ზოგიერთი პროდუქტის მოხმარება შემცირდა, ზოგიერთის გაიზარდა
მარი გოცირიძე
25.12.2018

 ნავთობპროდუქტების ბაზრისათვის 2018 წელი საკმაოდ რთული იყო. წლის მთავარ გამოწვევას, როგორც უცხოურ ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც წარმოადგენდა არასტაბილური ფასი, რაც სხვადასხვა ფაქტორით იყო გამოწვეული. იგი წლის განმავლობაში არაერთგვაროვანი დინამიკით ხასიათდებოდა. საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა სწორედ საფასო დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება 2018 წლის შემაჯამებელ მიმოხილვაში. აგრეთვე, შეიძლება ითქვას, გამოიკვეთა საწვავის მოხმარების შემცირება, თუმცა რამდენიმე დასახელების ნავთობპროდუქტზე, მათ შორის, საავიაციო ნავთის მოხმარების რეალიზაციაც გაზრდილია.

მთლიანობაში, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აცხადებს, 2018 წლის მთავარი გამოწვევები ბიზნესსექტორისათვის იყო არასტაბილური და არაერთგვაროვანი საერთაშორისო ფასები - ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე. ფასი მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე მუდმივად სხვადასხვა მიმართულებით იცვლებოდა.

წლის დასაწყისში ნავთობის ფასი ლონდონის სანავთობო ბირჟაზე შეადგენდა, საშუალოდ, 66-57 დოლარს ერთ ბარელზე. აპრილიდან ნავთობის ფასმა პერმანენტული მატება დაიწყო და მაქსიმუმ მაჩვენებელს 9 ოქტომბერს მიაღწია - 85 დოლარი/ბარელზე. ნომებრის შუა რიცხვებიდან ნავთობის ფასმა კვლავ კლება დაიწყო და დღეისათვის შეადგენს, საშუალოდ, 53 დოლარს/ბარელზე.

მეორე მთავარი გამოწვევა იყო არასტაბილური საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით.

"წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი შეადგენდა, საშუალოდ, 2,59 ერთეულს, რის შემდეგაც ლარმა ეტაპობრივად გამყარება დაიწყო და აპრილის დასაწყისში შეადგენდა 2,39-2,40 ერთეულს. ამის შემდეგ ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო და 8 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 2,75-2,76 ერთეული. აქედან მოყოლებული, ლარმა კვლავ გამყარება დაიწყო და დღეისათვის მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2,66-ია.

შესაბამისად, საცალო ქსელში არსებული ფასები, რომელიც უმთავრესად დამოკიდებულია ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასსა და ლარის გაცვლით კურსზე დოლართან მიმართებით წლის დასაწყისიდან იცვლებოდა შემდეგნაირად: 2018 წლის დასაწყისში საქართველოს საცალო ქსელში ყველაზე მოხმარებადი "რეგულარის" ტიპის ბენზინის საცალო ფასი ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენდა 2,23-2,34 ლარს ერთ ლიტრზე, "პრემიუმი" - 2,33-2,46 ლარს, დიზელი - 2,33-2,42 ლარს.

მარტის ბოლომდე ფასი ეტაპობრივად მცირდებოდა. მატება მან აპრილის ბოლოდან დაიწყო და ნოემბრის დასაწყისში წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებლამდე ავიდა. კერძოდ: "რეგულარი" ტიპის ბენზინი - 2,39-2,56 ლარი ერთ ლიტრაზე, "პრემიუმი" - 2,53-2,64 ლარი, დიზელის საწვავი - 2,55-2,70 ლარი.

ნოემბრის შუა რიცხვებიდან საწვავის ფასი კლებას იწყებს. დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: "რეგულარი" ტიპის ბენზინი - 2,29-2,49 ლარი ერთ ლიტრზე, "პრემიუმი" - 2,44-2,57 ლარი, დიზელი - 2,49-2,63 ლარი. საწვავის ფასების კლება მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ, წინა წლებისაგან განსხვავებით, შეინიშნება ნავთობპროდუქტების მოხმარების შემცირება, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული.

"2018 წელი ალბათ გამორჩეული იქნება იმითაც, რომ ბოლო წლების დადებითი ტენდეციებიდან გამომდინარე, რომლებიც დაკავშირებული იყო საწვავის მოხმარების ზრდასთან, წელს საწვავის მოხმარების შემცირება დაფიქსირდება. ეს განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის, ქვეყანაში ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობის მატებით; ბუნებრივ აირსა და ბენზინის ფასს შორის სხვაობის ზრდით. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების მოხმარების შემცირებაზე გარკვეული გავლენა მოახდინა თხევადი აირის მოხმარების მატებამ ავტომობილების გასამართად; თურქეთში დიზელის საწვავის გადინების კლებამ და სხვა.

რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტებს, ერთ-ერთი პროდუქტი, რომლის მოხმარებაც და რეალიზაციაც საგრძნობლად გაიზარდა, არის საავიაციო ნავთი. მისი იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დაკავშირებულია საქართველოში საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების მიერ საერთაშორისო რეისების ზრდასთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების მატებას", - აღნიშნავს ვანო მთვრალაშვილი.

რაც შეეხება საგზაო ბიტუმს, 2018 წელს, სავარაუდოდ, მისი მოხმარება დაიკლებს. სანავთობო ბიტუმი ძირითადად გამოიყენება გზების მშენებლობაში. იმპორტის კლება პირდაპირ უკავშირდება შედარებით ნაკლები მოცულობის საგზაო სამუშაოების შესრულებას გასულ წელთან შედარებით.

შემცირებულია ასევე გათხევადებული აირი პროპან-ბუტანის ნაერთი (ელპიჯი) მოხმარებაც. გათხევადებული აირი გამოიყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიზნით, ავტომობილების გამართვისათვის და სამრეწველო დანიშნულებით.

"ბოლო პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო დანიშნულებით აღნიშნული პროდუქტის მოხმარება იზრდება, რადგან წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ავტომობილების რაოდენობა (დაახლოებით 4000 ერთეულამდე), რომლებიც თხევად აირზე მოძრაობს და ამავე დროს გაზრდილია გაზგასამართი სადგურების რაოდენობა ქვეყანაში, საერთო ჯამში აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და მოხმარება მცირდება.

რაც შეეხება საავტომობილო ზეთებს, მისი მოხმარება გაზრდილია. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ 2018 წელს მნიშვნელოვნადაა მომატებული ქვეყანაში ავტოგასამართი სადგურების ოდენობა, რომელიც 1200 ერთეულამდე აღწევს", - აცხადებს მთვრალაშვილი.

2019 წლიდან ძალაში შევა მთავრობის დადგენილება საწვავის ხარისხობრივ ნორმებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საქართველოში გაიყიდება "ევრო-4" ტიპის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავი. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოხდა მასობრივად ავტოგასამართი სადგურებიდან სინჯების აღება ბენზინში ტყვიის შემცვლელობის დადგენის მიზნით. ქვეყნის მასშტაბით 240 სინჯის აღება განხორციელდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საავტომობილო ბენზინის ყველა საკვლევ ნიმუშში ტყვიის შემცვლელობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება.

 ( ბიზნესპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×