავისი მიზანი ჰქონდა. ოპოზიციის მიზანი იყო, რომ ხელისუფლება მაქსიმალურ პროვოკაციაზე წამოეგო. მათი მაქსიმუმი იყო ინაუგურაციისთვის ხელის შეშლა და მინიმუმი ხელისუფლების რამე პროვოკაციაზე წამოგება, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით რეზონანსს გამოიწვევდა.

ხელისუფლების მთავარ მიზანი კი ინაუგურაციის მშვიდობიანად ჩატარება იყო, რაც ისე უნდა გაეკეთებინა, რომ მისი იმიჯი არ დაზიანებულიყო.

თუ ისე შევხედავთ, ვინ უფრო მიაღწია მიზანს, მგონია, რომ ნაწილობრივ ორივემ რაღაცას მიაღწია, თუმცა სრულყოფილად არც ერთს არაფერი გამოუვიდა.

რაც შეეხება ოპოზიციის ტაქტიკას და პოლიციასთან დაპირისპირებას, მგონია, რომ ხელისუფლება ახალი იმიჯის მორგებას იწყებს, სწორედ იმ იმიჯისა, რისი დაკვეთაც მან მეორე ტურისთვის იმ ამომრჩევლისგან მიიღო, რომელმაც არა "ოცნებას", არამედ "ნაციონალების" წინააღმდეგ მისცა ხმა.

ის აგრესია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობაში დაგროვდა, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაივლის. "ოცნებამ" მიზანს მიაღწია, მაგრამ ეს დაგროვილი აგრესია ხელისუფლებისგან რეაქციას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მიუბრუნდება. ეს ხალხი ხელისუფლებას მოსთხოვს, აჩვენოს, რომ "ნაციონალებს" არ "უწვებიან".

ხელისუფლებას უნდა თუ არ უნდა, თავისივე შექმნილი იმიჯისა და განწყობის ტყვე გამოდის, ამიტომ კახეთის ინციდენტთან დაკავშირებითაც არჩევანში ძალიან შეზღუდული იყო. მან სწორედ იმ "მომთხოვნი" ამომრჩევლისკენ გადადგა შემხვედრი ნაბიჯები და კირკიტაძის დაკავებით მათ აჩვენა, რომ დაპირებებს ასრულებს.

"მ.კ.": ფიქრობთ თუ არა, რომ ივანიშვილის გარემოცვა მის მაამებლობას შეეცდება და გარკვეული სახის რეპრესიებს დაიწყებს. უნდა ველოდოთ თუ არა "ნაციონალებთან" ე.წ. ყბადაღებული კოაბიტაციის დასრულებას?

ხ.ლ: რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და პროგნოზი. ეს ფაქტორთა თანხვედრაზეა დამოკიდებული: ჯერ ერთი, იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მმართველ გუნდზე საზოგადოების მხრიდან წნეხი. სოციალური ქსელები ამის კარგი ინდიკატორია. ვხედავთ, მოსახლეობა როგორ უკვეთავს ვიღაცის დაჭერას, მოხსნას და ა.შ. მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია, რამდენად იქნება ის საზოგადოება აქტიური, რომელიც ხვდება, რომ ამ აგრესიის გაღვივებას ცუდი შედეგები მოჰყვება.

ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის გამოხმაურებას, როგორ შეაფასებს ის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათი მხრიდან რამდენად მწვავე რეაქცია იქნება მოსალოდნელ დაკავებებზე.

მაინც მთავარ პასუხისმგებლობას ჩვენს საზოგადოებას ვაკისრებ. 2004-2005 წლებში, გვახსოვს ალბათ, საზოგადოების მხრიდან მსგავსმა შეკვეთებმა და მსხვერპლის მოთხოვნამ სააკაშვილის ხელისუფლება სადამდე მიიყვანა.

გვახსოვს, რომ მსხვერპლად შევარდნაძის მაღალჩინოსნებს ითხოვდნენ, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩაბმული. რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონის ფარგლებში და შურისძიების ჟინმა ავტორიტარიზმში არ უნდა ჩაძიროს ხელისუფლება. ვიცით, ასეთი რამ მერე უკან საზოგადოებას როგორ უბრუნდება.

"მ.კ.": რას იტყვით გახარიას პარლამენტში გამოსვლაზე. ხომ არ დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ "ოცნებამ" იგი, როგორც საკვანძო ფიგურა, გამოაჩინა და სწორედ მისი მეშვეობით ივანიშვილი დაპირებების შესრულებას დაიწყებს. ელით, რომ ის პრემიერად დაინიშნება?

