"ეროვნული ბანკის რეზერვების შემცირების მიზეზი, სავარაუდოდ, არის ის, რომ კომერციულ ბანკებს აძლევს თანხებს"
თამარ მუკბანიანი
25.12.2018

 ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ბაზრიდან 280 მლნ დოლარი შეისყიდა, რაც, რასაკვირველია, აისახა ლარის გაუფასურებაზე. პერიოდულად ეროვნული ბანკი ბაზრიდან დოლარის შესყიდვას ახორციელებს და ამით პირდაპირ გავლენას ახდენს კურსზე. ინტერვენციის მიზეზი ყბადაღებული საერთაშორისო რეზერვებია, რომლებსაც გვენეტაძის უწყება მუდმივად ავსებს, მაგრამ მაინც ერთ დონეზეა. ვინ და რა იმალება რეზერვების უკან, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია.

2018 წლის 24 დეკემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა კიდევ 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ბოლო 2 წელიწადში ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან 280 მილიონამდე დოლარი ამოიღო, რაც ლარის კურსზე სასიკეთოდ ნამდვილად ვერ აისახებოდა.

დღეს საქართველოს სავალუტო რეზერვები 3 088 515 900-ის ნიშნულზე და დაახლოებით, იმდენივეა, რამდენიც 2013 წლის ბოლოს, ანუ ზუსტად 5 წლის წინ. შესაბამისად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკის ზომის ზრდის მიუხედავად, რეზერვების დონე არ გაზრდილა, მეტიც, რეზერვების დონე მკვეთრად შემცირდა. შედარებისათვის, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკის ზომა ნომინალურად 29 მილიარდი ლარი იყო, 2019 წლისთვის კი მისი ზომა ნომინალურად 44.9 მილიარდი იქნება. ეს იმ ფონზე, როცა მხოლოდ 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა ცამეტი სავალუტო ინტერვენციით ბაზრიდან 145 მილიონი დოლარი ამოიღო.

რეზერვების კლება, სავარაუდოდ, 2014-15 წლებში არსებულ სავალუტო კრიზისს უკავშირდება, როცა ეროვნულ ბანკს რეზერვების გაყიდვა მოუწია გაუფასურების შესამცირებლად, თუმცა ამის შემდეგ სებ-ს არც ერთი დოლარი აღარ გაუტანია ბირჟაზე, ხოლო შესყიდვას ინტენსიურად ახდენს.

საქართველოს რეზერვების ზომა არაადეკვატურია და მას შევსება სჭირდება. იგი დაახლოებით, 10%-ით უნდა გაიზარდოს და 3.45 მლრდ დოლარს მიაღწიოს. ეს სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა. მათი ბოლო ანგარიშის მიხედვით შევსება სასურველზე ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ეროვნული ბანკის პოლიტიკას ბუნდოვანს უწოდებს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი. "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ის ამბობს, რომ არაფერი გასაკუთრებული და კატასტროფული არ ხდება იმით, რომ 100 თუ 200 მლნ აკლია რეზერვების ადეკვატურ ინდექსს, სებ-ი კი მოსახლეობისათვის ამის ჩვენებას ცდილობს.

"რეზერვების შევსების ერთადერთი გზა სავალუტო ბაზარზე შესყიდული დოლარი არ არის. სებ-ს ასევე შეუძლია, სავალუტო ფონდისაგან მიიზიდოს თანხები. რეზერვების შემცირების მიზეზი, სავარაუდოდ, არის ის, რომ ბანკებს აძლევს თანხებს.

ჩემი აზრით, არაფერი განსაკუთრებული და კატასტროფული არ ხდება იმით, რომ 100 თუ 200 მლნ აკლია რეზერვების ადკვატურ ნორმას. ამის გამო სებ-ი მუდმივად ქმნის ისეთ ფონს, რომ ეს არის ტრაგედია და თუ არ იყიდიან დოლარს ბაზრიდან, ეს კრიზისს გამოიწვევს. ჯერჯერობით, არანაირი ნიშანი არ არსებიბს იმისა, რომ სერიოზული პრობლემები შეიქმნას ამის გამო.

