თამარ შუკვანი
24.12.2018

 „რუსეთის მიზანია უკრაინას და დასავლეთს განუცხადოს, რომ სწორედ თავადაა სიტუაციის ბატონ-პატრონი, როგორც ყირიმის ნახევრკუნძულზე, ასევე აზოვის ზღვაში.

"ანექსირებულ ყირიმში რუსეთს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობა აქვს კონცენტრირებული, მათ შორის სამხედრო ავიაცია, თუმცა ამ ავიაციის გარდა, შავი ზღვის აკვატორიაში, ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის 85%-ზე მეტია განთავსებული," - აღნიშნავს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ანექსირებულ ყირიმში რუსეთმა ათზე მეტი ავიაგამანადგურებელი, - „სუ-27" და „სუ-30" ტიპის მოიერიშეები სევასტოპოლთან ახლოს მდებარე ბელბეკის ბაზაზე გაგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც აზოვის ზღვაში, მოსკოვსა და კიევს შორის სიტუაცია დაიძაბა.

„რუსეთის მიზანია უკრაინისთვის აზოვის ზღვის ბლოკირება. ვიცით, რომ აზოვის ზღვაში განთავსებულია უკრაინის მთავარი ნავსადგური, - მარიუპოლი. რუსეთი ცდილობს კუნთების თამაშს და იმის დემონსტრირებას, რომ ის დაიცავს ყირიმს, როგორც რუსეთის შემადგენელ ნაწილს. რასაც რუსეთი აცხადებს სრულიად უკანონოა," - აცხადებს ჩიტაძე.

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, კრემლი დონბასში შეჭრას აპირებს. რუსული მხარის ცნობით კი, კიევი რუსეთის საზღვრის სიახლოვეს პროვოკაციას გეგმავს, - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის განცხადებით, რუსეთი ამ გადაწყვეტილებას დასავლეთის მხრიდან საკმაოდ მკაცრი რეაქცია მოჰყვება, - შესაძლოა კრემლის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდეს, რაც შემდგომში რუსეთის ეკონომიკაზე აუცილებლად აისახება.

„დასავლეთი კიდევ უფრო გაამკაცრებს კონკრეტულ სანქციებს რუსეთთან მიმართებაში, რადგან უკვე ჩაშლის პირას არის გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის განხორციელების საკითხი. გარდა ამის, შესაძლოა სხვა ტიპის საქნციებიც ამოქმედდეს რუსეთის წინააღმდეგ.

„ყველაზე უკიდურესი მიდგომა, - არ გამოვრიცხავ სვიფტის საერთაშორისო სისტემიდან რუსეთის გათიშვას. სვიფტი არის საერთაშორისო საბანკო სისტემა, რომელშიც რუსეთი ჩართულია. სვიფტის სისტემიდან რუსეთის გათიშვა ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც ნავთობზე ფასები ეცემა," - ამბობს ის.

მისი თქმით, ნატო-მ და აშშ-მა შავი ზღვის აკვატორიაში შესაძლოა სამხედრო გემები გაგზავნოს, თუმცა, ჩიტაძე რუსეთსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო შეტაკებას გამორიცხავს.

„სანქციებთან ერთად არა არის გამორიცხული, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა დამატებით სამხედრო გემები გაგზავნოს. სამხედრო შეტაკება რუსეთსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის არ მოხდება. დასავლეთი არა სამხედრო, არამედ უფრო ეკონომიკური ხასიათის ზომებს მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×