"ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტში" 100 000-ზე მეტი ფერმერი დარეგისტრირდა. პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2018 წლის ივლისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირები აღირიცხებიან.
აღნიშნული თანხვედრაშია პროექტთან "ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის". აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით, ფერმათა/ფერმერთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში 100 000-მდე ფერმის/ფერმერის რეგისტრაციას 2018 წლის ბოლომდე.
პირველ წელს პროექტის ბიუჯეტმა 300 000 ლარი შეადგინა. როგორც "ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის" მენეჯერმა დავით კიკნაძემ "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, პროექტის მიზანია, შეიქმნას მნიშვნელოვანი საინფორმაციო ბაზა, რაც გააჩენს შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტის განხორციელებისათვის სამიზნე ჯგუფები სწორად იქნეს შერჩეული.
"ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი" 2 ნაწილად არის დაყოფილი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების შესაბამისად. პირველი ფაზა ითვალისწინებდა ვალდებულებას, რომ 2018 წლის ბოლომდე დაგვერეგისტრირებინა 100 000-მდე ფერმერი ერთიან ელექტრონულ ბაზაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველადი მიზანი წარმატებით არის შესრულებული. მოკლევადიანი მიზნობრივი ჯგუფები რეგიონის, რაიონის მასშტაბით გამოიკვეთება და შემდეგში მათთვის განკუთვნილი პროექტების დაგეგმვა სამინისტროს უფრო გაუადვილდება. შესაბამისად, მეტი კომუნიკაცია გვექნება ფერმერებთან, რაც დაგვეხმარება, რომ სწორი მიდგომა ჩამოყალიბდეს და ფერმერების ინტერესებზე მორგებული პროექტები განხორციელდეს. ახლა გადავდივართ მეორე ნაწილზე, რომ დავარეგისტრიროთ ფერმერები მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" დავით კიკნაძემ.
"ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის" განხორციელების მიზნით, სააგენტოსათვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყვეს სახელმწიფო სააგენტოებმა და ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ბაზები. მოძიებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს ფერმათა/ფერმერთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში დასარეგისტრირებელი პირების იდენტიფიცირებასა და კლასიფიკაციას, ასევე, მიღებული ინფორმაციის გადამოწმებასა და დაზუსტებას, ხოლო შემდგომ მიღებული ინფორმაციის დადასტურება განხორციელდება სააგენტოს მიერ, სატელეფონო გამოკითხვის გზით.
დავით კიკნაძის თქმით, ფერმერის მხრიდან რეგისტრაციის მთავარი პირობაა, რომ მიწა დარეგისტრირებული ჰქონდეთ საჯარო რეესტრში. თუმცა, სააგენტო ნელ-ნელა გადადის ეტაპზე, როცა უკლებლივ ყველა ფერმერი დარეგისტრირდება.
"პირველ ეტაპზე ფერმათა/ფერმერთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში დასარეგისტრირებლად დაკავშირება ხდება მხოლოდ ისეთ პირებთან, რომელთაც რეგისტრირებულ საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს არანაკლებ 0,25 ჰა-ს და ამავდროულად არიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის ბენეფიციარები ან სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით.
"ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტში" მონაწილეობის ერთ-ერთი პირობა იყო ისიც, რომ ფერმერს რომელიმე პროექტში ან სამინისტროს მიერ ინიცირებულ რომელიმე პროგრამაში ჰქონოდა მონაწილეობა მიღებული. თუმცა ნელ-ნელა გადავალთ ეტაპზე, რომ მიწის რეგისტრაციის ვალდებულება მთავარ პირობად დარჩეს და სამომავლოდ უკლებლივ ყველა ფერმერმა შეძლოს ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. ყველა მათგანს ექნება შესაძლებლობა, რომ შევიდეს ვებგვერდზე და საკუთარ მონაცემს გაეცნოს", - აღნიშნა დავით კიკნაძემ.
რაც შეეხება ფერმერთა მხრიდან ინტერესს, პროექტის მენეჯერის თქმით, აქტიურობა შეინიშნება ყველა რეგიონში.
"თავდაპირველად საჯარო რეესტრიდან ავიღეთ ინფორმაცია დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესახებ, რის საფუძველზეც ჩვენი ოპერატორები უკავშირდებოდნენ ფერმერებს. შემდეგ უკვე თვითონ ვესტუმრეთ ყველა რაიონს, გავაცანით ადგილობრივ მოსახლეობას პროექტი, კომუნიკაცია შედგა. საქმეში ჩავრთეთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა მეშვეობითაც ფერმერები მასობრივად იღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას და ველოდებით, რომ ეს დადებით ასახვას მოახდენს პროექტის მეორე ეტაპზეც. 6 თვის განმავლობაში დაიხარჯა დაახლოებით 300 000 ლარი. შეიძლება ითქვას, რომ შედეგმაც არ დააყოვნა, რადგან უკვე არის ის მიზნები და ამოცანები, რომ ყველა, ვინც კი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა, აღვრიცხოთ და გამოიკვეთოს რეგიონის აქტივობა. ასევე დაკონკრეტდება მიმდინარეობები, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს სწორად დაეხმაროს", - აცხადებს დავით კიკნაძე.
