„ეპიდემიასთან გვექნება საქმე, თუკი 100 ათას მოსახლეზე 450-დან 500 შემთხვევა იქნება დაფიქსირებული. ახლა კი, 221 შემთხვევა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე. ეს არის ორჯერ მეტი, რაც შარშან იყო და ზუსტად იმდენი, რაც შარშანწინ," - აღნიშნა დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
იმნაძე საზოგადოებას მოუწოდებს: „თავის დროზე ამისთვის ვაქცინაცია იყო შეთავაზებული. ახლა კი, ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ. ავადმყოფი უნდა დარჩეს სახლში, ჯანმრთელმა უნდა იაროს სკოლაში და სამსახურში," - აცხადებს იმნაძე.
საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები 24-საათიან რეჟიმში გადავა, ოჯახის ექიმებს კი ავტომობილებით უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში, ექიმს მიმართონ.
„ეპიდემიაზე საუბარი არ არის, როგორც წინა წლებში, წელსაც გაიზარდა ავადობისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახების რაოდენობა.
„ჩვენ გვაქვს გაწერილი ბოლო 3 წლის პროტოკოლი, რომლითაც მონიტორინგს ვაკეთებთ. საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ და ოჯახის ექიმებს ავტომობილებით უზრუნველვყოფთ.
"თუმცა, მოსახლეობას მინდა, მივმართო, რომ თუკი სიმპტომები სწრაფად იწყება, არის მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, რომ არა თვითმკურნალობას, არამედ ექიმს მიმართონ," - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ექიმი-ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს:
„გრიპის ეპიდემია ყოველწლიურად გვაქვს, ახალი არაფერია. სეზონური გრიპის ახალი შტამპის ეპიდემია გვაქვს და მათ შორის ახლაც," - აღნიშნა მან.
ინფექციონისტი ვირუსის თავიდან არიდების მიზნით საზოგადოებას მოუწოდა.
„ახლა უკვე დაგვიანებულია, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებდით მოსახლეობას და კარგი იქნებოდა, რომ შემოდგომაზე აცრები ჩაეტარებინათ გრიპის საწინააღმდეგოდ, რადგან აცრის შემთხვევაში გართულებების რისკი მკვეთრად მცირდება.
„დღეის მდგომარეობით თავის დაცვა მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად მოვერიდეთ თავშეყრის ადგილებს, ხშირად დავიბანოთ ხელები. ვინც ავად არის, გარშემომყოფები, რომ დაიცვან, ეცადონ ნუ მივლენ სამსახურში, სკოლაში. ნუ მიიღებენ თვითნებურად ანტიბიოტიკებს და ისეთი სიმპტომების შემთხვევაში, როგორიც არის ძლიერი ხველა, რამდენიმე დღე ძალიან მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, თავის ძლიერი ტკივილი, აუცილებლად მიმართონ ექიმს," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს აჭარაში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის აჭარაში გრიპის H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.