"ეს პრობლემები ადრეც არსებობდა და 2019 წელზეც გადავა"
მარი ჩიტაია
25.12.2018

 სავალუტო რყევები, სიღარიბე, უმუშევრობა და ჭარბვალიანობა - ესენია 2018 წლის მთავარი პრობლემა, რომელთა მოგვარებაც ქვეყნის ხელისუფლებამ წელს რეალურად ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ახალი გადაწყვეტილებები ძალაში შევიდა, რეგულაციები საფინანსო სექტორის მიმართ გამკაცრდა, არსებული გამოწვევები დარჩა. საბოლოოდ ამან არჩევნების პირველი ტურის შედეგზე იქონია გავლენა და ქვეყანას არსებული მოვლენები სულ სხვა კუთხით დაანახვა. ჭარბვალიანობასთან ბრძოლის გააქტიურება და ვალების ჩამოწერის გადაწყვეტილებაც არჩევნების შედეგმა განაპირობა.

მართალია, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრს არ ჰგონია, რომ მოსახლეობას უჭირს და ლამის ერთადერთი ადამიანია საქართველოში, ვინც ამ პოზიციას ემიჯნება, მაგრამ რეალურად წლევანდელი გამოწვევა სწორედ სიღარიბესთან ბრძოლაა. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, გაუმჯობესება არ არის და ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება, რაც, გარკვეულწილად, ლარის გაუფასურებას უკავშირდება.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ სიღარიბე ხელისუფლებისათვის კვლავ დარჩება პრობლემად მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც, თუმცა იგი საუბრობს იმაზეც, რომ წელს კარგი ინიციატივებიც გაჩნდა, რასაც წინა წლებში ადგილი არ ჰქონდა.

"ეკონომიკური ზრდა არ შემცირებულა, გარკვეულწილად, შენარჩუნდა იმ დონეზე, რაც იყო წინა წელს. მცირე ზრდაც იყო, მაგრამ არასაკმარისი იმ მიზნებისათვის, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის წინაშე გამოწვევების სახით არსებობს.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ვერ შეჩერდა ლარის დევალვაციის პროცესი და თითქმის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია წლის ბოლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი კიდევ უფრო შემცირდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. გარკვეულწილად, სიღარიბის დონე გაუარესდა კიდეც.

იყო დადებითი მომენტიც, თუნდაც ის, რომ მცირე ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ეს არასაკმარისია. ახალი პრემიერ-მინისტრისაგან გადადგმული ნაბიჯები, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს შეეხება, საგადასახადო შეღავათები გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმია, რომელმაც შედეგი უნდა გამოიღოს. ახალი წლის შემდგომ პერიოდში ეს შედეგი უნდა გამოჩნდეს.

ინვესტიციების რაოდენობა კრიტიკულად არ შემცირებულა, ინტერესი მეტ-ნაკლებად არის და ეს შესამჩნევი იყო. მთლიანობაში რომ შევაფასოთ, ახალი ინიციატივების წელი იყო. მნიშვნელოვანი გახლდათ ერთჯერადი აქტი, რომელიც ვალების ჩამოწერას ეხება და ალბათ, დადებითი ასახვა უნდა ჰპოვოს მოსახლეობაში და, სავარაუდოდ, ეკონომიკაზეც", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ავთო სილაგაძე.

მისი შეფასებით, წლის ყველაზე დიდი პრობლემა ჭარბვალიანობაა, თუმცა რეგულაციების სახით წელს გარკვეული სიგნალი მიიღეს მსხვილმა ბანკებმა, რომ ასეთი მოქმედება, რაც ხდებოდა, აღარ უნდა განმეორდეს.

"საბანკო სექტორის ქმედება ლარის კურსის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენდა, დაუსრულებლად იზრდებოდა დავალიანებებზე პროცენტული შემოსავალი და ამან ქვეყანა დააზარალა. რეგულაციები დაწესდა, თუმცა ჭარბვალიანობა პრობლემად დარჩა შემდეგი წლებისათვისაც. ამ მიმართულებითაც აშკარად გადადგა მთავრობამ ნაბიჯი, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს, მსხვილი ბანკები და მათი ლობისტი, ვინც არ უნდა იყოს, ასე ვერ გააგრძელებს.

