ამ კვირას უნდა გადაწყდეს, ვინ იქნება მომდევნო 5 წლის განმავლობაში ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე და იქნება თუ არა ისევ თამარ ჟვანია, რომლის მიმართ არასამთავრობოების ნაწილს და ოპოზიციას ბევრი კითხვა აქვს, თუმცა, მმართველი პარტიის მტკიცებით, ჟვანია კარად უძღვებოდა ცესკო-ს და მის დროს "არჩევნები ყველაზე სამართლიან გარემოში მიმდინარეობდა."
ვინ იქნება ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე, დიდი ალბათობით, ამ კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ არჩევნებამდე აცხადებდა, რომ თამარ ჟვანია პოსტს შეინარჩუნებდა, რადგან ის ხელისუფლების დაკვეთების კომფორტული შემსრულებელია.
ოპოზიციის გარდა, ასევე, ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა "ოცნების" მიმართ ერთგულების პირველი ტესტი ჩააბარა, მაგრამ ვერ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი, რადგან 21 დეკემბერს წარდგენილი სამივე კანდიდატი ცესკო-სთან თუ "ოცნებასთან" დაკავშირებული ფიგურაა, მათ შორის მთავარი კანდიდატი კი მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანიაცაა, რომლის მიმართ პრეტენზიები ბევრია.
ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან: ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ა/ო "სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია.
მარიამ შელეგიაც, გარდა იმისა, რომ ის მთავრობის ადმინისტრაციიდანაა, 2015 წლამდე მერიის ადმინისტრაციის უფროსი იყო და "ოცნების" შემომწირველიცაა. მან პარტიას 2013 წელს 10 ათასი ლარი შესწირა.
რაც შეეხება ვლადიმერ ბოჟაძეს, ცესკო მისთვის მნიშვნელოვანი დონორია. მას ცესკო-ს საგრანტო კონკურსებიდან 2017-2018 წლებში 4 გრანტი აქვს მიღებული, ჯამში, 265 055 ლარის ოდენობით.
ცნობისათვის, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი საკითხი, რისი გადაჭრაც სალომე ზურაბიშვილს დაევალა, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურების შერჩევა იყო.
ზურაბიშვილმა, როგორც ამას კანონი ავალდებულებდა, ჯერ არასამთავრობო სექტორთან გაიარა კონსულტაცია, თუმცა მხოლოდ ნაწილთან. პრეზიდენტთან შეხვედრას ძირითადად იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, რომლებიც წინასაარჩევნოდ "ოცნებას" ღია მხარდაჭერას უცხადებდნენ.
კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარი თქვეს წამყვანმა ავტორიტეტულმა არასამთავრობოებმა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ", საიამ და "სამართლიანმა არჩევნებმა".
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოდან" ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ფორმალურ პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა კი მიზეზად დაასახელა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ მხოლოდ 2 საათით ადრე შეატყობინეს და მას უკვე სხვა შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებულია, კონსულტაცია გაიაროს სამოქალაქო სექტორთან და ამის შემდეგ სამი კანდიდატურა წარუდგინოს ცესკო-ს წევრებს. 12 წევრისგან შემდგარმა ცესკო-მ 5 დღის ვადაში სამივე კანდიდატს ერთდროულად უნდა უყაროს კენჭი და ხმათა 2/3-ს, ანუ 8 ხმას რომელი კანდიდატიც დააგროვებს, ის ჩაითვლება გამარჯვებულად.
თუკი 8 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, შემდეგ უკვე პარლამენტი აირჩევს ახალ თავმჯდომარეს მომდევნო 7 დღის ვადაში.
"ქართულ ოცნებაში" უარყოფენ, რომ პრეზიდენტსა და მათ შორის შეთანხმება შედგა, რომ თამარ ჟვანიას დაუჭერენ მხარს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ცესკო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ არჩევნები ძალიან კარგად ჩაატარა და მას გუნდში ბევრი მხარდამჭერი ეყოლება.
აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალების" დროს ცესკო-ში გაყალბების სპეციალისტები იყვნენ, თამარ ჟვანიას კი საკმაოდ პრინციპული პოზიცია ეკავა ბევრ საკითხზე.
ბექა ნაცვლიშვილის თქმით კი, თამარ ჟვანიამ საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე დაამტკიცა, რომ ცესკო-ს კარგად უძღვება, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებითაც, ჟვანიას დროს არჩევნები მიმდინარეობდა ყველაზე მშვიდ გარემოში და ამიტომ ის მისი არჩევის მომხრეა.
ოპოზიციის მტკიცებით, ცესკო-ს თავმჯდომარედ შერჩეული კანდიდატურები პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლება და "ქართული ოცნება" არ არიან მზად, უარი თქვან მორჩილ საარჩევნო ადმინისტრაციაზე. ოპოზიციაში პროგნოზირებენ, რომ "ცესკო-ს თავმჯდომარის საკითხი გადაწყვეტილია" და ეს იქნება ისევ ჟვანია.
ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას აზრით, სალომე ზურაბიშვილმა ნაუცბათევად დანიშნა სამოქალაქო სექტორთან აუცილებელი კონსულტაციის დრო, რის გამოც მასთან შეხვედრაზე ძირითადად ის არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ცესკო-ს მიერ გამოცხადებული სხვადასხვა საგრანტო კონკურსის მუდმივი გამარჯვებულები არიან და, აქედან გამომდინარე, კანდიდატების შერჩევის პროცესი თავიდანვე არასწორად ჩატარდა.
მისივე თქმით, კანონის მოთხოვნით, სამი კანდიდატი დასახელდა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ თამარ ჟვანიას აირჩევენ.
"შენგელია და ბოჟაძე დემოკრატიის ნიღბის გამო არიან წარდგენილები და მათ არავინ არ აირჩევს. ისევ თამარ ჟვანია გახდება თავმჯდომარე.
"ჟვანიას ძალიან ბევრ ცოდვა აქვს. მიუხედავად ამისა, მას ალტერნატივა არ ჰყავს, რადგან ხელისუფლების წინააღმდეგ უამრავი კომპრომატი აქვს და შეუძლია თქვას, ვინ როდის და როგორ ავალებდა სხვადასხვა დავალების შესრულებას, ნაღმზე კი ფეხს არავინ დააბიჯებს.
"სალომე ზურაბიშვილმა პირველი ტესტი დემოკრატიულობასა და ობიექტურობაზე ვერ ჩააბარა და ამ კანდიდატების წარდგენით მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური კლერკების ნების გამტარებელია", - აცხადებს მირცხულავა.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა იცეკვოს "ქართული ოცნების" დაკრულზე, მეტი გამოსავალი არ აქვს.
"გამომდინარე იქედან, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს რეალური ლეგიტიმაცია, თვითონაც აცნობიერებს, რომ "ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად, ასმაგი გადაიხადა მის გაპრეზიდენტებაში. მე არ ვამბობ მხოლოდ რესურსების ღირებულებაზე, პოლიტიკური "ფასი" გადაიხადა ძალიან მაღალი, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს პირდაპირი პოლიტიკური ლეგიტიმაცია. ის ძალიან სუსტი ფიგურაა ჯერჯერობით ამ პოლიტიკურ დაფაზე. არ გამოვრიცხავ, ხვალ და ზეგ ეს მობეზრდეს.
"ბუნებრივია, მან უნდა იცეკვოს "ქართული ოცნების" დაკრულზე, მეტი გამოსავალი არა აქვს", - განაცხადა ხუხაშვილმა.