აქციზის გათანაბრებასთან დაკავშირებით აზრი ხელისუფლებაშიც და მთავრობაშიც გაიყო
თამარ მუკბანიანი
25.12.2018

 1-ლი იანვრიდან უფილტრო სიგარეტის ფასი, მინინიმუმ 1.10-ით მოიმატებს. მიზეზი პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტია, რომლის მიხედვითაც, აქციზის გადასახადი უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე თანაბრდება. გარდა იმისა, რომ ეს ადგილობრივ წარმოებას დააზარალებს და ქართული ნაწარმის ფასს იმპორტირებულს გაუთანაბრებს, სპეციალისტები შიშობენ, რომ ფასის ერთბაშად ზრდა კონტრაბანდასაც გაზრდის. ჯერჯერობით გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, თუმცა ალბათობა გაძვირებისა ძალიან დიდია.

უფილტრო სიგარეტის აქციზური განაკვეთი თუ 60 თეთრია, ფილტრიანის შემთხვევაში ის 1 ლარსა და 70 თეთრს შეადგენს. როდესაც მომხმარებელი ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტს ყიდულობს, მას მოჰყვება ფილტრი საჩუქრად. ასეთი თამბაქოს სარეალიზაციო ფასი იმპორტირებულთან შედარებით გაცილებით დაბალია, თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების მიერ ფილტრიანი სიგარეტის უფილტროდ გასაღებით კი სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს კარგავს.

ეს მედლის ერთი მხარეა, მაგრამ მეორეა არალეგალური ბიზნესის ზრდის მასშტაბები. საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდამ ისედაც უპრეცედენტოდ მოიმატა და ახლა დღის წესრიგში მორიგი დიდი საფრთხე დადგა - თუკი იაფი ადგილობრივი პროდუქცია ბაზარზე აღარ იარსებებს, კონტრაბანდას ვეღარაფერი შეაჩერებს. ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება, რომ თამბაქოს კონტრაბანდა ბოლო 2 წელიწადში 20-ჯერ და მეტადაც არის მომატებული. რასაკვირველია, ყველა სახის სიგარეტზე ფასის მატების შემდეგ, კონტრაბანდის საფრთხე და არალეგალური გზების ძიება გაცილებით მასშტაბური გახდება.

ცვლილებასთან დაკავშირებით არც ქართული ოცნების" გუნდი აღმოჩნდა ერთსულოვანი. პარლამენტის დარგობრივი ეკომომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადის გათანაბრების წინააღმდეგია.

"იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც მხოლოდ უფილტრო სიგარეტს აწარმოებენ, ეს ინიციატივა უსამართლოდ მომეჩვენა. შეგვიძლია, გარკვეული გრადაცია შემოვიტანოთ, მით უფრო, რომ ადგილობრივ წარმოებაზე ვსაუბრობთ", - აცხადებს კაკულია "ბიემთან" და დასძენს, რომ ის "ეშმაკობა" და კანონის ხარვეზი, რაც მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, უფილტრო სიგარეტს ფილტრი ცალკე მიაყოლონ, გამოსასწორებელია, რადგან უსამართლო კონკურენციას იწვევს.

კონტრაბანდის მასშტაბის ზრდის საფრთხეზე საუბრობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ახლგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ აქციზის გაძვირებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი რისკი თავიდანვე სწორად ვერ გათვალა და შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს.

"როდესაც აქციზს რამე მიმართულებით ვზრდით, შესაბამისად, მატულობს შავი ბაზრისა და კონტრაბანდის რისკიც. სტატისტიკა ამას ადასტურებს, მაგალითისათვის, 2014 წელთან შედარებით, 2017 წელს კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობა 48-ჯერ იყო გაზრდილი. ესეც უკვე იძლევა თვალსაჩინო სურათს, თუ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით.

თუკი აქციზს ჯანსაღი ცხოვრების სტიმულირებისათვის ვაძვირებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იწვევს არა მოხმარების შემცირებას, არამედ - ზრდას, რამდენადაც მყიდველი უფრო დაბალი ხარისხის სიგარეტზე გადადის. რამე პროდუქტზე თუ რამდენიმეჯერ გავზრდით აქციზს და ფასი რამდენიმეჯერ გადააჭარბებს მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასს, უნდა ვიცოდეთ, რომ სერიოზული კონტრაბანდული რისკი დაგვიდგება, რისი გაუთვალისწინებლობაც არაფრით არ შეიძლება.

ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გათანაბრება გამოიწვევს ამ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარებას. 2-3 წელიწადში თამბაქოს უკანონო ბრუნვის მასშტაბი შეიძლება 50-ჯერაც გაიზარდოს", - განუცხადა "რეზონანსს" ბაირახტარმა და ისაუბრა იმ საფრთხეზეც, რაც აქციზის გათანაბრების გამო ბიუჯეტს ემუქრება.

"ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გათანაბრებას, პირველ რიგში, მომხმარებელი იგრძნობს, რადგან მათ არჩევანიც აღარ ექნებათ. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის განვითარდება შავი ბაზარი, მისი კონტროლი კი არათუ მარტივი არ არის, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

შეიძლება დაგვიდგეს ბიუჯეტის შევსების პრობლემაც, რადგან კონტრაბანდა მოიმატებს და ეს ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება. აქედან გამომდინარე, აქციზის გათანაბრება არ იქნება სწორი გადაწყვეტილება", - ამბობს პაატა ბაირახტარი.

"ბიზნეს-რეზონანსი" თამბაქოს მწარმოებლების, განსაკუთრებით კი "თბილთამბაქოს" პოზიციითაც დაინტერესდა, რომლებით უფილიტრო სიგარეტს ცალკე აყოლებს ფილტრს და ამით ინარჩუნებს დაბალ ფასს თამბაქოზე. კომპანიაში კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ და არც იმას აკონკრეტებენ, თუ რა ეღირება სიგარეტი "პირველი" იანვრიდან. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამჟამად სავაჭრო ქსელებში "პირველის" სარეალიზაციო ფასი 2,50 ლარია, სულ რაღაც 2-3 კვირაში შეიძლება, ადგილობრივი წარმოების სიგარეტის ღირებულება 1 კოლოფზე 3,60 ლარს მიაღწევს.

"ბიზნეს-რეზონანსმა" გაარკვია, რომ ერთბაშად აქციზის მატების გადაწყვეტილებას ბოლომდე არც შემოსავლების სამსახური უჭერს მხარს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სავალუტო ფონდის პირდაპირი მოთხოვნაა, მიხეილ დუნდუას უწყებაში ფიქრობენ, რომ ამით ადგილობრივ წარმოებას დიდი პრობლემა შეექმნება, ამიტომ ახლა ვითარებიდან გამოსავლის გზებზე მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×