თამარ შუკვანი
25.12.2018

 საპარლამენტო უმრავლესობამ შესაძლოა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატურები ჩააგდოს. ამაზე მიუთითებს ის განცხადებები, რომელიც ამასთან დაკავშირებით პარლამენტში გაკეთდა.

„ძალიან რთული თემაა, ამას სჭირდება ძალიან ღრმა ანალიზის გაკეთება. როდესაც უვადოდ ნიშნავ მოსამართლეებს, ყველა დეტალი გასათვალისწინებელია. პირველ რიგში საზოგადოების აზრია გასათვალისწინებელი, საზოგადოება კი ამას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს," - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტარმა შოთა ხაბარელმა.

ხაბარელი მიიჩნევს, რომ თითოეული წარდგენილი კანდიდატს პარლამენტმა სიღრმისეულად უნდა გადახედოს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოს.

„ვფიქრობ, რომ თვითონ პარლამენტსაც მოუწევს ამაზე ძალიან სიღრმისეული მსჯელობა იმისათვის, რომ არ დავაზარალოთ და არ დავაზიანოთ საერთო საქმე. სასამართლო არის განმსაზღვრელი ქვეყნის იმიჯის და ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი მოსამართლეები, რომელებიც ხელს შეუწყობენ ქვეყნის წინსვლას.

„ასე მარტივა არ არის საქმე, ამას უნდა სიღრმისეული მსჯელობა. ყველა დეტალი უნდა გავიაროთ თავიდან ბოლომდე. ასე სპონტანურად ამის გადაწყვეტა არ იქნება კარგი. ამას დრო სჭირდება და სიღრმისეულად უნდა იქნას შესწავლილი თითოეული კანდიდატურა," - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას.

შეკითხვაზე, კონრეტულად რომელი კანდიდატის მიმართ არსებობს პრეტენზიები, ხაბარელმა განაცხადა: „საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, გვარებზე არ დავკონკრეტდები, თუმცა ეს ყველასთვის ცნობილია".

პარლამენტისათვის წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ექს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით საქართველოში „სააკაშვილის ეპოქა დაბრუნდება."

„ერთიან პოზიციაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია - პროცედურა, რომლითაც საკითხის განხილვა დაიწყო, არასწორია. ეს პროცესი მაქსიმალური ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნებისმიერი მოსამართლე უნდა სარგებლობდეს მაღალი პროფესიული ავტორიტეტით და უმწიკვლო ბიოგრაფიით.

„ეს ადამიანები მერე განაგებენ სამართალს. ფორმალურად პროცედურა დაცულია, მაგრამ ყველანაირ პროცედურას აქვს სტანდარტი. მაგალითად, ჟურნალისტებს არსად უწერიათ, როგორ უნდა ეჭიროთ მიკროფონი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიკროფონი თავში ჩამარტყათ.

„აქ მოვლენ კანდიდატები და მერე გამოვხატავ ჩემს პოზიციას თითოეულ მათგანზე. უნდა მოხდეს მათი წარდგენა კომიტეტის წინაშე, უნდა შემოგვხედონ თვალებში და გასცენ პასუხები შეკითხვებზე, რომელსაც დავუსვამთ. მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით, დავაბრუნებთ სააკაშვილის ეპოქას," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნული კანდიდატები საბჭომ დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×