მთლიანობაში, გამორჩეული წელი არ არის, ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ. მართალია, მცირე ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ინფლაცია ოფიციალურზე მაღალია და სჯობს, რეალური სტატისტიკა გამოქვეყნდეს.

სახარბიელო ვითარება არ იყო ინვესტიციების თვალსაზრისითაც, შეიმჩნევა ექსპორტის მცირე ზრდა, მაგრამ მატულობს იმპორტიც და ამით უარყოფითი სალდო შეუჩერებლად იზრდება. ამ პრობელმას ვერ ვაგვარებთ.

ეკონომიკური ზრდის ტემპში სხვაობა არ არის, სიღარიბის დონით მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ, სამწუხაროდ, შემცირება არ მომხდარა. გასულ წელსაც იყო დევალვაცია და ახლა ამან თითქმის პიკს მიაღწია, ძალიან რთული წელი გადავაგორეთ", - ამბობს აკადემიკოსი.

ჭარბვალიანობას 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევს ეკონომისტი რამაზ გერლიანი. მისი თქმით, სიღარიბე საკმაოდ დიდი პრობლემაა, რომლის არათუ დაძლევა, შემსუბუქებაც კი ვერ მოხერხდა.

"გამორჩეული წელი არ არის არაფრით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა რიგ კვარტალებში შედარებით მაღალი გვქონდა. ეს თვითკმაყოფილების საშუალებას არ გვაძლევს. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ამოქმედდა ჩინეთთან და ეს გრძელვადიანი პერსპექტივისათვის კარგია, მაგრამ დღემდე რჩება პრობლემად მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება 4,9-5%-ის ფარგლებში, მაგრამ ეს არ არის ინკლუზიური ზრდა და მოსახლეობამდე კეთილდღეობა ვერ აღწევს. ვითარდება მხოლოდ კონკრეტული დარგები.

ლოგიკურია, რომ პრობლემად რჩება ჭარბვალიანობა. მოქალაქეების ნაწილს ვალდებულებები ჩამოეწერება, ეს კარგია, მაგრამ სრულებითაც არ ამსუბუქებს ჭარბვალიანობის მხრივ ქვეყანაში არსებულ ვითარებას. საკმაოდ დიდი პრობლემებია, რომელთა გადაწყვეტის ნება და სურვილი გაცხადებულია, მაგრამ ე.წ. გარდამტეხი მოქმედებები ვერ დავინახეთ წელს. ლოგიკურია, რომ ეს პრობლემები ადრეც არსებობდა და 2019 წელზეც გადავა.

მთლიანობაში, მოსახლეობისათვის ჩვეულებრივი რიგითი წელია, როგორიც ადრე იყო. ე.წ. ტემპერატურის აწევის გამო პრობლემებმა უფრო მკვეთრად იჩინა თავი და ახლა უფრო ნათელი გახდა. თვითონ ხელისუფლების წევრებმაც აღიარეს და, წესით, უნდა იბრძოლონ მათ აღმოსაფხვრელად", - აღნიშნა გერლიანმა.

2018 წელს პოზიტიურად აფასებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანამ არსებულ გამოწვევებს თავი მეტ-ნაკლებად გაართვა.

"ვფიქრობ, არ იყო ცუდი წელი პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად! ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის "ნაციონალური მოძრაობა" და მათი უტიფარი საქციელია. წააგეს არჩევნები და ნელ-ნელა დაწყნარდნენ! რაც შეეხება ეკონომიკურ პროცესებს, მიმაჩნია, რომ ჭარბვალიანობა არის გამოწვევა ქვეყნისათვის. რეგულაციები შემოვიდა, 31 დეკემბრის ჩათვლით, ვალების ნაწილი განულდება და ხალხი აღარ უნდა დაიტვირთოს ახალი ვალებით. რაც ხდებოდა, ამაშიც ეროვნული ბანკის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიუძღვით ბრალი, რადგან სწორედ მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებების გამო დამძიმდა ვითარება.

ბევრმა ადამიანმა, ვინც ახლა საქართველოში არ არის და კარგად ცხოვრობს საზღვარგარეთ, ხელი მოითბო. იმედია, ასეთი პრობლემა ქვეყანაში აღარასოდეს იქნება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სანდრო თვალჭრელიძემ

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×