საგულისხმოა ისიც, რომ რეზერვების საჭიროება როცა ყველაზე მეტად იდგა, ცენტრალურმა ბანკმა დიდად მაშინაც არ გამოიყენა ლარის გასამყარებლად, ვგულისმხობ 2014-2015 წლებს, ამის შემდეგ კი საერთოდ აღარ გამოუყენებია. რად გვინდა ასეთი უქმი რეზერვი?

ბაზრიდან დოლარის ამოღება პირდაპირ მოქმედებს ლარის კურსზე. მე ვერ გავიგე, რა არის ერონული ბანკის პოლიტიკა და მათ ქმედებებიდან ამის გაგება შეუძლებელია, საზოგადოებასთან კი, ფაქტობრივად, არ ურთიერთობენ", - აღნიშნავს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჯანიაშვილი.

ანალიტიკოსი იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რომ ეროვნული ბანკი არ ერევა და არ აჩერებს ლარის გაუფასურების პროცესს, გამყარების დაწყებისთანავე კი ბაზრიდან დოლარის შესყიდვას ახორციელებს.

"გადადგამენ რაღაც ნაბიჯს, რომელიც აბსოლუტურად უაზროა იმ სიტუაციაში და ამის შედეგ არც კი განმარტავენ, რა და რატომ ჩაიდინეს. რეგიონში სხვებსაც არ აქვთ ადეკვატური ინდექსი რეზერვების მხრივ, მაგრამ ამის გამო საკუთარ მოსახლეობას არავინ აზარალებს.

გვეუბნებიან, რომ ლარის კურსი თავისუფალ მცურავ რეჟიმშია, თუმცა ის მხოლოდ ცალმხრივად მიცურავს მუდმივად. ამბობენ იმასაც, რომ ერონული ბანკი არ უნდა ჩაერიოს ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგან მისი ერთადერთი იმპერატიული მოთხოვნა არის ინფლაციის მაჩვენებლის რეგულაცია. მაშინ რატომღა ერევიან მაშინვე, როგორც კი გამყარება იწყება და რატომ ზემოქმედებენ პირდაპირ დოლარის შესყიდვით? ესეც გაუგებარია. ამის ერთადერთი არგუმენტი თუ ისაა, რომ რეზერვები შეავსოს და ამიტომ აჩერებს გამყარებას, ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია ან ძალიან სერიოზული რამ იმალება ამის უკან.

მუდმივად ხდება ისე, რომ ბაზრის წონასწორობა გვკარნახობს სხვა კურსს, მაგრამ ეროვნული ბანკი მიდის, ყიდულობს დოლარს და ამით არ აძლევს ლარს გამყარების საშუალებას. ეს მხოლოდ იმისათვის, რომ ის რეზერვები შეივსოს, რომელსაც რისთვის იყენებს, არავინ იცის. გაუფასურებაში არ ერევიან, მაგრამ როგორც კი გამყარებას იწყებს, მაშინვე იწყებენ მოქმედებას", - აცხადებს ჯანიაშვილი.

ეროვნული ბანკის მიერ დოლარის შესყიდვაში პრობლემას ვერ ხედავს ფინანსისტი ლია ელიავა. მისი აზრით, კურსზე კომერციული ბანკების ოპერაციები ახდენს გავლენას და არა - ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვა. ფინანსისტის განმარტებით, ამ შესყიდვის გავლენა ეროვნული ვალუტის კურსზე თითქმის ნულოვანია.

"სავალუტო რეზერვებში მცირედი გადახრაა, თუმცა ზრდის ტენდენცია ნამდვილად არის და ის, რომ პერიოდულად იცვლება რეზერვების მოცულობა, ბუნებრივიცაა.

ლარის კურსზე ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის ამოღება არავითარ გავლენას არ ახდენს. კურსის ჩამოყალიბება ხდება კომერციული ბანკების მიერ შესრულებული ოპერაციების მიხედვით. შესაბამისად, ამოღების პროცესს ეროვნული ბანკი ასაბუთებს იმით, რომ ჭარბი დოლარიზაცია შეამციროს", - აცხადებს ელიავა "ბიზნეს-რეზონანსთან"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×