„ჩვენ უდიდესი პრობლემა გვაქვს სასამართლოსთან და მოსამართლეებთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში არ დაადგა საშველი, რომ რომელიმე ეპოქაში ოდესმე სასამართლოზე საზოგადოებაში დადებითი განწყობა ყოფილიყოს.
„პრობლემა ის არის, რომ ხდება იმ მოსამართლეების გადანიშვნა, ვინც, უნდოდა თუ არ უნდოდა, 9 წლის განმავლობაში იმ ხელისუფლების დავალებებს ასრულებდა და ფაქტობრივად, ხელს აწერდა ყველაფერს," - აღნიშნავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად 10 კანდიდატურა დასახელა, რომელსაც პარლამენტს წარუდგენენ; ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია მეორე ვადით აირჩიეს - ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე „რეზონანსი" ანალიტიკოსს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
ვახტანგ ძაბირაძე: ამის პატიება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ერთია, როდესაც შენ პატიობ ამას და მეორეა, როდესაც საზოგადოებაშია აზრი, რომ ეს მოსამართლეები ყოველთვის ხელისუფლების მორჩილნი იქნებიან. ისინი სააკაშვილის მორჩილი კი არ იყვნენ, არამედ ხელისუფლების და ესაა პრობლემა.
თუ ჩვენ გვინდა, რომ სასამართლომ საზოგადოება დამოუკიდებელ ორგანოდ აღიქვას, არ შეიძლება ხალხის თავიდან გადანიშვნა. მითუმეტეს, მათი დანიშვნა უვადოდ.
არის საქმეები, სადაც ხელისუფლების ინტერესი იყო. მოსამართლეები იყვნენ, რომელთაც შესაძლოა თავადაც არ უნდოდათ, მაგრამ დათმობაზე წავიდნენ და ხელი მოაწერეს იმას, რომ ხელისუფლების მიმართ ყოფილიყვნენ მორჩილნი. არ შეიძლება ისინი გადაინიშნონ უვადოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სასამართლოს უვადოდ გავწირავთ იმისათვის, რომ მათდამი ნდობა არ იყოს.
„რეზონანსი": თქვენი აზრით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი?
ვ.ძ.: უმრავლესობა მათია და პარლამენტი, ალბათ, დანიშნავს, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც შემდგომში მოვა და მართლაც ენდომება სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, უნდა წავიდეს იმ რისკზე, რომ სასამართლოში რეფორმა გაატაროს და თავიდან მოხდეს დანიშვნა ყველა იმ ადამიანის ან მოსამართლის, ვინ ვერ გადაინიშნა.
„რ": თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. როგორ შეაფასებთ აღნიშნულს?
ვ.ძ.: ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, თუმცა ხელისუფლებამ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, როდესაც ჟვანიას კანდიდატურა წარადგინა ცესკო-ს თავმჯდომარედ. საზოგადოების გარკვეული აზრი ჟვანიას წინააღმდეგაა ჩამოყალიბებული. ამ ქალის მიერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როდესაც ოპოზიცია ორი წელი ამაზე ილაპარაკებს, მის მიერ ჩატარებული არჩევნებისადმი მოსახლეობის ნდობა ნული ტოლი იქნება.
ეს ძალიან სახიფათო სიტუაციას ქმნის ქვეყანაში, სამოქალაქო დაპირისპირებისა არჩევნების შემდეგ. ხელისუფლებას პრობლემები ისედაც არ აკლია. ჯობდა სხვა კანდიდატი მოეყვანათ ჟვანიას მაგივრად.
„რ": საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება ხუთი წლით გახანგრძლივდა. რამდენად რეალურია, რომ ამ ხუთ წელიწადში საქმე გამოიძიონ?
ვ.ძ.: ოჯახი ითხოვდა და გააგრძელდა გამოძიება, რაც სწორი გადწყვეტილებაა. ასეთი განსაკუთრებული საქმეები შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ხუთი წლით გამოძიება გახანგრძლივდა. თუმცა, ამ საქმეში იმდენი და ისეთი ძალებია ჩარეული, რომ მისი გახსნა, ალბათ, ვერ მოხერხდება.