ხ.ლ: ჩვენ ახლა "ოცნების" ახალი იმიჯის ფორმირების პროცესის წინაშე ვდგევართ. რეალურად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ "ოცნების" ექვსწლიანი სტილისტიკა და ხელწერა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათ შორის, ყველაზე ცუდი რაც იყო, ხალხმა ჰუმანური "ოცნება" ვერ იგუა. ხელისუფლების მოსვლის დღიდან "ოცნებას" უკიჟინებდნენ, რომ უნიათო და უხერხემლოა.

ახლა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ძლიერი ხელის იმიჯი მოირგოს. ვინ შეასრულებს ამ როლს ყველაზე კარგად, თუ არა გახარია. ძლიერი ხელის იმიჯი ორგანულად ყველაზე კარგად გახარიამ მოირგო.

ჩვენ ვნახეთ, თავისი ზეკრიტიკული, თავხედური და ცინიკური განცხადებებით პარლამენტის თავმჯომარე კობახიძე როგორც ცდილობდა, სწორედ ეს ძლიერი ბიჭის იმიჯი მოერგო. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ის ძლიერ ხელად ჩამოყალიბებულიყო, მისგან მხოლოდ კარიკატურა მივიღეთ, რომელიც ყოველდღიურად აკლებს "ოცნებას" რეიტინგს.

"მ.კ.": ფიქრობთ, რომ 2020 წლამდე გახარიას იმიჯი "ოცნების" მთავარი ხაზი იქნება და ის ძლიერ პოლიტიკურ ლიდერად იქცევა?

ხ.ლ: დიახ, ვფიქრობ, რომ 2020 წლამდე "ოცნებისთვის" ძლიერი ხელის იმიჯი გახარიას შესრულებით ერთ-ერთი გენერალური ხაზი იქნება. თუმცა, პრემიერად დაინიშნება თუ არა, ამაზე პასუხი მე არა მაქვს და იცით, ამ კითხვით ვისაც უნდა მიმართოთ.

აყველაზე თვალში საცემი ის არის, რომ პრემიერ ბახტაძეზე მისივე პიარიც კი არ ზრუნავს. არ ვიცი, ეს მიზანმიმართულად ხდება თუ არაკომპეტენტურობის ბრალია. ამის ნათელი მაგალითია პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიში, რომელზეც ის ორი საეტაპო ინიციატივით გამოვიდა: პირველად საქართველოს ისტორიაში დაანონსდა, რომ განათლებაზე დაიხარჯება სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის 11%, რაც, ფაქტობრივად, რევოლუციის ტოლფასია განათლების სფეროში;

მეორე ინიციატივა ეხებოდა მსოფლიოს ტექნოლოგიური და ინოვაციური კომპანიებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას საქართველოში, რაც მომავალი წლიდან დაიწყება და საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევას ისახავს მიზნად. ორივე ამ ინიციატივამ ისე ჩაიარა, რომ მათ საზოგადოებამდე მიტანაზე არავის უზრუნია.

"ოცნებას" შიგნით ახლა ძალიან მცირე ეფექტური ადამიანური რესურსი აქვს, ფაქტობრივად, თითზე ჩამოსათვლელი. არის მოლოდინი, რომ ივანიშვილი საკადრო ცვლილების მიმართ თავის დამოკიდებულებას რადიკალურად შეცვლის. იგი დაგვპირდა, რომ კადრებს პროფესიონალიზმის კუთხით შეარჩევს და არა ერთგულების. ასეთ შემთხვევაში მან ძიების არეალი უნდა გააფართოოს და საკუთარ გუნდს გასცდეს.

"მ.კ.": შეიძლება ითქვას, რომ გახარია, როგორც ახალი მოთამაშე ფიგურა, საზოგადოებისთვისაც მისაღებია, რაც "ოცნებამაც" დაინახა. ამიტომაც ამ ფიგურით აქტიური თამაში დაიწყო?

ხ.ლ: საზოგადოებაში ძლიერი ხელის მოთხოვნა იყო და ხელისუფლებამ გახარიას სახით მიწოდება განახორციელა. ხალხმა "ოცნებას" ძლიერი ხელი და მობილური ლიდერი მოსთხოვა, ვინც ენერგიულ, ზოგჯერ ძალისმიერ ქმედებებზე იქნებოდა ორიენტირებული.

ამიტომაც არის სოციალურ ქსელებში ის ასეთი პოპულარული. ახლა მთავარია, რომ გახარიამ ოქროს შუალედის პოვნა შეძლოს. მოახერხოს და საზოგადოების მხრიდან აგრესიის მოთხოვნასა და კანონის უზენაესობას შორის ოქროს შუალედი მოძებნოს.

როდესაც საზოგადოების მხრიდან შენი ფიგურის მისამართით ასეთი მოლოდინია, საკმაოდ რთულია, ამ ყველაფერს გაუმკლავდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×