მსახიობი გივი სიხარულიძე პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩადრის, ნიქაბისა და ბურკის ტარება იკრძალება, უარყოფითად აფასებს. მისი შეფასებით, „ჩვენ უზნეო ქვეყანა გავხდით და ასეთმა ქვეყანამ არ შეიძლება მიუთითოს სხვა ქვეყნის შვილებს, როგორ მოიქცნენ“.
„ჩადრჩამოფარებული ქალი მირჩევნია დადიოდეს ქალაქში, ვიდრე ქართველი გოგო ჭიპამდე აწეული კაბით. პირადად მე მაჰმადიან ქალებს მეტ პატივს ვცემ, რადგან მამაკაცების მიმართ უფრო მოკრძალებულნი არიან, ვიდრე ევროპულად ჩაცმული ქალები“, - განაცხადა გივი სიხარულიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.
მისი აზრით, ჩადრით სიარულის აკრძალვა რელიგიურ მრწამსს ეხება და ეს დაუშვებელია, რადგან ძალიან დიდ გაღიზიანებას გამოიწვევს საქართველოში მცხოვრებ მაჰმადიანებში.
„არასწორია მსგავსი კანონპროექტის წარდგენა და ძალიან დიდ გაღიზიანებას გამოიწვევს არა მარტო ქართველ მაჰმადიანებში, არამედ ყველაში. არ უნდა შევეხოთ არავის მრწამსს“, - განაცხადა სიხარულიძემ.
ცნობისათვის, პარლამენტში გუშინ დაიწყო „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელის, დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩადრის, ნიქაბისა და ბურკას ტარებას კრძალავს და ასეთი ქმედებისათვის ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს - პირველ ჯერზე 500 და განმეორებით შემთხვევაზე 1500 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძეა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზეზად დასახელდა, ტურისტების მსგავსი ტანისამოსით ხშირი სიარული, რაც ხელს უშლის პიროვნების იდენტიფიცირებას.
თათია გუცაშვილი