2019 წელს პროექტი გაგრძელდება. პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას დადებითად აფასებენ თვითონ ფერმერებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამიერიდან სახელმწიფო უწყებასთან გაცილებით მჭიდრო კომუნიკაცია ექნებათ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი მამუკა ამონიშვილი პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა. მისთვის სააგენტოს პროექტებში მონაწილეობა წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა, რისი საშუალებითაც მამუკა ამონიშვილმა საკუთარი მეურნეობის ფეხზე დაყენება შეძლო.
"სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს რამდენიმე პროექტის ბენეფიციარი ვარ და ჩემთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია შესაძლებლობები, რომლებსაც სააგენტო ფერმერებს სთავაზობს. განვითარების პოტენციალი არის ყველგან და მთავარია, ჩვენი პრობლემა მთავრობას სწორად მივაწოდოთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ერთიან მონაცემთა ბაზაში ჩემი ინფორმაცია ჩაიდება. ეს დამეხმარება, რომ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია მქონდეს. ჩვენთან ამ ეტაპზე ყველაზე კარგად მევენახეობა და მეხილეობა, განსაკუთრებით კურკოვანი კულტურებია განვითარებული. თავის დროზე პროექტში "დანერგე მომავალი" ვმონაწილეობდი და პროექტის მხარდაჭერით კაკლის გაშენება შევძელი. წვეთოვანი სარწყავი სისტემები დამიფინანსეს, სახელმწიფოს თანადაფინანსებით შევიძინე ტექნიკა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ამ მხრივ დიდი დახმარება გამიწია", - ამბობს ფერმერი და დასძენს, რომ გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, გამოწვევები სოფლისათვის ყოველთვის არსებობს, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს იგი.
"ჩუმლაყი ერთ-ერთი მოწინავე სოფელია რეგიონში, სადაც მეხილეობა და მეღვინეობა კარგად ვითარდება, თუმცა ერთია მოსავლის მოყვანა და მეორე - მისი რეალიზაცია, რა მხრივაც დახმარება გვჭირდება. ბოლო დროს ბევრი გაკეთდა, მაგრამ პრობლემა მაინც შეინიშნება, თუმცა პროცესი დაიწყო, რამდენიმე სამაცივრო მეურნეობის პროექტი სააგენტომ დააფინანსა. ამიერიდან შევეცდებით, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით გვქონდეს მეტი კომუნიკაცია და პირადად შევძლო ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მიღება. რეგიონს აქვს განვითარების დიდი პოტენციალი და ერთად ბევრი რამ შეიძლება, გაკეთდეს", - ამბობს მამუკა ამონიშვილი.
გორელი ფერმერი ლევან სადაგაშვილი მეცხოველეობა-მეფრინველეობას მისდევს, თუმცა ამიერიდან საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას სხვა სფეროშიც შეეცდება.
"პროექტში მონაწილეობა სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტე. პირადად დამიკავშირდნენ და გამაცნეს ინფორმაცია, რის შემდეგაც გადაწყვეტილება უმოკლეს დროში მივიღე და დავრეგისტრირდი. სააგენტოს თანამშრომლებთან კომუნიკაცია ორჯერ უკვე გვქონდა და სამომავლოდ უფრო აქტიურად შევძლებ, რომ მჭიდრო კავშირი დავამყარო. გორში ფერმერული მეურნეობა მაქვს. ჯერჯერობით საქმეს კარგად ვუძღვები, მაგრამ ვთვლი, რომ ხელშეწყობა ფერმერს მუდმივად სჭირდება. ამ ეტაპზე ერთადერთი დაბრკოლება საბანკო ვალდებულებებია, რასთანაც გამკლავება ნამდვილად ძალიან რთულია. შემოსავლის ნახევარზე მეტი ბანკში მიდის, რაც განვითარების პერსპექტივას ზღუდავს.
სამინისტრომ თავის დროზე ბევრჯერ მოგვიმართა ხელი. სწორედ მისი დახმარებით შევძელი ჩემი მეურნეობის ფეხზე დაყენება, პროექტის "შეღავათიანი კრედიტი" ბენეფიციარი ვარ და მომავალშიც ვაპირებ სააგენტოს პროექტებში მონაწილეობას. ცოტა მხარდაჭერა თუ იქნება, მრავალმხრივი შესაძლებლობაა, რომ არ გაჩერდე და განვითარდე. საშუალება რომ მქონდეს, ვაზს ჩავყრიდი, ფერმის გარშემო დიდი ტერიტორია მაქვს და მინდა, მევენახეობაშიც ვცადო ბედი, თუმცა ყველაზე ეფექტურია, რომ სამინისტროსთან მქონდეს მუდმივი კომუნიკაცია, ამის საშუალებას მაძლევს "ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი". უყოყმანოდ დავრეგისტრირდი, როგორც კი ამის საშუალება მომეცა", - ამბობს ფერმერი.
ამდენად, პროექტი გრძელდება, ფერმერებს საქართველოს მთელი მასშტაბით, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში ჰქონდეთ საკუთარი მონაცემი, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფოსათვის ახალი შესაძლებლობაა, რომ შეიქმნას მიზნობრივი პროექტები, რომლებიც აგრარულ სექტორს უფრო მეტად გააძლიერებს.
( ბიზნესპრესი)