მარი გოცირიძე
26.12.2018

 უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" (სს "ლისი ლეიქ დეველოპმენტმა") 12,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე დიდი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია "თიბისი ბანკის" შვილობილმა საბროკერო კომპანია "თიბისი კაპიტალმა" უზრუნველყო.

როგორც "თიბისი ბანკში" განმარტავენ, ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ფიზიკურმა და იურიდულმა პირებმა, ასევე - ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების მოცულობის უმეტესობა არარეზიდენტებისაგან მოზიდული სრულიად ახალი სახსრებია, რაც საქართველოში შემოსული ახალი საინვესტიციო კაპიტალია.

ობლიგაციები დაილისტება საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც ასევე გულისხმობს, რომ ფასიანი ქაღალდი მომავალში დაშვებული იქნება ფასიანი ქაღადლების საერთაშორისო დეპოზიტარი კომპანია "ქლიარსტრიმის" (Clearstrem Banking S.A8) სისტემაში, რაც ობლიგაციებს ხელმისაწვდომს გახდის საერთაშორისო ინვესტორებისათვისაც.

აღსანიშნავია, რომ "ლისი დეველოპმენტი" პირველი დეველოპერული კომპანია საქართველოს ბაზარზე, რომელმაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი აიღო.

"ლისი დეველოპმენტის" გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ადეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კაპიტალის მზარდი ბაზარი კარგი ალტერნატივაა მომავალში კომპანიების დაფინანსებისათვის.

"კომპანია "ლისი დეველოპმენტი" დაარსების დღიდან ამკვიდრებს საერთაშორისო სტანდარტებს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, იქამდე, სანამ კომპანია განათავსებდა საჯარო ობლიგაციებს, "ლისი დეველოპმენტი" გახდა პირველი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი, რაც გულისხმობს კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობასა და კორპორაციული მმართველობის მაღალ დონეს, ხოლო ინვესტორებისათვის იმის გარანტიაა, რომ კომპანია სწორი გზით განვითარდება.

გარდა ამისა, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში კორპორაციული მართვის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით. ასევე, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორების უმეტესობა, რომლებმაც შეიძინეს ჩვენი ფასიანი ქაღალდები, არარეზიდენტი პირია, რაც დამატებით მოზიდულ ინვესტიციას გულისხმობს ჩვენს ქვეყანაში.

კომპანიის პროექტები აქამდე ფინანსდებოდა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, კერძოდ, აქწ-ის მიერ. ვფიქრობთ, რომ საქართველოს კაპიტალის მზარდი ბაზარი კარგი ალტერნატივა იქნება მომავალში კომპანიების დაფინანსებისათვის", - აღნიშნა ნოდარ ადეიშვილმა.

"თიბისი კაპიტალის" დირექტორ ირაკლი ელაშვილის ინფორმაციით, კაპიტალის ბაზარზე წელს, 2017 წელთან შედარებით, სერიოზული ზრდაა, რითაც დასტურდება, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება.

"თიბისი კაპიტალი" დაეხმარა "ლისი დეველოპმენტს" ობლიგაციების გამოშვებაში და ეს არის კორპორაციულ სეგმენტში 2018 წელს ყველაზე დიდი ტრანზაქცია. ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიების ჩართულობა ამ მიმართულებით. "ლისი დეველოპმენტი" და ბევრი სხვა მსხვილი ემიტენტი მზად არის, წამოვიდეს და მიიღოს წვდომა ალტერნატიული დაფინანსების წყაროზე, თავის მხრივ, ობლიგაციების ბაზარზეც აღინიშნება დიდი აქტიურობა.

"თიბისი კაპიტალის" მეშვეობით უკვე 5 ობლიგაცია განხორციელდა წელს საქართველოს საფონდო ბირჟაზე, აქედან 3 წარმოადგენს კორპორაციას: "თიბისი დეველოპმენტი", "ნიკორა ტრეიდი" და ქართული ლუდის კომპანიის ობლიგაცია, ხოლო დანარჩენი 2 გახლავთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ მოზიდული, ეს არის შავის ზღვის განვითარების ბანკი და FMO, ხოლო ჯამური მოცულობა ამ ობლიგაციებისა გახლავთ 305 მილიონი ლარი, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2017 წელთან შედარებით. კაპიტალის ბაზარი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება და მოხარული ვართ, რომ "თიბისი კაპიტალი" ამ ბაზრის ნაწილია", - აღნიშნა ირაკლი ელაშვილმა.

ობლიგაციები, რომელთა საერთო ძირი თანხა შეადგენს 12,000,000 (თორმეტი მილიონი) აშშ დოლარს, ხოლო დარიცხული პროცენტი - 8%-ს, რომლებიც ვადამოსული ხდება 2021 წლის 17 დეკემბერს, გამოშვებულ იქნა 2018 წლის 17 დეკემბერს, 10,000 (ათი ათასი) აშშ დოლარი ნომინალური ღირებულების ობლიგაციებად და მათი გამოსყიდვა მოხდება 2021 წლის 17 დეკემბერს, მათი ძირი ღირებულებით. ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია ორი მიმართულებით გამოიყენებს: 1) მოზიდული სახსრების ნაწილით დაფინანსდება პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ ბუკნარში; 2) გამოშვებული ობლიგაციების მეორე ნაწილი მოხმარდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 ჰექტარი მიწის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, დასახლების "მწვანე ქალაქი ლისზე" ტერიტორიაზე ვილების მეორე უბნის შემდგომ განაშენიანებას.

"ლისი დეველოპმენტი" არის უძრავი ქონების პრემიუმ სეგმენტის წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ჯგუფის ფარგლებში 350 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2017 წელს კომპანიამ შეიძინა მიწის ნაკვეთი შავი ზღვის სანაპიროზე და გეგმავს მულტიფუნქციური კომპლექსისა და სასტუმროს განვითარებას. 2018 წლის ივლისში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GMBH-მა კომპანიას B+ რეიტინგი მიანიჭა, სტაბილური პერსპექტივით. "ლისი დეველოპმენტი" ერთადერთი კომპანიაა უძრავი ქონების სექტორში საქართველოში, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი.

"თიბისი კაპიტალი" "თიბისი ბანკის" შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს. 2017 წლიდან "თიბისი კაპიტალი" გახდა "თიბისი ბანკის" კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. "თიბისი კაპიტალი" საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

(ბიზნესპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×