"თიბისი ჯგუფი" და ALLPROPERTY.GE საქართველოში უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებენ. ამისათვის "თიბისი ჯგუფი" უძრავი ქონების პლატფორმა ALLPROPERTY.GE-ს 90%-იან წილს ყიდულობს. მხარეებს შორის ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი.
როგორც "თიბისი ბანკში" განმარტავენ, უახლოეს მომავალში ციფრულ პლატფორმა ფდდზკწზუკენყპუ-ს ბევრი ახალი ფუნქციონალი დაემატება, რაც მომხმარებლებს გაუმარტივებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. პლატფორმა ღია იქნება როგორც ბინის გაყიდვის მსურველი ფიზიკური პირებისათვის, ისე დეველოპერებისათვის. ALLPROPERTY.GE-ზე განთავსდება გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ. უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული პირი, დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეძლებს შემდეგი სერვისების მიღებას: უძრავი ქონების მოძებნა; შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით; შეფასება; დაფინანსების მიღება; უძრავი ქონების გადაფორმება; რემონტის დაგეგმვა; ავეჯის შეძენა.
თუმცა, ეს არ არის მომსახურების სრული ჩამონათვალი. ციფრული პლატფორმა მიზნად ისახავს ყველა იმ სერვისისა თუ ფუნქციონალის განვითარებას, რომლებიც უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა, დასჭირდეს ბინის ყიდვიდან საცხოვრებლად გადასვლამდე.
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე თორნიკე გოგიჩაიშვილის განცხადებით, ციფრული ეკოსისტემა იქნება აბსოლუტურად ღია და სარგებლიანი ყველა მხარისათვის, რომელთა ინტერესიც უძრავი ქონების ბაზარს უკავშირდება.
"თიბისი ჯგუფმა" გადაწყვიტა, უძრავი ქონების ციფრულ პლატფორმაში მონაწილე კომპანიასთან ერთად განავითაროს უძრავი ქონების ეკოსისტემა, რაც პირდაპირ ეხმიანება სტრატეგიას, რომ მომხმარებელს ცხოვრება გავუმარტივოთ. ამ მიზნით "თიბისი ჯგუფი" დაპარტნიორდა ფდდზკწზუკენყპუ-სთან, რომელსაც ციფრული ეკოსისტემის ბაზარზე ექვსწლიანი გამოცდილება აქვს. ALLPROPERTY.GE-ის არაერთი წარმატებული სტარტაპი აქვს საქართველოში განხორციელებული და ერთ-ერთი გამორჩეული ციფრული პლატფორმაა უძრავი ქონების ინდუსტრიაში. ჩვენ გვინდა, რომ უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემა ერთობლივად განვავითაროთ. ეს იქნება აბსოლუტურად ღია ეკოსისტემა და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, რომ პროდუქტის თუ სერვისის მიმწოდებელი გახდეს. აქ იგულისხმება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები, დეველოპერები, ბროკერები, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა კომპანიები - სერვისის მიმწოდებლები, რომლებსაც რამენაირად შეიძლება ჰქონდეთ შეხება უძრავი ქონების ყიდვასა და სხვა სერვისებთან დაკავშირებით. ეს არის უნიკალური სერვისი, რაც უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა, დასჭირდეს", - განაცხადა თორნიკე გოგიჩაიშვილმა.
როგორც ALLPROPERTY.GE ს დამფუძნებელმა გიორგი ჩუმაშვილმა განმარტა, "თიბისი ჯგუფი" და ALLPROPERTY.GE ერთად ააშენებენ უძრავი ქონების ეკოსისტემას, რაც იქნება პირველი ეკოსისტემა საქართველოში, რომლის ანალოგიც ჩვენს რეალობაში არ არსებობს.
"მოხარული ვარ, რომ პარტნიორობა შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია 6 წელია, ბაზარზეა, ახლა ის განვითარების სხვა ეტაპზე გადადის. ეს ნიშნავს, რომ ALLPROPERTY.GE-ზე მომხმარებელს შეეძლება მომსახურების სრული ციკლის მიღება. მას შეეძლება, ზუსტად ისეთი პროდუქტები მოძებნოს, რომლებიც მის გემოვნებაზე იქნება მორგებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიქნებით ღია პლატფორმა, ფდდზკწზუკენყპუ-ის ბაზაზე მოხდება პირველი უძრავი ქონების ეკოსისტემის განვითარება, რაც გულისხმობს არა მარტო უძრავი ქონების შერჩევასა და განთავსებას, არამედ მომხმარებელი მიიღებს ამ სეგმენტთან დაკავშირებულ უამრავ სერვისს, როგორებიცაა დაფინანსების მოძიება და ბევრი ის სერვისი, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება უძრავი ქონების ბიზნესს. ეს შეიძლება იყოს დაზღვევა, ავეჯი, სარემონტო სამუშაოები და სხვა. პრინციპში, ALLPROPERTY.GE-ის ბაზაზე მოხვედრილი ადამიანი მიიღებს სრულ, მაქსიმალურ მომსახურებას, რაც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი უძრავი ქონების შეძენის პროცესში და შემდეგშიც. ეს არის ჩვენი ამოცანა. მომავალი წლის თებერვლიდან უკვე ამ სიახლით ვიქნებით წარმოდგენილი უძრავი ქონების ბაზარზე და სიახლეებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ", - განაცხადა გიორგი ჩუმაშვილმა.
"თიბისისა" და ALLPROPERTY.GE-ს შორის თანამშრომლობა მხარეებს შორის ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს, რაც კომპანიებს მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათზე მორგებული შეთავაზებების გაკეთებაში დაეხმარება.
როგორც "თიბისი ბანკში" განმარტავენ, ALLPROPERTY.GE-ის განვითარება "თიბისი ჯგუფის" იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ციფრული ეკოსისტემების შექმნას გულისხმობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
(ბიზნესპრესი)