ელზა პაპოშვილი
24.12.2018

 სასტიკი და სისხლიანი გარჩევა წავკისში - ადგილობრივი მცხოვრებლები „რეზონანსთან“,  სავარაუდო დაპირისპირების მიზეზებზე ყვებიან. ქუჩაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე  ხანჯლით მოკლულია 2 ახალგაზრდა მამაკაცი, დაჭრილია კიდევ ორი. მოკლულები ბიძაშვილები არიან, 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები. 

ერთი მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. დამნაშავეები კი შემთხვევის ადგილიდან,  სავარაუდოდ, საკუთარი მანქანით მიიმალნენ. მკვლელები იდენტიფიცირებულები არიან. 

გარდაცვლილის მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ 4 მეგობარი სამძიმარზე მიდიოდა, რა დროსაც მათ გამვლელის მანქანის სარკე შემთხვევით დააზიანეს. სწორედ ამის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი და ფზიკური დაპირისპირება დაიწყო. სავარუდოდ, ბიძაშვილებმა მძღოლისთვის ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც, დაზარალებულმა მეგობრებს დახმარებისთვის  დაურეკა. სწორედ საქმის გასარჩევად მისულმა პიროვნებამ  ბიძაშვილი ფეიქრიშვილები ხანჯლით  აჩეხა. 

მეზობლები ყვებიან, რომ  არც მოკლულები და არც დაჭრილები  კონფლიქტური პიროვნებები არ ყოფილან.  მოკლულებისა და დაჭრილის მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი  ტაბახმელიდან არის. 

„ძალიან ცოტა რამ ვიცით. ერთ-ერთი ვერსიით ახალგაზრდებს შორის  დაპირისპირება მანქანის სარკის გამო მოხდა. ეს ბიჭები ამ უბნელები არიან. როგორც ვიცით სამძიმარზე მიდიოდნენ. შემთხვევით მანქანის სარკე დაუზიანებიათ  და იმ ვიღაცას მეგობრებისთვის საშველად დაურეკია. ბიძაშვილებს ზარალის ანაზღაურებაზე უარი უთქვიათ, რადგანაც მათი ბრალი არ ყოფილა.  საქმის გასარჩევად მოცვენილან და ეს უბედურება დატრიალდა. ამბობენ, რომ ერთ იყო, რომელიც პირდაპირ მანქანიდან გადმოვიდა და ორივე ბიძაშვილი  აჩეხა. იმ ერთს ხანჯალი ზურგში აქვს  ჩარტყმული. 

თავად დაჭრილმავე წაიყვანა ერთ-ერთი ბიძაშვილი მანქანით, მაგრამ გზაშვი მოკვდომია. საავადმყოფოში, რომ მიიყვანეს  უკვე გარდაცვლილი იყო. ესაა სრული უბედურება, ანგელოზივით ბიჭები იყვნენ. იმ ლექსოს ცოლი და შვილი დარჩა. ასეთი სადიზმი არ გვინახია. ბავშვები ქუჩაში დაგვიჩეხეს“,-აცხადებს გარდაცვლილი ბიძაშვილების მეზობელი „რეზონანსთან“. 

სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი სოსო დორეულს ხანჯალი ზურგში ჩაარტყეს. ახალგაზრდა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, დორეულს დაზიანებული აქვს ფილტვი. 

გვიან ღამით მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„დაზიანება იყო მიყენებული ბასრი დანით, მე-11 /მე-12 ნეკნს შუა, ჭრილობა არ იყო შემავალი, დამუშავდა ჭრილობა. ამჟამად პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურია,“ -განაცხადა ექიმმა ნიკა გავაშელაშვილმა. 

დაჭრილი სოსო დორეულის მამა თემურ დორეული ყვება, რომ  მკვლელობა და დაჭრა ცივი იარაღით მოხდა.მისი თქმით, 4  ახალგაზრდა ერთმა ადამიანმა, სავარაუდოდ, ხანჯლით დაჭრა. 

„ქალი შემოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ გარეთ ხმაურია. მითხრა, რომ ჩემმა შვილმა ვიღაც დაჭრილი წაიყვანა საავადმყოფოში, თურმე ჩემი შვილიც დაჭრილი ყოფილა.

ორივე ფილტვზე ოპერაცია გაუკეთეს და ელენთაზე იყო კიდევ დანა დარტყმული. უცხოები მოვიდნენ, ვიღაც გადმოვიდა ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა. მოტივი არ ვიცი. ამბობენ მანქანის სარკე დაუზიანებიათ და ამაზე შელაპარაკებულან. წარმოდგენა არ გვაქვს დეტალურად რა და როგორ მოხდა. როცა გამოვა ჩემი შვილი მდგომარეობიდან ალბათ ყველაფერს იტყვის“, – განაცხადა დაჭრილი ახალგაზრდის მამამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი ტაბახმელაში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი  გვარად  ყურაშვილია, რომელიც პოლიციაში ამ დრომდე გამოკითხვაზე  იმყოფება. ჯერჯერობით, უწყება არ ავრცელებს ინფორმაციას არის თუ არა ის დაკავებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.   

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×