ეკატერინე ბასილაია
25.12.2018

 ირანიდან ოფიციალური თბილისის მიმართ უკმაყოფილება არ ცხრება. თეირანი საქართველოდან ირანელების უკან გაბრუნების მომატებული სტატისტიკის გამო ისევ გაბრაზებულია და არავინ იცის, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს უკმაყოფილება.

ამჯერად ირანის პარლამენტში განიხილეს საქართველოში ირანელი მოქალაქეების არშეშვების საკითხი და ითქვა, რომ თეირანი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედავს, თუ თბილისი არ მოაგვარებს ირანის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე გახშირებული უარის თქმის საკითხს.

"თუ საქართველო არ შეასრულებს 2010 წლის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების პირობებს და უარს იტყვის მათ განხორციელებაზე, ჩვენმა ქვეყანამ შესაძლოა, გადახედოს ამ შეთანხმებას", - განაცხადა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის წევრმა ალირეზა რაჰიმიმ.

ირანიდან პრეტენზიები თავდაპირველად ჯერ კიდევ აგვისტოში გაისმა, როდესაც აეროპორტში გამშვებ პუნქტზე საბუთების შემოწმების დროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ირანელ ქალბატონებს ჩადრის მოხსნა და სახის ჩვენება მოსთხოვეს.მაშინ თეირანმა განაცხადა, რომ ეს დისკრიმინაციული, შეუსაბამო მოპყრობაა, რის გამოც თბილისს საპროტესტო ნოტაც გამოუგზავნეს და მოითხოვეს, რომ მომავალში ირანელი ქალბატონების პირად ცხოვრებას პატივისცემით მოეპყრონ.

მაშინ ეს სკანდალი არ გამწვავებულა, თუმცა უკვე დეკემბერში თეირანის უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია. 3 დეკემბერს ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანის მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ საქართველოს საზღვარზე. მარტო ნოემბერში საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრიდან ირანის 200-მდე მოქალაქეა დეპორტირებული, მათ შორის ისეთი პირებიც, რომლებსაც საბუთები წესრიგში ჰქონდათ.

10 დეკემბერს კი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს მტკიცე რეკომენდაცია მისცა, რომ უარი თქვან საქართველოში სტუმრობაზე, თუკი ეს აუცილებელი არ არის.

სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ირანის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საქართველოში ზოგიერთი ირანელის მიმართ გამოხატული უპატივცემულო დამოკიდებულების გამო მიიღო და რომ "თეირანი გაკვირვებულია საქართველოს მხარის დამოკიდებულებით ირანის მოქალაქეების მიმართ".

თეირანმა თბილისიდან პასუხებიც მოითხოვა. ამ საკითხზე მალევე კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. მან თქვა, რომ მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ირანის 200 მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს.

ზალკალიანმა მაშინ ასევე თქვა, რომ თეირანთან კომუნიკაციის შემდეგ პრობლემა მოგვარდებოდა. რამდენიმე დღეში შეხვედრაც შედგა ირანის ელჩთან საქართველოში, რის შემდეგაც უკვე 17 დეკემბერს ირანის ელჩმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ამ კუთხით პრობლემამ ორგანიზებული ხასიათი მიიღო, მაგრამ სავიზო რეჟიმის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას და საუბარია იმაზე, რომ მიმოსვლის წესებში ცვლილება უნდა შევიდეს.

ირანის ელჩ სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის თქმით, საქართველოსა და მის ქვეყანას აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ირანის მოქალაქეებს 45 დღით ქვეყანაში უვიზოდ დარჩენის უფლება აქვთ. ამასთან, არ არსებობს შეზღუდვა განმეორებით სტუმრობაზე. დოკუმენტი არ ითვალისწინებს განსხვავებას ტურისტულ და საქმიან ვიზიტებს შორის.

"ბოლო პერიოდში აღინიშნა შეთანხმებაში ჩადებული პირობებისაგან სხვაგვარი პირობები. ამიტომ თუ რეგულაციებში რამე დასახვეწია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ უცხოელი ტურისტები გაანაწყენონ", - თქვა ელჩმა.

საგულისხმოა ის, რომ ირანის მოქალაქეების საქართველოში არშემოშვების რიცხვი ნოემბერში მართლაც გაზრდილია. შს სამინისტროს სტატისტიკით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს 12 513 პირს. მათგან უარის თქმის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ირანია - საქართველოში 10 თვის განმავლობაში ირანის 1 949 მოქალაქე არ შემოუშვეს და მარტივად რომ ვთქვათ, თვეში საშუალოდ 195 ირანელს უთხრეს უარი.

თუმცა, შს სამინისტროს მონაცემებითვე, ბევრად გაზრდილია ირანის მოქალაქეებისათვის უარის თქმის რიცხვი ნოემბერში - ირანის 434 მოქალაქეს უთხრეს შემოშვებაზე უარი.

საქართველოს ელჩი ირანში არ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სტატისტიკა ირანის იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. თუმცა, იოსებ ჩახვაშვილის თქმით, არის გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების შედეგად აღმოიფხვრება.

მისი თქმით, ნოემბერში დაახლოებით 17 000 ირანელი შემოვიდა საქართველოში და მათგან მხოლოდ 434-ს ეთქვა უარი და ეს პროცენტულად მაღალი არ არის. მისივე თქმით, ირანელებისათვის უარის თქმა და პრობლემების ნაწილი ირანიდან საქართველოში ნარკოტიკების შემოტანასთან იყო დაკავშირებული.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, განახორციელოს ის ზომები, რომლებსაც ის თვლის თავისი ეროვნული უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად, თუმცა ამავე დროს თვლის, რომ ირანთან დაკავშირებით ეს ბოლოდროინდელი სიტუაცია რამდენიმე თემას უკავშირდება.

"შეიძლება, იყოს პოლიტიკური მომენტიც. ირანსა და აშშ-ს შორს უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. ტრამპს სირიიდან ამერიკული კონტინგენტი მთლიანად გაჰყავს, სპარსეთის ყურეში სიტუაცია იძაბება და ირანის სამხედრო გემებმა დემონსტრაციული ცეცხლი გაუხსნეს აშშ-ის საზღვაო ხომალდებს.

"ამის ფონზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობები ძლიერდება, ამიტომაც შესაძლებელია, ამ გეოსტრატეგიული გამოწვევის კუთხიდან გამომდინარე, ეს იყოს ერთგვარი გამოხმაურება.

"როგორც ჩანს, იმის გამო, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეა, ირანი ამ პრეტენზიების წამოყენებით გამოხატავს თავის პროტესტს ამ პროცესში.

"როგორც ჩანს, თეირანში ელოდებიან, რომ შეიძლება, საქართველო გახდეს პლაცდარმი ირანის წინააღმდეგ ამერიკული ძალების გამოყენებისა. ამასაც არ გამოვრიცხავდი", - ამბობს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×